ახალი ამბები

144-ზე შეფერხება გამოიწვია შემოსულმა 260 ათასზე მეტმა ზარმა – მთავრობა

22 აპრილი, 2020 • 1456
144-ზე შეფერხება გამოიწვია შემოსულმა 260 ათასზე მეტმა ზარმა – მთავრობა

პრემიერ-მინისტრის  სპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, 21 აპრილს კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ სამთავრობო ცხელ ხაზზე, 144-ზე, 260 ათასზე მეტი ზარი შევიდა.

„გუშინდელი დღის განმავლობაში 260 000-ზე მეტი ზარი შევიდა ამ ერთ ნომერზე. შესაბამისად, ზუსტად ამით იყო გამოწვეული ის შესაძლო შეფერხებები, რომელიც იყო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით. ჩვენ კარგად გვესმის, რომ რეგულაციის ამოქმედების პირველ ორ დღეს და ეს უკვე ტიპური გახდა, რომ განსაკუთრებით მაღალი აქტივობაა. ჩვენ მზად ვართ ამას გავუმკლავდეთ.

კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში მოვუხადო რაიმე შეფერხებისათვის, მაგრამ ეს ხაზი აგრძელებს მუშაობას და ჩვენ მაქსიმალურად მივაწვდით ჩვენს თანამოქალაქეებს ინფორმაციას იმ შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს და იმ გამონაკლისებზე, რომლებითაც მათ შეიძლება ისარგებლონ“, – ამბობს ჩიქოვანი.

დღევანდელ ბრიფინგზე პრემიერის სპიკერმა ასევე თქვა, რომ როდესაც მოქალაქეები 144-ის ცხელ ხაზს ვერ უკავშირდებიან, ისინი 112-ზე  – ანუ გადაუდებელი შემთხვევებისთვის განკუთვნილ ცხელ ხაზზე რეკავენ, რაც არასწორია:

„112 ფუნქციონირებს განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, ეს არის ის ცხელი ხაზი, რომელიც აუცილებელია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, როდესაც მათ სურთ დაკავშირება პოლიციასთან ან მათ სურთ გამოიძახონ გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ ყველას, რომ საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვებთან დაკავშირებით დაუკავშირდეთ 144-ს, ხოლო 112 დავტოვოთ იმ სასწრაფო და აუცილებელი შემთხვევებისთვის, რისთვისაც ის თავიდანვე ფუნქციონირებდა. ჩვენ არ გვინდა უყურადღებოდ დარჩეს არცერთი შემთხვევა“, – განმარტავს ჩიქოვანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი