დღეს, 22 აპრილს, სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაციის გენერალური რეპეტიცია გაიმართა, რომელშიც დუბლიორები მონაწილეობდნენ.
რეპეტიციაზე დუბლიორმა, ადმინისტრაციის თანამშრომელმა, ბესლან შინკუბამ შეასრულა ასევე, პრეზიდენტის როლი.

ფოტო: ნეტგაზეთი
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, აფხაზეთში გადაწყვიტეს, რომ ინაუგურაციას შეზღუდული რაოდენობის, 60-65 ადამიანი დაესწრება. ესენი იქნებიან ძირითადად მოსამართლეები და დეპუტატები, ასევე, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ელჩები.
“ჩემთვის ეს ინაუგურაცია საშუალებაცაა, თვითიზოლაციას გავექცე და გარეთ გამოვიდე”, – ამბობს მადინა არგუნი, აფხაზეთის დრამატული თეატრის რეჟისორი და ინაუგურაციის ცერემონიის დამდგმელი.
აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, 22 მარტს გაიმართა. არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა.