ახალი ამბები

აშშ-ში Covid-19-ს მსხვერპლი იმაზე ადრე მოჰყვა, ვიდრე ვარაუდობდნენ

23 აპრილი, 2020 •
აშშ-ში Covid-19-ს მსხვერპლი იმაზე ადრე მოჰყვა, ვიდრე ვარაუდობდნენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში Covid-19-ს პირველი მსხვერპლი იმაზე ადრე მოჰყვა, ვიდრე ამას აქამდე ვარაუდობდნენ. აღნიშნული ფაქტი ნათელი გახდა მას შემდეგ, რაც აუტოფსიით დადასტურდა, რომ  კალიფორნიის ოლქ სანტა-კლარაში 6 და 17 თებერვალს დაღუპული ორი ადამიანი ახალი კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

Washington Post-ის თანახმად, 29 თებერვალს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ვირუსმა შტატებში პირველი ადამიანი წინა დღით, 28 თებერვალს იმსხვერპლა და ეს სიეტლის ერთ-ერთ უბანში მოხდა. მოგვიანებით, ჯანდაცვის სექტორის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ვირუსთან დაკავშირებული პირველი ფატალური შემთხვევები ქვეყანაში მანამდე, 26 თებერვალს დაფიქსირდა. სანტა-კლარას შემთხვევა ვადებს ბევრად უკან სწევს.

“ის ფაქტი, რომ Covid-19-თან დაკავშირებული გარდაცვალება თებერვლის დასაწყისში დაფიქსირდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს, რომ ვირუსი აქ გაცილებით მეტი ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა, ვიდრე იქამდე იყო გაანალიზებული”, – აღნიშნავს გამოცემასთან საუბრისას ჯეფ სმიტი, ექიმი თერაპევტი და სანტა-კლარას ოლქის ხელმძღვანელი.

ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, რა გზით დაინფიცირდნენ პირველი გარდაცვლილები ვირუსით, თუმცა ოლქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიცერი სარა კოდი აღნიშნავს, რომ განიხილება საზოგადოებრივი კონტაქტის ვარიანტი. მისი თქმით, მიმდინარეობს მოკვლევა, თუმცა ამ ეტაპზე დაღუპულთა შემთხვევაში მოგზაურობის ისტორია არ იკვეთება.

ამასთან,  კოდი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ტესტების საჭიროებას და პრობლემებს, რომლებიც მათ ნაკლებობასთანაა დაკავშირებული.

“გვქონდა ძალიან არაკომფორტული განცდა, რომ ჩვენ ვკარგავდით შემთხვევებს, რადგან არ გვქონდა ტესტები მათ დასადასტურებლად. ეს მიგვანიშნეს, რომ დიახ, ჩვენ მართლაც ვკარგავდით ამ შემთხვევებს”, – აღნიშნავს ის.

სანტა-კლარას ოლქი ერთ-ერთი პირველი იყო აშშ-ში, რომელმაც სწრაფი ზომები მიიღო ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად და ხალხს სახლებში დარჩენისაკენ მოუწოდა. სარა კოდი აღნიშნავს, რომ ახალი შედეგები აღნიშნული ნაბიჯების სისწორეზე მიანიშნებს.

აშშ Covid-19-ის დადასტურებულ შემთხვევათა ოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ჯამში, დადასტურებულია 800 000-ზე მეტი შემთხვევა, დაღუპულთა რიცხვი კი 47 000-ს აღწევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი