ახალი ამბები

ზოომარტი: 26 აპრილიდან ყველა ფილიალი გაურკვეველი ვადით დაიკეტება

23 აპრილი, 2020 • 1403
ზოომარტი: 26 აპრილიდან ყველა ფილიალი გაურკვეველი ვადით დაიკეტება

ზოომაღაზიების ქსელი “ზოომარტი” 26 აპრილიდან გაურკვეველი ვადით მუშაობას წყვეტს. განცხადებას ამის შესახებ თავად კომპანია ავრცელებს და ამბობს, რომ მიზეზი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციოდ დაწესებული შეზღუდვებია.

“ზოომარტში” აცხადებენ, რომ ამ დრომდე არ მიუღიათ შესაბამისი სახელმწიფო უწყებიდან ნებართვა თანამშრომელების კერძო მიკროავტობუსით ტრანსპორტირებაზე, რის გამოც ყოველდღიურად 10 კილომეტრზე მეტი მანძილის დაფარვა ფეხით უწევთ.

კომპანიის გნაცხადებით, ანალოგიური ვითარებაა ინტერნეტ გაყიდვებთანაც და მათ არ ეძლევათ საშვი, რომ შეკვეთები მომხმარებლებს საკურიერო სერვისით მიუტანონ:

“გვესმის, რომ ქვეყანაში შექმნილია რთული ვითარება, სახელმწიფო დგას უამრავი გამოწვევების წინაშე და ჩვენი პრობლემები შესაძლოა არცთუ ისე პრიორიტეტულია. თუმცა, დამატებითი ბარიერების ფონზე, ჩვენთვის ასეთ რეჟიმში შეუძლებელი ხდება ფუნქციონირება და ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობას ვერ დავაყენებთ საფრთხის ქვეშ. წვიმიან ამინდში ფეხით გადაადგილების გამო რამდენიმე მათგანს უკვე აღენიშნება მაღალი ტემპერატურა და დღეიდანვე შესაძლოა რამდენიმე ფილიალი ვერ გაიხსნას”, – აცხადებენ კომპანიაში.

მათი თქმით, კომპანიას არ აქვს არანაირი ფინანსური პრობლემა და არ მომხდარა კადრების ან ხელფასების შემცირება, ასევე, გადაიხადეს ყველა გადასახადი:

“იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს მომავალში შესაბამისი სამთავრობო უწყებები – თბილისის მერია / Tbilisi City Hall , ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – შეძლებენ და მოგვაქცევენ ყურადღებას, რომ ახლო მომავალში კვლავ შევძლოთ თქვენი მომსახურება”, – აცხადებენ კომპანიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი