თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგზის ცერცვაძის თქმით, გორის ჰოსპიტალში გაეცნო კორონავირუსის მკურნალობის ინოვაციურ მეთოდს.
ეს მეთოდი გულისხმობს კომორბიდული დაავადებების სპეციალურ ჯგუფს ანუ მედიკოსთა იმ ნაკრებს, რომლებიც ნევროლოგიური, გულის და იმ სხვა დაავადებების მართვაში სპეციალიზირდებიან, რომელთათვისაც COVID-19 დამატებით რისკად მიიჩნევა.
ცერცვაძე გორის ჰოსპიტალის მეთოდს შემდგნაირად აღწერს:
„ჩემთვის სასიამოვნო აღმოჩენა გავაკეთე, პირველად ვნახე, ჩვენს კლინიკაშიც კი არ გვაქვს… როდესც დავბრუნდები, ინიციატივით გამოვალ, რომ ყველა კოვიდის კლინიკამ ეს გააკეთოს: ამ ჰოსპიტალში შექმნილია, როგორც მითხრეს, თერაპიული მიმართულების კურატორის, ნინო ჭუმბურიძის ინიციატივით, კომორბიდული დაავადებების ჯგუფი – ანუ კოვიდის თანმხლები დაავადებების.
ეს ძალიან სერიოზული ინოვაციაა. თქვენ კარგად იცით, ვინ არის კოვიდის დროს განსაკუთრებული რისკის ქვეშ. სიკვდილიანობის შემთხვევები ძალიან მაღალი სწორედ ხანდაზმულ ადამიანებს შორის არის და ამ ასაკის ადამიანებში, როგორც წესი, ბევრია კომორბიდული დაავადებების შემთხვევები, მხედველობაში მაქვს არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ნევროლოგიური დაავადებები, გულის უკმარისობა, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, თირკლმის ქრონიკული დაავადებები – რომლებიც შემთხვევათა უმრავლესობაში ხდება სიკვდილის მიზეზი.
არა თვითონ კოვიდი, არამედ კომორბიდული დაავადებები კლავს კოვიდით ავადმყოფებს და ეს ინიციატივა, რომ კომორბიდული დაავადებების ჯგუფი შეიქმნას… თუ ეს ინიციატივა წარმატებული იქნება, მე შევეცდები, ამისთვის ყველაფერი გავაკეთოთ – ეს იქნება ახალი სიტყვა ამ დაავადების მკურნალობაში“, – ამბობს ცერცვაძე.
23 აპრილის 18:00 საათის მონაცემების თანახმად, საქართველოში კორონავირუსის 420 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 111 გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 გარდაიცვალა.