ახალი ამბები

პოზიტიური და კარგი ნაბიჯი იყო – კილაძე ივანიშვილების TikTok ვიდეოზე

22 აპრილი, 2020 • 1188
პოზიტიური და კარგი ნაბიჯი იყო – კილაძე ივანიშვილების TikTok ვიდეოზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ოპოზიციას აკრიტიკებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის TikTok-ზე გამოქვეყნებული ვიდეოსა და ეკლესიის კრიტიკისთვის.

“კრიტიკა ძალიან ადვილია, მეგობრებო, მაგრამ საქმის კეთება არის რთული. ერთი “საქმე”, რაც მე ვნახე თქვენგან გაკეთებული, იყო ზუგდიდში პირბადეების დარიგება, რასაც ლამის კიდევ დიდი გართულება მოჰყვა ეპიდემიის გავრცელების თვალსაზრისით. ან ხელფასი მაინც გადაგერიცხათ გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად ისე, როგორც “ქართული ოცნების” გუნდმა გააკეთა. რაღაც ქმედითი და აქტიური მაინც გაგეკეთებინათ, ძალიან კარგი იქნებოდა”, – მიმართა კილაძემ ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ის გამოეხმაურა რეპლიკას დარბაზიდან, რომელიც, სავარაუდოდ, TikTok-ზე ბერა და ბიძინა ივანიშვილების ვიდეოს შეეხებოდა და თქვა, რომ ოპოზიცია მსგავს პოზიტიურ ნაბიჯსაც კრიტიკისთვის იყენებს.

“თქვენ რომ ბიძინა ივანიშვილი არ ახსენოთ, ეს მე გამიკვირდება. ნამდვილად უღირსი საქციელი იყო, რაც ახლა ქალბატონმა სალომემ გააკეთა, TikTok რომ ახსენა. ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის სიმყარის, განვითარების გარანტი. ამიტომ გყავთ მიზანში ამოღებული, სულ მასზე ლაპარაკობთ და ისეთი პოზიტიური რამ, რაც ვნახეთ გუშინ და რითაც ძალიან ბევრი ადამიანი  გახალისდა და კარგი ნაბიჯი იყო მათი მხრიდან, თქვენ გამოიყენეთ ლანძღვის კორიანტელის დასაყენებლად. რაღაც მაინც გააკეთეთ ისეთი კონკრეტული, რაც ადამიანებს სიკეთეს მოუტანს და არამხოლოდ ცარიელი საუბარი, რითაც ხშირად ხართ დაკავებული და მათ შორის, ეკლესიის ლანძღვა-გინებით, რაც  ძალიან ხშირად გვესმის თქვენი მხრიდან და ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი”, – განაცხადა კილაძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საჯაროდ არ გამოჩენილა, სოციალურ ქსელ tiktok-ში, ბერა ივანიშვილის ვიდეოში გამოჩნდა.

ბერამ 21 აპრილს, საღამოს, გამოაქვეყნა ვიდეო წარწერით – „საიდუმლო მისალმება მამასთან“, რომელშიც ჩანს, როგორ ესალმებიან ერთმანეთს ბერა და ბიძინა ივანიშვილი.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/271263/

მასალების გადაბეჭდვის წესი