როგორ უნდა მოიქცეს სოფლად მყოფი მოქალაქე, რომელსაც საკვების მარაგი არ აქვს, უახლოეს მაღაზიამდე კი დიდი მანძილია? აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთი მოქალაქე წერს სოციალურ ქსელში მას შემდეგ, რაც ავტომანქანებით გადაადგილების შეზღუდვა ქვეყნის მასშტაბით 27 აპრილამდე გახანგრძლივდა. ასეთი მოქალაქეები Covid-19-თან დაკავშირებით ამოქმედებულ საერთო ცხელ ხაზზე(144) რეკავენ, თუმცა სახელმწიფო ამბობს, რომ მსგავსი პრობლემები ადგილობრივ დონეზე წყდება.
მთავრობის 22 აპრილის გადაწყვეტილების თანახმად, 27 აპრილამდე საქართველოს რეგიონებში დილის 6:00-8:00 საათამდე და საღამოს 18:00-19:00-მდე მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებას დაუშვებენ, თუმცა, მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით. შესაბამისად, ადამიანები, რომელთაც, მაგალითად, პროდუქტის ყიდვა სურთ, ამ გამონაკლისით ვერ ისარგებლებენ.
ხატია ახალაია, რომელიც “ნეტგაზეთს” მსგავსი პრობლემის შესახებ ესაუბრა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფება. ის იქ თბილისიდან 1 კვირის წინ ჩავიდა. მისი თქმით, უახლოესი მაღაზია, სადაც პროდუქტების მომარაგება შეიძლება, კილომეტრების დაშორებით მდებარეობს, რაც პრობლემაა არა მხოლოდ მისთვის, არამედ სხვა ოჯახებისთვისაც.
“აქ არის ძალიან ბევრი ოჯახი ჩამოსული თბილისიდან, ბავშვებით. მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვამდე რამდენიმე დღის პროდუქტი გვქონდა ნაყიდი და გუშინდლამდე ველოდით მის დასრულებას, რომ წავსულიყავით. უახლოესი მაღაზია 16 კილომეტრის აქეთ არ არის, პროდუქტს ამაზე ახლო მანძილზე ვერ შეიძენ”, – აღნიშნავს ის “ნეტგაზეთთან” საუბრისას და ამატებს:
“გაზაფხულია, მოსავალიც არ არის სოფელში, რომ ადგილობრივი პროდუქტი ჭამო და თავი გაიტანო. ცხოვრობს ძალიან ბევრი მარტოხელა ადამიანი, რომელთაც მომკითხავი არ ჰყავთ”.
ხატია ახალაიას თქმით, საერთო ცხელ ხაზთან დაკავშირება არაერთხელ სცადა, თუმცა, უშედეგოდ.
ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი სტეფანწმინდის რაიონის სოფელ სიონში ავტომობილებით მოძრაობის აკრძალვის წინა დღეს წავიდა. ამბობს, რომ კარანტინის პირობებში მთაში ყოფნა უფრო ოპტიმალურად მიიჩნია, ვიდრე თბილისში, ოთხ კედელს შორის. თუმცა აკრძალვის გახანგრძლივების შემდეგ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
“გადადგილების აკრძალვის დღეს 5-6 დღის რაღაცები[საკვები] ვიყიდე, ეს მარაგი კი უკვე გამითავდა”, – აცხადებს ის.
“ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის პრობლემის გამო მუდმივ დიეტაზე უწევს ყოფნა, რაც ვითარებას ართულებს:
“პატარა მაღაზია არის სოფელში, მაგრამ, მოგეხსენებათ, სოფლის პატარა მაღაზიებში დიდი არჩევანი არ არის, რომ რაღაც იყიდო ადამიანმა, მით უმეტეს, მაშინ, როცა კუჭის პრობლემები გაქვს”.
ასეთივე პრობლემა აქვს ცირა კობეშავიძეს, რომელიც შვილთან ერთად დუშეთის რაიონის სოფელ ახატანში იმყოფება. მისი თქმით, დაუკავშირდა ახლომდებარე მაღაზიას, სადაც უთხრეს, რომ პროდუქტი არ აქვთ, ხოლო მომდევნო, შედარებით დიდი მარკეტი სოფლისგან მოშორებითაა.
