ამერიკაში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში მომუშავე ქართველი ექიმი ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლთან დაკავშირებით დაწყებულ დაპირისპირებას პირად ფეისბუკ გვერდზე ეხმიანება.
როგორც მაჩაიძე წერს, ის გაკვირვებულია იმ რეაქციით, რაც აქტუალურ საკითხზე დაწყებულ პროფესიულ დისკუსიას მოჰყვა.
“სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მოცემულობა ასეთია, რომ ჩვენ ვარსებობთ, ვერ გავქრებით და საჯარო თუ პირადი წყაროებით შევეცდებით ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ ისე, რომ საერთო საქმე არ გაფუჭდეს.
მე ვერ ვხვდები, რას ემსახურება წამყვანი ექიმების გამოყვანა და ერთ ტონში, აგრესიით სავსე განცხადებების გაკეთება უცხოეთში მოღვაწე ექიმის მიმართ, მითუმეტეს ისეთ თემაზე, რასაც სამეცნიერო კამათი და გარჩევა ჭირდება. თქვენ არავინ გიკარგავთ იმ შრომას და დამსახურებას, რაც გასწიეთ ამ საქმეში. მათ შორის, ისიც ნორმალურია, რომ პროტოკოლების უმეტესობა სწორედ უცხოეთიდან გაქვთ წაღებული და ადაპტირებული, ასე იზამდა ნებისმიერი საღად მოაზრივნე.
იმ ფონზეც კი, როდესაც ტესტირების პერ კაპიტა რაოდენობით (ერთ სულ მოსახლეზე რაოდენობით) ჩამოვუვარდებით მეზობელ სომხეთს და აზერბაიჯანს და შესაბამისად, ვერ ავღრიცხავთ ყველა დაინფიცირებულ შემთხვევას, სიკვდილიანობა საქართველოში ნამდვილად დაბალია. ამიტომ, თქვენი გამოცდილების გაზიარება სამეცნიერო სამყაროსთვის ფასდაუდებელი იქნება. აღწერილობითი (დისკრიფციული) კვლევის გაკეთებას, დაახლოებით, 2-3 დღე ჭირდება. ჩემი აზრით, ძალიან სასარგებლო იქნება ვიცოდეთ პაციენტების სიმძიმე, ლაბორატორიული/რენტგენოლოგიური მაჩვნებლები, ასევე რამდენმა პაციენტმა მიიღო პლაქვენილი (სიმძიმის მიხედვით), დარუნავირ/რიტონავირი, სხვა ანიტივირუსულები და სტეროიდები, ასევე რამდენმა მიიღო კომბინაცია/მედიკამენტების კოქტეილი.
მე თავად ჯერ კიდევ ვსწავლობ ბევრ რამეს, მათ შორის, თქვენგან მინდა რომ ვისწავლო კოლეგიალობა. ამიტომ, გთხოვთ, რომ დისკუსია დავაბრუნოთ სამედიცინო წრეებში (თუნდაც საჯაროდ), თქვენი დაგროვილი გამოცდილება მეცნიერულ ჟურნალში დაბეჭდეთ ისე, როგორც ამას ყველა სხვა ქვეყანა აკეთებს, ჩვენ კი თქვენგან ვისწავლით. ძალიან გთხოვთ, ნუ გააპოლიტიზებთ მედიცინას ამ ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში მაინც და ვისწავლოთ აგრესიის გარეშე ინფორმაციის გაზიარება. ჩვენს ხალხს ახლა კრიზისიდან გამოსვლის გეგმა აინტერესებს და არა ფეისბუქის პოსტების განხილვა.
პატივისცემით მ.მ”, – წერს მაჩაიძე პირად ფეისბუკის გვერდზე.
ამერიკის შეერთებულ შტატებში მომუშავე ქართველმა ექიმმა ზურაბ გურულმა რამდენიმე დღის წინ ფეისბუკით პოსტი გაავრცელა, სადაც აღნიშნავდა, რომ პლაქვენილი რამდენიმე დღეში თუ არა, კვირაში, ოფიციალურად იქნება მიჩნეული, როგორც “გაუგებარი და მინიმალური ეფექტის მქონე მედიკამენტი” COVID-19-ის სამკურნალოდ და მას ტოქსიკურ პრეპარატს უწოდებდა, რომელმაც შესაძლოა, იშვიათ შემთხვევაში გამოუსწორებელი და შეუქცევადი გართულება გამოიწვიოს.
აღნიშნულის საპასუხოდ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ მედიასთან დღეს ისაუბრა და აღნიშნა, რომ პლაქვენილი იდეალური მედიკამენტი არაა, თუმცა ამ ეტაპზე, რამდენადაც COVID-19-ის სამკურნალო პირდაპირი ანტივირუსული მეტიკამენტი არ არსებობს, ყველაზე ეფექტიანად მიიჩნიეს.
მისი თქმით, ქართული პროტოკოლის სისწორეს ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაც ადასტურებს, რომელმაც აღნიშნული პრეპარატი COVID-19-თან საბრძოლველად 28 მარტს ოფიციალურად დაამტკიცა.
თენგიზ ცერცვაძემ ამერიკაში მომუშავე ქართველი ექიმის აქტიურობა და კრიტიკა პოლიტიკური ანგაჟირებით ახსნა. კრიტიკული განცხადება გააკეთა ლევან რატიანმაც, რომელმაც ყველა კრიტიკოსს ადგილზე, საქართველოში პაციენტების მკურნალობა ურჩია.
როდის გამოიყენება პლაქვენილი COVID-19-ის სამკურნალოდ – ცერცვაძის განმარტება