ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ვირუსების არ გვეშინია” – ხალხმრავალი დე ფაქტო არჩევნები აფხაზეთში [ფოტორეპორტაჟი]

22 მარტი, 2020 • 1719
“ვირუსების არ გვეშინია” – ხალხმრავალი დე ფაქტო არჩევნები აფხაზეთში [ფოტორეპორტაჟი]

ფოტო: მარიანა კოტოვა სოხუმიდან


აფხაზეთის დე ფაქტო განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც დღეს, 22 მარტს გაიმართა, ხალხმრავლობით გამოირჩეოდა. აქტივობამ დაახლოებით 70% [91 ათასზე მეტი ამომრჩეველი] შეადგინა. უბნებთან შეკრებილი ამომრჩეველი ამბობდა, რომ “ვირუსების არ ეშინიათ”.

ყველაზე მაღალი აქტიურობით ამჟამადაც გალის რაიონის გამოირჩეოდა – 68% [813 ადამიანი] [გალში აფხაზური პასპორტები მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს ].

COVID-19-ის საფრთხის მიუხედავად, ამომრჩეველი საარჩევნო უბნებზე ძირითადად ნიღბების გარეშე მივიდა. უბნების შესასვლელებთან გამოკრული იყო გამაფრთხილებელი პლაკატები. ასევე უბნების შესასვლელებთან ამომრჩეველს ანტისეპტიკური ხსნარები დახვდა. კომისიის წევრები ხელთათმანებით მუშაობდნენ.

 

არჩევნები განმეორებით მას შემდეგ დაინიშნა, რაც 2019 წლის შემოდგომით ჩატარებული არჩევნები, სადაც რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა, არაკანონიერად ცნეს. არჩევნების განმეორებით დანიშვნას ოპოზიციის აქციები და სამთავრობო შენობების შტურმით  აღება უძღოდა წინ.
დღევანდელ არჩევნებში რაულ ხაჯიმბა აღარ მონაწილეობდა. აფხაზეთში პრეზიდენტობის სურვილი ამჯერად გამოთქვა მხოლოდ სამმა კანდიდატმა, ასლან ბჟანიამ, ადგურ არძინბამ და ლენიდ ძიაპშიპამ.

მთავარ ოპოზიციურ კანდიდატად ასლან ბჟანია მიიჩნევა, რომელმაც წინა არჩევნების დროს ჯანმრთელობის პრობლემის გამო მონაწილეობა ვერ მიიღო. განმეორებით არჩევნებს სწორედ მისი მხარდამჭერების აქტიური მოქმედებების შედეგად მიაღწიეს.

COVID-19-ის გავრცელების საფრთხის გამო, აფხაზეთში არჩევნებს პირველად ვერ დაესწრნენ რუსი დელეგატები, რომლებიც, როგორც წესი, არჩევნებზე დამკვირვებლებად ჩამოდიოდნენ. სოხუმის ცნობით, ადგილზე შეზღუდული რაოდენობის საერთაშორისო დამკვირვებლები იყვნენ, მათ შორის, აფხაზეთში რუსეთის საელჩოს წარმომადგენლები და დელეგატები ცხინვალიდან.

დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებამდე, აფხაზეთში ბოლო დღეებში კანდიდატებთან ხალხმრავალი შეხვედრებიც გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი