ახალი ამბები

ვირუსი 45 დღითა და მეტი ხნით – პაციენტები საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან

22 აპრილი, 2020 • 2357
ვირუსი 45 დღითა და მეტი ხნით – პაციენტები საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან

საქართველოში არის ერთი პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი 5 მარტს დაუდგინდა და მას შემდეგ, სიმტომების არქონის მიუხედავად, ტესტი კვლავ აჩვენებს, რომ ვირუსი ორგანიზმში რჩება.

5 მარტიდან დღემდე 46 დღეა გასული.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტავს, რომ პაციენტს თავდაპირველად, ვირუსის მატარებელი სხვა ადამიანის მსგავსად, სხვადასხვა სიმპტომები აღენიშნებოდა, მათ შორის ჰქონდა პნევმონიაც, თუმცა დაახლოებით სამი კვირის შემდეგ კორონავირუსის ყველა სიმპტომი გაუქრა. სამაგიეროდ დარჩა ტესტის დადებითი პასუხი ვირუსზე, რომელიც უკვე 46 დღეა არ იცვლება.

“თავიდან პაციენტს ჰქონდა ცხელება, ყელის ტკივილი, დინამიკაში ფილტვების ანთება. მისი მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესდა, ამჟამად პნევმონიის სურათი ალაგებულია, ჩივილები არ აქვს, მაგრამ მისი ცხვირ-ხახის ნაცხიდან ისევ გამოდის კორონავირუსის გენოტიპი. 3 კვირის შემდეგ სიმპტომები მოეხსნა, თუმცა ცოტა ხნის განმავლობაში დარჩა დაბალი სიცხეები და კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე აღენიშნებოდა პნევმონია. ახლა ყველა სიმტპომი ალაგებულია და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – განმარტა “ნეტგაზეთთან” ენდელაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, პაციენტს ტესტები ყოველ სამ დღეში ერთხელ უტარდება. მას ამჟამად არავითარი მკურნალობა არ უტარდება, რადგან სიმპტომები არ აქვს, მაგრამ საავადმყოფოში რჩება.

საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ადამიანში ვირუსი სიმპტომების გაქრობის შემდეგ 2-3 კვირაზე მეტხანს რჩება. Reuters-ის ცნობით, ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში მსგავსი ისტორიით არაერთი პაციენტია, მათ შორის ერთ-ერთი მათგანს კორონავირუსი ჯერ კიდევ თებერვალში დაუდგინდა და მას შემდეგ კოვიდ-19-ის ტესტზე მისი მაჩვენებელი დადებითია.

ექიმების განმარტებით, ეს პროცესი მათთვის ჯერ ამოუხსნელია.

Reuters ჩინეთის სამედიცინო სისტემაზე დაყრდნობით წერს, რომ მსგავსი შედეგებით ქვეყანაში სულ მცირე რამდენიმე ათეული პაციენტია. გამოცემის ცნობით, სამხრეთ კორეაში 1000-მდე ადამიანის ტესტმა უჩვენა დადებითი პასუხი, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტესტის ჩატარებიდან 4 ან მეტი კვირა იყო გასული. გარდა ამისა, იტალიაში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები საუბრობენ იმის შესახებ, რომ გარკვეულ პაციენტებს ტესტზე დადებითი პასუხი დაავადების გამოვლენიდან ერთი თვის შემდეგაც აღენიშნებათ.

იუან იუფენგი, ვუჰანის ერთ-ერთი საავადმყოფოს ვიცე-პრეზიდენტი Reuters-თან საუბარში აღნიშნავს, რომ მათ საავადმყოფოში არის შემთხვევები, როდესაც პაციენტი კორონავირუსის ტესტზე დადებითია პირველი გამოვლენიდან 70 დღის შემდეგაც.

“ჩვენ მსგავსი მაჩვენებელი არ გვინახავს სარსის დროს”, – ამბობს იუფენგი.

მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის შემთხვევა პირველად ჩინეთში 2019 წლის 31 დეკემბერს დაფიქსირდა. მას შემდეგ ვირუსი ეტაპობრივად მოედო მთელ მსოფლიოს და ამ დრომდე 2,5 მილიონ ადამიანზე მეტი დაინფიცირდა, მათ შორის კი 178 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

რაც შეეხება საქართველოს, 22 აპრილის 16:00 საათის მონაცემებით, ამ დრომდე კოვიდ-19-ის 411 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან გამოჯანმრთელდა 98 ადამიანი და გარდაიცვალა 5.

მასალების გადაბეჭდვის წესი