დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსის გავრცელებამდე არსებული ცხოვრების რიტმის დასაბრუნებლად, შესაძლოა, ერთი წელიც გახდეს საჭირო. ამის შესახებ იმნაძემ “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.
“ალბათ, ერთი წელი მაინც დაგვჭირდება იმისთვის, რომ გადავლახოთ ყველაფერი ის, რაც შეიძლება იყოს და დავიბრუნოთ ჩვენი ცხოვრების ძველი წესი. ეს ვირუსი მართლა არავინ არ იცის, უამრავი რაღაც იწერება, უამრავი რაღაც ქვეყნდება…
ვაქცინას, რა თქმა უნდა, ყველა ველოდებით. იმედია, რომ ვაქცინაზე გაცილებით უფრო ადრე გამოჩნდება ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც უშუალოდ ამ ვირუსზე იმოქმედებს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს შეიძლება უკვე ზაფხულშიც მოხდეს. ეს ვირუსი ძალიან უცნაურად იქცევა, მასთან უნდა ვისწავლოთ ურთიერთობა, სხვა გზა არ გვაქვს. თუ არ ვისწავლით ამ ვირუსთან თანაცხოვრებას, ისე არაფერი არ გამოგვივა”, – განაცხადა იმნაძემ.
საქართველოში 21 აპრილის 23:00 საათის მონაცემებით, კორონავირუსის 408 დადებითი შემთხვევა ფიქსირდება, აქედან გამოჯანმრთელებულია 97 პაციენტი, ხოლო გარდაცვლილია 4. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 5 015 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი- 573. ასევე უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.