ახალი ამბები

მიტანის სერვისი ავტომობილითაც დასაშვებია – მთავრობა

22 აპრილი, 2020 • 1350
მიტანის სერვისი ავტომობილითაც დასაშვებია – მთავრობა

მიტანის სერვისის განხორციელებისას კომპანიებს შეუძლიათ ავტომანქანებითაც ისარგებლონ. ამის შესახებ ინფორმაციას კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოში ადასტურებენ.

დღეს, 22 აპრილს, კომპანია “გლოვომ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიტანის სერვისის განხორციელებისას, 22 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით, კომპანიებს ავტომანქანებით გადაადგილება ეზღუდებოდათ. კომპანიის ცნობით, აღნიშნული აკრძალვის შედეგად მათთან დასაქმებული კურიერების 30% ვერ შეძლებდა მომსახურების განხორციელებას. ამასთან, “გლოვოს” განმარტებით, აკრძალვის შედეგად კომპანია მომსახურებას სრულად წყვეტს ქუთაისში, ხოლო დანარჩენ ქალაქებში პროდუქტის მიწოდების დრო საგრძნობლად გაიზრდება.

საქართველოში ავტომობილით გადაადგილება აკრძალულია 27 აპრილამდე მცირე გამონაკლისების გარდა. მაგალითად, რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას ავტომობილით მოძრაობა შეუძლია დილის 6-დან 8 საათამდე, ასევე, საღამოდ 6-დან 7 საათამდე. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მთავრობის ცხელ ხაზს, ნომერზე 144, ან ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მერიებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი