Covid-19-ის შედეგად საქართველოში გარდაცვლილი მეხუთე პაციენტი 68 წლის კაცი იყო ბოლნისის კლასტერიდან. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პაციენტი აპარატზე იყო შეერთებული და დაინფიცირებამდე მიოკარდიუმის ინფარქტი ჰქონდა გადატანილი. მისივე თქმით, პაციენტი კლინიკაში ორი კვირის წინ, სხვადასხვა გართულებით მიიყვანეს.
“ჩვენთან, რეანიმაციაში, 9 პაციენტი მკურნალობდა. აქედან 7 აპარატულ სუნთქვაზეა, 3 – კრიტიკულ-ტერმინალურ მდგომარეობაში. ერთ-ერთი მათგანი იყო ეს პაციენტი, რომელსაც გადატანილი ჰქონდა მიოკარდიუმის ინფარქტი.
გულის უკმარისობითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით შემოვიდა ჩვენთან და ამიტომაც მოხდა მისი აპარატზე გადაყვანა. პაციენტს მიოკარდიუმის ინფარფქტის გამო თავისი გართულებები აღენიშნებოდა, სასუნთქ გზებშიც გართულებები, რასაც დაემატა ორმხრივი მწვავე პნევმონია, სეპტიური შოკით განვითარდა სეფსისი. სიკვდილის უშუალო მიზეზი იყო ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია”,- აღნიშნა ტურძელაძემ.
ამ დროისთვის კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა საქართველოში ამგვარია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 411
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 98
- მათ შორის გარდაცვლილი – 5
- კარანტინის რეჟიმში – 5160
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3