ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, სკოტ მორისონის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ყველა წევრმა მხარი უნდა დაუჭიროს კორონავირუსის პანდემიის წარმოშობა-გავრცელების და ორგანიზაციის რეაგირების დამოუკიდებელ გამოძიებას. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, ავსტრალია ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიტიკოსია პეკინის მიერ კორონავირუსის გავრცელების მართვისა და WHO-ს რეაგირების საკითხში.
მორისონის განცხადებით, ავსტრალია გამოძიების ჩატარების საკითხს 17 მაისს, WHO-ს ასამბლეაზე დააყენებს.
„ჩვენ გვინდა, რომ მსოფლიო უფრო უსაფრთხო იყოს, როცა საქმე ვირუსებს ეხება… იმედი მაქვს, რომ ნებისმიერი ქვეყანა, იქნება ეს ჩინეთი თუ სხვა, გაიზიარებს ამ სურვილს“, — აცხადებს მორისონი.
„როიტერსის“ ცნობით, პეკინი გამოძიების ჩატარების იდეას „აშშ-ის მიერ ჩინეთის წინააღმდეგ წარმოებული პროპაგანდის ნაწილს უწოდებს“.
„ე.წ. დამოუკიდებელი გამოძიება, რომელსაც ავსტრალია გვთავაზობს, რეალურად პოლიტიკური მანიპულაციაა“, — აცხადებს ჩინეთის საგარეო უწყების პრეს-სპიკერი.
ამასთან ერთად, 23 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ჩინეთი WHO-ს დამატებით გამოუყოფს 30 მილიონ დოლარს.
აშშ-ის არაერთი ოფიციალური წარმომადგენელი, კონგრესის თუ მთავრობის წევრი, მიიჩნევს, რომ ჩინეთმა და WHO-მ კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია დამალეს. მათ შორის არიან დონალდ ტრამპი, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, აშშ-ის კორონავირუსთან ბრძოლის შტაბის ერთ-ერთი ლიდერი ენტონი ფაუჩი და ა.შ. WHO-ს მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი იაპონიაც.
გარეკანის ფოტოზე: სკოტ მორისონი. ფოტო: EPA
ამავე თემაზე გირჩევთ: