ახალი ამბები

ორი მოქალაქე კარანტინში 8 დღის განმავლობაში პროტესტის ნიშნად შიმშილობდა – საია

23 აპრილი, 2020 •
ორი მოქალაქე კარანტინში 8 დღის განმავლობაში პროტესტის ნიშნად შიმშილობდა – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, თბილისის ერთ-ერთ საკარანტინო ზონაში მოთავსებული ორი პირი 8 დღის განმავლობაში პროტესტის ნიშნად შიმშილობდა.

საიას ცნობით, შოთა და ირაკლი გურეშიძეები საქართველოში 14 აპრილს ჩამოფრინდნენ და ჩამოფრენისთანავე თბილისში მოწყობილ ერთ-ერთ საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. ვინაიდან მათ ჰქონდათ თვითიზოლაციისთვის სათანადო საცხოვრებელი სახლი, მომდევნო დღეს შესაბამის პირებს აცნობეს, რომ სურდათ საკარანტინო პერიოდის თვითიზოლაციაში გატარება, რაც, საიას შეფასებით, დაუსაბუთებლად არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულმა გურეშიძეების პროტესტი გამოიწვია და კარანტინში დარჩენასთან დაკავშირებულ თანხმობის დოკუმენტზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადეს, რაც პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნიეს და 3 000-3 000 ლარით დააჯარიმეს. მომხდარის გამო ირაკლი და შოთა გურეშიძეებმა შიმშილობა დაიწყეს, რომლის შეწყვეტაც 8 დღის შემდეგ მოუწიათ ჯანმრთელობის გაუარესების გამო.

გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული პირები არ ეთანხმებოდნენ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საკარანტინო ზონაში მოთავსებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, შესაბამის უწყებებს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს.

საიას ინფორმაციით, იმის გათვალისწინებით, რომ მათ არ აქვთ საკარანტინო ზონის დატოვების უფლება, საჩივარი გაგზავნეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალურ მეილზე, ასევე, facebook-ის ოფიციალურ გვერდებზე. თუმცა მათთვის დღემდე უცნობია, რა რეაგირება მოჰყვა წარდგენილ საჩივრებს. ისინი ვერც ოფიციალურ ცხელ ხაზზე ახერხებენ დაკავშირებას და სათანადო დასაბუთების მიღებას.

საია შსს-სა და ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, საკითხის სპეციფიკის გათვალისწინებით, 14-დღიანი საკარანტინო ვადის ამოწურვამდე უზრუნველყონ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა და შესაბამისი შედეგების თაობაზე განმცხადებლების ინფორმირება.

მასალების გადაბეჭდვის წესი