თბილისის მერიის განცხადებით, ზოომაღაზიათა ქსელმა “ზოომარტმა” თანამშრომლების გადაყვანაზე ნებართვა მიიღო.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ კომპანიამ მერიას განცხადებით დღეს, 16:09 საათზე მიმართა და თანხმობა რამდენიმე წუთში, 16:34 საათზე მიიღო.
ამას წინ უძღოდა კომპანიის განცხადება, რომ დაწესებული შეზღუდვების გამო თანამშრომლებს ფეხით უწევდათ გადაადგილება, რადგან შესაბამისმა უწყებებმა მათ არ დაუკმაყოფილეს მოთხოვნა თანამშრომლების ტრანსპორტით გადაყვანაზე, რის გამოც 26 მარტიდან ქსელის ყველა მაღაზიის დაკეტვას გეგმავდნენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით მერიის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი ამბობს, რომ კომპანიამ მერიას ორჯერ, 21-22 აპრილს მიმართა და იმავე დღეს მიიღო პასუხი, რომ მერია ნებართვას არ გასცემს წერილში მითითებული მსუბუქი ავტომანქანების გადაადგილებაზე.
წილოსანის თქმით, კომპანია თანამშრომლების გადაყვანის ნებართვას ავტობუსით ან მიკროავტობუსით არ ითხოვდა, რის გამოც უარი ეთქვათ. მეორედ კი, მისი თქმით, “ზოომარტმა” განცხადება 22 აპრილს შეიტანა შვიდ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელთაგან ერთის ნომერი ბაზაში არ იძებნებოდა, ხუთი კი სედანის ტიპის ავტომობილი იყო, რომელზეც, წილოსანის თქმით, სააგენტო ნებართვას ვერ გასცემდა.
“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა კოომპანია “ზოომარტსაც”, პასუხის მიღების შემდეგ სტატია განახლდება.
ზოომარტი: 26 აპრილიდან ყველა ფილიალი გაურკვეველი ვადით დაიკეტება