დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საზოგადოების დაზაფვრის გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა განაცხადა, რომ იძულებული გახდა, ასე მოქცეულიყო და არსებული რეალობა პირდაპირ დაენახვებინა მოსახლეობისთვის. ამის შესახებ იმნაძემ “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა:
“მინდა ბოდიში მოვიხადო იმიტომ, რომ რაღაც ეტაპზე მე იძულებული გავხდი ჩემი თანამოქალაქეები ზედმეტად დამეზაფრა, მაგრამ მე გამოვდიოდი სუფთა რეალობიდან და რეალური საფრთხე დავანახე… ხანდახან საჭიროა ხოლმე, რეალობას თვალებში ჩავხედოთ, რა რეალობა გველოდა და შვედეთი ამის კარგი მაგალითია”, – განაცხადა იმნაძემ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს გადალახული აქვს ის ფაზა, როდესაც შეიძლებოდა ქვეყანაში იტალიის მსგავსი სცენარი განვითარებულიყო:
“ჩვენ ის სცენარი, რაც იტალიაში განვითარდა, ნამდვილად ავიცილეთ. ახლა სიტუაციის განვითარების ტრენდი დაახლოებით ისეთივეა, როგორიც იაპონიაში. ამას ვითვლით არა შემთხვევების რაოდენობით, არამედ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით”, – განმარტა იმნაძემ.
პაატა იმნაძემ აღდგომის დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა და თქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა ვერ გაუმკლავდებოდა ვირუსის ტალღას.
იმნაძე: ვთქვათ უარი ერთხელ ტრადიციაზე, რომ ჩვენი ერი გადარჩეს