ახალი ამბები

ერთი პაციენტი უკვე 45 დღეა მკურნალობს კორონავირუსზე – ენდელაძე

21 აპრილი, 2020 • 2157
ერთი პაციენტი უკვე 45 დღეა მკურნალობს კორონავირუსზე – ენდელაძე

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ “რუსთავი 2-ის”  ეთერში თქვა, რომ ერთი პაციენტი ინფეციურ საავადმყოფოში 5 მარტიდან მკურნალობს.

მარინა ენდელაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ კორონავირუსი არის “უცნაური” ვირუსი, რომლის პროგნოზირებაც არის რთული.

აღნიშნული პაციენტის შესახებ თავდაპირველად ამავე ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ეს პაციენტი საქართველოში გამოვლენილ პირველ ხუთეულში შედიოდა და იყო მომენტი, როცა მისი საავადმყოფოდან გაწერა იგეგმებოდა, თუმცა მისი ანალიზი კვლავ აჩვენებს დადებით შედეგს.

მარინა ენდელაძის ინფორმაციით, პაციენტების უმრავლესობას რაიმე სახის სიმპტომი აუცილებლად ექნება, თუნდაც ეს იყოს მსუბუქად გამოხატული. როგორც ინფექციონისტმა აღნიშნა, გარდა რისკჯგუფებში შემავალი პაციენტებისა, კორონავირუსმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას სრულიად ჯანმრთელ ადამიანს, რომელსაც თანხმლები დაავადებები არ აქვს. მან გაიხსენა 41 წლის პაციენტის შემთხვევა, რომლის მდგომარეობაც მძიმე იყო, მიუხედავად იმისა, რომ სხვა არაფერი აწუხებდა, გარდა კორონავირუსისა. აღნიშნული პაციენტი ახლა გამოჯანმრთელებულია.

21 აპრილის 23:30 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 408 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 4 გარდაიცვალა, 97 კი გამოჯანმრთელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი