ახალი ამბები

ამნისტია არ განიხილება – ოხანაშვილი ჯარიმებზე საგანგებო მდგომარეობისას

23 აპრილი, 2020 • 1132
ამნისტია არ განიხილება – ოხანაშვილი ჯარიმებზე საგანგებო მდგომარეობისას

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ დღის წესრიგში არ დგას „ამნისტიის გამოცემა“ იმ მოქალაქეებისთვის, ვინც საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის რეჟიმი დაარღვიეს და დაჯარიმდნენ.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაა დაწესებული – ფიზიკური პირი ჯარიმდება 3,000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 15 000 ლარით.

„ეს სანქციები არის სრულად პროპორციული, ვინაიდან ამ პასუხისმგებლობის მთავარი მიზანია, დავიცვათ ჩვენი საზოგადოება და მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე“, – განუცხადა ანრი ოხანაშვილმა 23 აპრილს ჟურნალისტებს.

მან თქვა, რომ მართალია, ეს პარლამენტის პრეროგატივას წარმოადგენს, თუმცა „არანაირი ამნისტია ამ ეტაპზე არ განიხილება“:

„არ დგას დღის წესრიგში არანაირი ამნისტიის გამოცემა იმ პირების მიერ ჩადენილი ქმედებიბისთვის, რომლებმაც დაარღვიეს საგანგებო ან საომარი რეჟიმი, ან კარანტინის და იზოლაციის წესი საგანგებო და საომარი რეჟმის დროს და ამით საფრთხე შეუქმნეს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პარლამენტარმა.

„თუ ოპოზიცია იმას გვეუბნება, რომ ჩვენ პასუხი არ უნდა მოვთხოვოთ მათ, ვინც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნიან, ეს მათი უპასუხიმსგებლო განცხადებაა“, – თქვა მან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურად ავრცელებს ინფორმაციას საგანგებო მდგომარეობის და კარანტინის წესების დარღვევებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც დღიურად 100-ზე მეტი დარღვევა მაინც ვლინდება ხოლმე.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/265897/

მასალების გადაბეჭდვის წესი