ახალი ამბები

კოვიდ 19-ის  მე-19 დღე სახლში – ქართველი ემიგრანტის ისტორია ნიუ იორკიდან 

21 აპრილი, 2020 • 17521
კოვიდ 19-ის  მე-19 დღე სახლში – ქართველი ემიგრანტის ისტორია ნიუ იორკიდან 

შორენა ლომთაძე, რომელიც ოთხი წელია ნიუ იორკში ცხოვრობს, ახალი კორონავირუსის სიმპტომებს მე-19 დღეა ებრძვის. მას ტესტი არ გაუკეთებია, თუმცა ექიმებმა სატელეფონო კონსულტაციებისას დაარწმუნეს, რომ სწორედ კოვიდ -19 აქვს. “ნეტგაზეთის” მკითხველს ის თავის ისტორიას უყვება:


ვიდრე ავად გახდებოდა 

ვიდრე ცუდად გავხდებოდი,   ვირუსის შესახებ მეტ-ნაკლებად ინფორმირებული ვიყავი. მე ვარ ორგანიზაციის “ამერიკელი ქართველები  პროგრესისთვის” წევრი. ორგნიზაცია პროდუქტით ეხმარებოდა  ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს, რომლებიც კორონავირუსით იყვნენ დაავადებული და აქაური პროტოკოლის შესაბამისად სახლში გადიოდნენ მკურნალობას. მათთან გვქონდა ყოველდღიური კომუნიკაცია ტელეფონით.

განსაკუთრებით დამამახსოვრდა ერთი ფაქტი. ერთ-ერთი ინფიცირებული ქართველის მეუღლე დამიკავშირდა ბრუკლინიდან. ძალიან შეწუხებული იყო, მის მეუღლეს ცხრა დღის განმავლობაში მაღალი სიცხე აღენიშნებოდა და სუნთქვა გაუჭირდა, ვინაიდან ინგლისურ ენაზე ვერ ახერხებდა კომუნიკაციას, მთხოვა დავხმარებოდი მეუღლის საავადმყოფოში გადაყვანაში. დავრეკე გადაუდებელი დახმარების ცენტრში ,,Urgent Care center in Brooklyn, NY” , რომელიც მდებარეობს ,,Kings Hwy “ ზე. ავუხსენი მდგომარეობა და მიპასუხეს, მოვიდეს, მაგრამ ტესტს ავუღებთ თუ არა, არ ვიცითო.  ამის შემდეგ  დამძიმდა ინფიცირებულის მდგომარეობა და დავუკავშირდი 911- ს. მაგრამ უშედეგოდ. ავადმყოფის გადაყვანა ჰოსპიტალში ვერ შეძლეს.   მოგვიანებით ქალბატონი დაუკავშირდა ”კრიზის ცენტრს ქართველებისთვის” და მათ შეძლეს ქართველი ექიმების დახმარებით ავადმყოფის პენსილვანიაში გადაყვანა. საბედნიეროდ პენსილვანიაში ვირუსის გავრცელების მასშტაბები ნიუ იორკთან შედარებით ბევრად დაბალი იყო.  მას დაუდასტურდა კორონა ვირუსი და დაჭირდა მართვითი სუნთქვა. წარმოიდგინეთ, საათები რომ დაგვიანებულიყო, დაიღუპებოდა.

მოკლედ, ამ ისტორიის მერე მოხდა ჩემი შემთხვევაც.

ინფიცირება

რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ვიცავდი წესებს სახლშიც და  გარეთაც. ხელოსნები მუშაობდნენ რამოდენიმე დღე სახლში და ამ ფაქტს ვუკავშირებ ჩემს დაინფიცირებას. თარიღებითაც ემთხვევა –  იმ დღეებში პირბადე სახლში არ გამომიყენებია, რადგან სათვალეს ვიყენებ და პირბადის გამოყენება მთელი დღის განმავლობაში ძალიან მოუხერხებელია, ორთქლავს.

 ერთ მშვენიერ დღესაც თვალში ვიგრძენი ტკივილი, თითქოს რაღაც ჩამივარდა.  მთელი დღე ,,ნატურალური ცრემლი“ ვიწვეთე – კომპიუტერთან რომ ვმუშაობ, ხშირად თვალის სიმშრალის გამო ვიყენებ. კორონა არც მიფიქრია.

მეორე დღე დავიწყე ჩვეული რეჟიმით. დილით თავს ცუდად არ ვგრძნობდი. დავჯექი საჭესთან და რამოდენიმე წუთში ვიგრძენი საშინელი სისუსტე, ხელები ჩამომივარდა საჭიდან, მომენტალურად მომწყდა. ეს რა იყო, ვერ ავღწერ. დავბრუნდი შინ. მთელი დღე ვიწექი. მოგვიანებით ყელის არეში ვიგრძენი ტკივილი. ოღონდ არა ისეთი, ნერწყვს რომ ვერ ყლაპავ.  ექიმთან დარეკვა არც მიფიქრია. საღამოს ტემპერატურამ მომიმატა.

