“გირჩის” ლიდერ ზურა ჯაფარიძეს საგანგებო მდგომაროების გაუქმების მოთხოვნით აქციის ორგანიზების გამო პოლიცია 3 000 ლარით აჯარიმებს, აქციის სხვა მონაწილეები კი განყოფილებაში გადაჰყავთ.
როგორც ადგილზე შსს-ს წარმომადგენლემა ჟურნალისტებს უთხრა, აქციის მონაწილეები განყოფილებაში მათი იდენტფიცირების მიზნით გადაჰყავთ, ჯაფარიძეს კი ჯარიმა საგანგებო მდგომაროების წესების დარღვევისთვის დააკისრეს.
აქციის ორგანიზატორია გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას ითხოვს. ზურაბ ჯაფარიძის მიმართვაში, რომელიც აქციის ანონსის სახით გავრცელდა ფეისბუკზე, ვკითხულობთ:
“საგანგებო მდგომარეობა გააგრძელეს 22 მაისამდე.
არავის აუხსნია, რა კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა და რა კონკრეტული შედეგები მოიტანა ბლოკპოსტებმა სამხედროებით, ასობით ათასი ადამიანისთვის სიცხის გაზომვამ, ქუჩების საპნიანი წყლით რეცხვამ, რაიონების ჩაკეტვამ, საკომენდანტო საათმა, მანქანაში ჯდომის წესებმა, ბაზრების დაკეტვამ, ბიზნესების გაჩერებამ, სავალუტო ჯიხურების დახურვამ, მილიონობით ჯარიმებმა და სხვა.
არავის აუხსნია, რას ველოდებით 21 მაისს. იმის გათვალისწინებით, რომ მაისის მეორე ნახევრისთვის არც ვაქცინა იქნება, არც წამალი, არც პოპულაციური იმუნინეტის გამომუშავება მოხდება, დადასტურებით შეიძლება მხოლოდ ერთი რამის მტკიცება – ვიქნებით პრინციპულად იგივე რეალობაში, როგორშიც ვართ დღეს.
შესაბამისად, ხელისუფლებას არაფერი შეუშლის ხელს, რომ საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთხელ გააგრძელოს პრეზიდენტის მწუხარე სახის და საპარლამენტო უმრავლესობის ტაშის თანხლებით.
ჩემი აზრით, ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო პანდემიასთან ბრძოლასთან და ოცნებას: 1. გაუტკბა ძალაუფლებით თამაში 2. სურს გააგრძელოს დაპანიკებული მოსახლეობის შიშებზე თამაში და ეპიდემიასთან წარმატებული ბრძოლის სურათის პოლიტიკურ დივიდენდებად თარგმნა.
და ამას აკეთებს ისედაც ჩამოშლილი ეკონომიკის კიდევ უფრო ჩამოშლის ხარჯზე. ადამიანებმა დაკარგეს შემოსავლები, ვეღარ იხდიან სესხებს, არავინ ეუბნება, როდის შეიძლება დამთავრდეს ეს ჯოჯოხეთი, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს უკვე დღეს უდგას არსებობის პრობლემა.
ამავე დროს აკრძალულია პროტესტი, შეკრება-მანიფესტაცია, სამზე მეტი ადამიანის ერთად დგომაც კი. სრული კარტბლანში აქვთ გაერთონ, სადამდეც საშუალებას მისცემს დაპანიკებული მოსახლეობა.
მე არ მჯერა, რომ უბრალოდ სახლში ჯდომით და სოციალურ ქსელში წუხილით ხელისუფლება რამეს შეისმენს. ერთადერთი, რის წინაშეც უკან იხევენ, ხალხის რაოდენობაა, ოღონდ ხალხის რაოდენობა გარეთ და არა ნეტში. შესაბამისად, ვაპირებ პროტესტის გარეთ გამოხატვას. რადგან პროტესტი ზოგადად აკრძალულია, ისევე, როგორც შეკრება-მანიფესტაცია, პროტესტს გამოვხატავ იპოდრომზე.
ერთგვარი სამკურნალო პროტესტი იქნება – სუფთა ჰაერი და მზის სხივები კლავს ვირუსს და აძლიერებს იმუნურ სისტემას. ყველას, ვინც ფიქრობთ, რომ გასაპროტესტებელია ის, რაც ხდება, შეგიძლიათ შემომიერთდეთ 23 აპრილს, 14:00 საათზე, ძველ იპოდრომზე. თან გააპროტესტებთ, თან გაისეირნებთ, თან გაჯანსაღდებით. დისტანციას დავიცავთ.
დილით წვიმაა, ამიტომ შეიძლება ცოტა სისველე იყოს, მაგრამ ჰაერი იქნება სუფთა. თუ პოლიციელი დაინტერესდება თქვენით, უბრალოდ, სეირნობთ იპოდრომზე. შესაბამისად, ვერ დაგაჯარიმებენ საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის.
ერთადერთი, ვინც შეიძლება დააჯარიმონ, მე ვარ, როგორც ამ აქციის ორგანიზატორი”, – ნათქვამია ჯაფარიძის განცხადებაში.
საგანგებო მდგომარეობის წესებით აკრძაულია მანიფესტაციების გამართვა. ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 3 ათასი ლარია, იურიდიული პირი კი 15 ათასი ლარით შეიძლება დააჯარიმონ.