“დამიობდა პური, რძის ნაწარამსაც ვადა გაუვიდა. ბურღულეულისა და მსგავსი პროდუქტების მარაგი მაქვს, მაგრამ რაც აუცილებელია და რაც მჭირდება, აღარაფერი მაქვს. მათ შორის, პური და წყალი, რაც მთავარია”, – ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.
ცირა კობეშავიძის თქმით, არაერთგზის, უშედეგოდ სცადა საერთო ცხელ ხაზთან დაკავშირება, რის შემდეგაც, მეგობრის რჩევით, ადგილობრივ ადმინისტრაციულ ერთეულებს მიმართა, ბოლოს კი ჭოპორტში (სოფელი ახატანი ჭოპორტის თემს განეკუთვნება) დუშეთის მერის წარმომადგენელთან გადაამისამართეს. მისი თქმით, მერის წარმომადგენელმა სატელეფონო საუბრისას განუმარტა, რომ თავად დაჰყავს მოქალაქეები მაღაზიებში და ცირა კობეშავიძის შემთხვევაშიც ასე მოხდება.
აღნიშნულ საკითხზე სამეგრელო ზემო-სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ, დღეს, 22 აპრილს, ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, მსგავსი პრობლემების გადასაწყვეტად მოქალაქეებმა სწორედ სოფლის რწმუნებულებსა და მაჟორიტარებს უნდა მიმართონ.
“ყველა ის პრობლემა, რომელიც მათ აწუხებთ, სოფლებში განსაკუთრებით, მიმართონ სოფლის რწმუნებულებსა და მაჟორიტარებს. მათ აქვთ გადაადგილების საშუალება. მათ აქვთ იმის საშუალება, რომ ყველა იმ მოქალაქის პრობლემა, რომლებიც ცხოვრობენ სოფლად და სჭირდებათ, მაგალითად, გადაადგილება წამლების შესაძენად… ყველა ასეთი პრობლემა იმართება სოფლის რწმუნებულებისა და მაჟორიტარების მეშვეობით”, – აღნიშნა მან.
ყაზბეგის მერიას დღეს მიმართა “ნეტგაზეთის” კიდევ ერთმა რესპონდენტმა, ალექსანდრე ბაგრატიონ- დავითაშვილმა. მასაც უთხრეს, რომ მაღაზიამდე თავად მიიყვანენ.
ხატია ახალაიას თქმით კი, რომელსაც ჩხოროწყუს მერი მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც “ნეტგაზეთმა”მისი პრობლემის შესახებ სამინისტროს აცნობა, აღნიშნული სერვისის შესახებ მანამდე არ სმენოდა. ახალაია აღნიშნავს, რომ ინფორმაციის პრობლემა სოფელში მცხოვრებ სხვა ოჯახებსაც აქვთ.
“ნეტგაზეთი” დევნილთა და განსახლების სამინისტროსგან ოფიციალური კომენტარის მიღებას შეეცადა სერვისებთან დაკავშირებით სოფლად მყოფი მოქალაქეებისათვის. გვსურდა, პასუხისმგებელ პირს უშუალოდ აეხსნა, ვის შეიძლება მიმართოს მოქალაქემ, რომელიც ზემოთ ნახსენებ ან მსგავს პრობლემებს აწყდება; ასევე, კონკრეტულად, რას სთავაზობს მათ სახელმწიფო. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, უწყებიდან ოფიციალური კომენტარი არ მოუწოდებიათ. გვითხრეს მხოლოდ ის, რომ მოქალაქეებმა ასეთ შემთხვევაში მერიებს უნდა მიმართონ და მათ ეს ისედაც იციან, აღნიშნულზე პასუხისმგებელი უწყებები კი შეუფერხებლად მუშაობენ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა, საავტომობილო გადაადგილების აკრძალვა კი ძალაში შევიდა 17 აპრილიდან. ეს აკრძალვა, მთავრობის გადაწყვეტილებით, 22 აპრილს უნდა შეჩერებულიყო. თუმცა, გუშინ, 21 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ შეზღუდვა 27 აპრილამდე გასტანს, საგანგებო მდგომარეობა კი 22 მაისამდე გაგრძელდება.