”სუფრაჟისტის” ლონდონური პრემიერა ფემინისტების პროტესტის ფონზე

The Guardian-ის ცნობით, 7 ოქტომბერს ლონდონის ცენტრში ფილმ “სუფრაჟისტის” პრემიერამ ხმაურიანად ჩაიარა. ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, ათასზე მეტი ფემინისტი პროტესტანტი ქალი ბარიერებს გადაახტა და წითელ ხალიჩაზე გადავიდა.

როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, ქალების გასაძევებლად ფიზიკური ძალა გამოიყენეს. ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლმა აქტივისტებმა წითელ ხალიჩაზე გადასვლისას განაცხადეს, რომ “ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა”.

 

მომხდართან დაკავშირებით იქ მყოფმა მსახიობებმაც გააკეთეს კომენტარები. ფილმ ”სუფრაჟისტის” მსახიობმა, ჰელენა კარტერმა “სქაი ნიუსთან” საუბრისას განაცხადა, რომ ძალიან უხარია, რომ მათმა ფილმმა რაღაც გააკეთა. მისი თქმით, ფილმი ზუსტად ამისთვის შეიქმნა და პროტესტი იდეალური პასუხი იყო.

 

ინციდენტთან დაკავშირებით ასევე ქერი მულიგანმაც ისაუბრა, რომელიც ფილმში სუფრაჟისტის როლს ასრულებს:

 

“საბედნიეროდ, ეს ფილმი ყველასთვის ინსპირაცია იქნება სამყაროს ხედვასთანდაკავშირებით. ჩვენ – კაცები და ქალები – დაუბალანსებელი საზოგადოება ვართ და ასეთი ფილმები კიდევ ერთი მოტივაციაა იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ, როგორ გამოვასწოროთ ეს დისბალანსი.”

 

თავიანთი მოსაზრება პროტესტანტებმაც დააფიქსირეს. “ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ქალი, რომელსაც უწევს ოჯახური ძალადობის ატანა, უნდა იყოს დაცული. მთავრობა არ იზიარებს ამ რწმენას, რადგანაც ისინი სიცოცხლის გადასარჩენ სერვისცენტრებს ხურავენ,” – განაცხადა ორგანიზაცია “სისთერს ანქათის” წევრმა, ჯენელ ბრაუნმა.

 

ფემინისტი პროტესტანტები სახელმწიფოსგან მოითხოვენ, არ დახურონ ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა მხარდამჭერი სერვისები. მათი თქმით, ამ სერვისებს მართლაც დიდი დახმარების გაწევა შეუძლია ქალებისთვის.


კითხვაზე, რატომ აირჩიეს ამ ფაქტის გასაპროტესტებლად მაინცდამაინც ფილმის პრემიერა, პროტესტანტმა ლატიფამ, რომელიც თავის გვარს არ ასახელებს, შემდეგი განცხადება გააკეთა: “ეს ფილმი საუბრობს ქალების ლიბერალიზაციაზე ძალიან სადღესასწაულო განწყობით. ის არგუმენტი, რომ ჩვენ პოსტ-ფემინისტურ ერაში ვცხოვრობთ, ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მესიჯები ახლა ისე, როგორც არასდროს უნდა გაიგოს ყველამ.”

 

ფილმ “სუფრაჟისტის” რეჟისორია სარა გავრონი. ის ეხება მე-19 საუკუნის დასასრულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ბრიტანელ ქალთა სუფრაჟისტულ მოძრაობას. ფილმი დიდ ბრიტანეთში ეკრანებზე 12 ოქტომბერს გამოვა.

პროტესტანტებს წითელი ხალიჩიდან აძევებენ. 07.10.2015. © Tristan Fewings/Getty Images
პროტესტანტებს წითელი ხალიჩიდან აძევებენ. 07.10.2015. © Tristan Fewings/Getty Images

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ანა გვარიშვილი