აშშ-ის ჯანდაცვის ინსტიტუტების ეროვნული პანელის (NIH) განცხადებით, ახალი გაიდლაინის მიხედვით, ექიმებმა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს პრეპარატების იმ კომბინაციით არ უნდა უმკურნალონ, რომელთა შესახებაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუბრობდა. ყველა სხვა ექსპერიმენტული პრეპარატი კი მხოლოდ კლინიკური ტესტირების ფარგლებში უნდა გამოიყენონ.
ტრამპი საუბრობდა მალარიის საწინააღმდეგო მედიკამენტ პლაქვენილის გამოყენებაზე ანტიბიოტიკ აზირტრომიცინთან ერთად, იმის მიუხედავად, რომ მათი გამოყენების რეკომენდაცია ჯანდაცვის უწყებებს არ ჰქონდათ გაცემული. როგორც CNN წერს, კვლევების მხოლოდ მცირე რაოდენობა აჩვენებს, რომ ამ კომბინაციით მკურნალობა პაციენტებს გამოჯანმრთელებაში დაეხმარა, როცა გაცილებით მეტი ნაშრომის მიხედვით, ამ პრეპარატების ერთად გამოყენება სხვა გართულებების ალბათობას ზრდის და ეფექტიანობაც ეჭვქვეშაა.
გაიდლაინში, რომელიც აშშ-ის ჯანდაცვის ინსტიტუტების ეროვნულმა პანელმა გაავრცელა, ვკითხულობთ, რომ არასაკმარისია კლინიკური მონაცემები იმისათვის, რომ რეკომენდაცია გაუწიონ, ან პირიქით გააკრიტიკონ პლაქვენილის გამოყენება COVID-19-ის წინააღმდეგ. თუმცა, თუ ამ პრეპარატს ექიმი გამოიყენებს, შესაძლო უკუჩვენებები უნდა გაითვალისწინოს, მათ შორის, გულის პათოლოგიები. მსგავსი შეფასება გააკეთეს პანელის მონაწილეებმა ებოლას სამკურნალოდ შექმნილ პრეპარატ რემდესივირზე და უკვე განკურნებული პაციენტების სისხლის პლაზმით მკურნალობაზეც. მიიჩნიეს, რომ არც მის ეფექტიანობა/არაეფექტიანობაზე მოიპოვება საკმარისი კლინიკური მონაცემები.
აშშ-ის ჯანდაცვის ინსტიტუტების ეროვნული პანელის წევრებმა რეკომენდაცია გასცეს პლაქვენილისა და აზიტრომიცინის ერთად გამოყენების წინააღმდეგ, რამდენადაც, მათი თქმით, ამ პრეპარატების კომბინაციას ტოქსიკური უკუჩვენება აქვს. ასევე, ექიმებს ურჩევენ, ერთად არ გამოიყენონ აივ-ის სამკურნალო პრეპარატები, ლოპინავირი და რიტონავირი, ან აივის სამკურნალო სხვა პრეპარატების კომბინაცია. მათი თქმით, Covid-19-ს სეფტიკური შოკის გამოწვევა შეუძლია, რაზეც იმუნიტეტი ზედმეტ რეაქციას ამჟღავნებს. რიგი ანგარიშები ცხადყოფს, რომ კლინიკაში მოხვედრილი პაციენტების 20 პროცენტი გულის ქსოვილის დაზიანებას უჩიოდა, რაც გულის რიტმის დისფუნქციით იყო გამოწვეული. პაციენტებში ასევე ხშირი აღმოჩნდა ღვიძლისა და თირკმლის პრობლემებიც და მათ 15%-ს დიალიზი სჭირდება.
პლაქვენილის ეფექტიანობას ეჭვქვეშ აყენებს კვლევაც, რომელიც ასობით პაციენტის მონაცემებს ეყრდნობა და აშშ-ის ვეტერანების ჯანმრთელობის ადმინიტრაციის სამედიცინო ცენტრებში ჩატარდა. კერძოდ, კვლევის მიხედვით, 368 პაციენტიდან პლაქვენილით მკურნალობას 97 გადიდოდა, რომელთა 27.8% გარდაიცვალა, იმ 158 პაციენტში კი, ვინც ამ პრეპარატით არ მკურნალობდა, ლეტალობა 11.4% იყო.
კვლევის ავტორებმა ასევე ვერ იპოვეს მტკიცებულება, ჰქონდა თუ არა პლაქვენილით ან/და აზიტრომიცინით მკურნალობას რაიმე გავლენა იმაზე, დასჭირდებოდა თუ არა პაციენტს მართვითი სუნთქვა.
CNN-ის ცნობით, ამ ეტაპზე აშშ-ის წამლისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციას COVID-19-ის სამკურნალოდ და პრვენციისთვის არცერთი მედიკამენტი არ დაუმტკიცებია, თუმცა რამდენიმე პრეპარატი ტესტირებას გადის.
პლაქვენილთან დაკავშირებით კიდევ ერთი ახალი კვლევა საფრანგეთში ჩატარდა. კერძოდ, COVID-19-ით დაავადებული 181 პაციენტიდან ნახევარს, რომელთაც პნევმონია განუვითარდათ და ჟანგბადის ხელოვნურად მიწოდება სჭირდებოდათ, (თუმცა არა მართვითი სუნთქვა), კლინიკაში მოხევდრიდან 48 საათში პლაქვენილით დააწყებინეს მკურნალობა, მეორე ნახევარს კი – არა.
მკვლევრებმა ვერ აღმოაჩინეს რაიმე შესამჩნევი განსხვავება ორ ჯგუფში სიკვდილიანობის მაჩვენებლისა თუ ინტენსიური თერაპიის საჭიროების შესახებ. CNN აღნიშნავს, რომ 8 პაციენტს აღნიშნული კვლევის ფარგლებში გულის არითმია განუვითარდა, რის გამოც პრეპარატის მიღება შეწყვიტეს. საფრანგეთში ჩატარებული ეს კვლევა ჯერჯერობით არცერთ სამედიცნო ჟურნალში არ გამოქვეყნებულა.
კორონავირუსის სამკურნალო გაიდლაინში პლაქველინს მნიშნელოვანი ადგილი უკავია. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, რომელიც ამ გაიდლაინის თანაავტორია, აცხადებს, რომ პლაქველინით მკურნალობენ პაციენტებს, რომლებსაც კორონავირუსის სიმპტომები აქვთ.
უფრო ვრცლად იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაში იყენებენ პლაქველინს საქართველოში, წაიკითხეთ სტატია:
როდის გამოიყენება პლაქვენილი COVID-19-ის სამკურნალოდ – ცერცვაძის განმარტება