პრემიერის სპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა 27 აპრილამდე გაგრძელდება.
„აქვე უნდა გაცნობოთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა გაგრძელდა მიმდინარე კვირის ჩათვლით ანუ ორშაბათამდე, 27 აპრილამდე“, – ამბობს ჩიქოვანი.
პრემიერის სპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, 27 აპრილიდან ეტაპობრივად დაიწყება გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა.
“გაგრძელებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში ჩვენ შესაძლებლობა გვექნება შევამსუბუქოთ ის გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც აქამდე მოქმედებენ და შემდგომში იმქომედებენ. უკვე ორშაბათიდან, 27 აპრილიდან დაიწყება გარკვეული შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა. ამასთან, სპეციალისტების პროგნოზის გათვალისწინებით, 2-3 კვირის შემდეგ, პიკის გადალახვის შემთხვევაში აქტიურად შევძლებთ დავიწყოთ შეზღუდვების მოხსნის გეგმის განხორციელება და ეკონომიკური აქტივობებისთვის და ეკონომიკური ცხოვრებისთვის ხელშეწყობას”, – განაცხადა ჩიქოვანმა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა, საავტომობილო გადაადგილების აკრძალვა კი ძალაში შევიდა 17 აპრილიდან. ეს აკრძალვა, მთავრობის გადაწყვეტილებით, 22 აპრილს უნდა შეჩერებულიყო. თუმცა, ჩიქოვანის განმარტებით, აკრძალვები ავტომობილით გადაადგილებაზე კვლავ გრძელდება.
მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში 17 აპრილიდან აიკრძალა. აკრძალვა შეეხო ყველას, გარდა რამდენიმე დაშვებული ეკონომიკური საქმიანობისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისა. ამასთანავე, ავტომობილით გადაადგილება შეუძლიათ სასულიერო პირებსაც.
https://batumelebi.netgazeti.ge/news/270253/?fbclid=IwAR2b11c1gpYAQNQhqmkxgsTnBcw2AMPdlenme5gnH0mqMZ3J2oL8yL-VJWI