ჩეხეთში Covid-19-ის გავრცელების მაჩვენებლის შემცირებასთან ერთად, ქვეყნის მთავრობა პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ამსუბუქებს. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ხუთშაბათს, 23 აპრილს განაცხადა.
Reuters მინისტრზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეზღუდვა მოხსნილია საზღვარგარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით. ამასთან, მოქალაქეებს ქუჩებში თავისუფლად გადაადგილება არააუცილებელ შემთხვევებშიც შეეძლებათ. თუ ამ დრომდე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეკრება მხოლოდ 2 ადამიანს შეეძლო, დღეიდან, 24 აპრილიდან, ეს რიცხვი 10-მდე იზრდება.
ჩეხეთის მთავრობის თანახმად, შეზღუდვები მცირედით შემსუბუქდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართაც, რათა ევროკავშირის სახელმწიფოებში მცხოვრებმა სტუდენტებმა და ბიზნესვიზის მფლობელებმა ქვეყანაში შესვლა მოახერხონ.
მთავრობა ხაზს უსვამს, რომ ყველა იმ ადამიანმა, რომელიც ქვეყანაში დაბრუნდება, Covid-19-ზე ტესტის ნეგატიური პასუხი უნდა წარმოადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ კარანტინში 2 კვირით მოათავსებენ.
შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში, ჩეხეთში მაღაზიების ნაწილი, სპორტდარბაზები და ბიბლიოთეკებიც გაიხსნება.
გასულ კვირას ჩეხეთში Covid-19-ით დაინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევების ზრდის საშუალო მაჩვენებელი 119-მდე დაეცა, რაც აპრილის დასაწყისში დაფიქსირებული მაჩვენებლის ნახევარია. ჯამში, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 7 138 შემთხვევაა რეგისტრირებული. 2 000-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, 210 შემთხვევა კი ფატალურად დასრულდა.