მესამე დღეს უკვე დამეწყო ძალიან რთული პროცესები. მაღალი სიცხის დროს ხომ იცის ტკივილი,  ძვლების, კუნთების ტკივილი, ყველას გადაგვიტანია გრიპები, მაგრამ ეს იყო რაღაც წარმოუდგენელი ტკივილი.  კი გამკრა ეჭვმა, კოვიდი ხომ არ მაქვს- მეთქი, მაგრამ ძალიან პოზიტიურად ვუყურებ ხოლმე მოვლენებს და უკუვაგდე ეს ფიქრი.

მეოთხე დღე რომ თენდებოდა, ძალიან ცუდად გავხდი –  38 გარდუსის მერე აღარც გამიზომავს სიცხე – აზრი აღარ ჰქონდა.  ტკივილი თავის არეში, მთელი სხეულის ტკივილი – მშიშარა არა ვარ საერთოდ, მარამ მე შემეშინდა.  შემეშინდა, რადგან, მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესების შემთხვევაში  911-ზე დაკავშირებას თუ მოვახერხებდი  იმედი არ მქონდა, რომ ჰოსპიტალში გადამიყვანდნენ ნიუ-იორკში. დილით თავის ტკივილი თითქოს შემინელდა, მაგრამ დამეწყო გულისრევა, გავიფიქრე, რომ ეს ნამდვილად “ის” ვირუსია-მეთქი და დავუკავშირდი პენსილვანიაში ,,NP MEDICIN კოვიდ19-ის“ ცენტრს.  ჩამწერეს სატელეფონო კონსულტაციაზე. აქ არის ასეთი პროტოკოლი – შენ არავინ წაგიყვანს საავადმყოფოში, თუ სუნთქვა არ დაგიმძიმდა და ის სუნთქვაც თუ დაგიმძიმდა, ან მოხვდები ნიუ-იორკში და ან არა.  დამირეკა ექიმმა, ძალიან გულისხმიერი ქალბატონია ეკა მეტრეველი.  სიმპტომების აღწერის შემდეგ დამიდასტურა, რომ კოვიდის გამოკვეთილი ნიშნები მქონდა და პიკიც უკვე გადატანილი. ანუ, ეს გაუსაძლისი თავის, სახსრების, კუნთბის ტკივილი, გულის რევის შეგრძნება და მაღალი სიცხე იყო პიკი. გადმომიგზავნეს ჩამონათვალი ვიტამინების, რაც უნდა მიმეღო. Tylenol ტკივილებისათვის და ტემპერატურისათვის. და Mucinex DM ხველებისათვის. ბევრი თბილი სითხე. დღში 3 ლიტრამდე.

ტესტი კოვიდ 19 –ზე

რაც შეეხება ტესტს, ტესტისთვის უნდა ჩავსულიყავი პენსილვანიაში ,,Genesis Diagnostics” .   მაგრამ ეს იყო არარეალური, რადგან ახლაც კი, მე-18 დღეს არ შემიძლია საჭესთან ჯდომა. თუმცა ეკა მეტრეველის აზრით,  ტესტის აღებასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ქონდა მოცემულ მომენტში. ისიც კი დაამატა, ტესტმა უარყოფითი პასუხიც რომ გიჩვენოს ჩავთვლი რომ შეცდაო. 

რაც შეეხება ნიუ-იორკში ტესტის აღება ვერ ხერხდება. სანამ პიკს მიაღწევდა დაავადებულთა რაოდენობა, ჩემმა ორმა ნაცნობმა ქართველმა შეძლო ტესტის გაკეთება. დაუდასტურდათ, თუმცა შემდეგ სახლში მკურნლალობდნენ. თავიდანვე გაიცა პროტოკოლი მსუბუქი ფორმით ინფიცირებულთა სახლში მკურნალობაზე.  

მკურნალობასახლში

მე-7 დღიდან ტემპერატურა ნორმალური მქონდა.  მე-8 დღეს უკვე დამირეკა ექიმმა ბექა ბახტაძემ. იცით ალბათ, წარმატებული ექიმია აქ – ჩემმა მეგობარმა დაუტოვა ჩემი ტელეფონის ნომერი, რადგან  გულ- მკერდის არეში დამეწყო ტკივილი. თურმე ექიმს შეუძლია ტელეფონითაც შენი საუბრის მიხედვით მიხვდეს, არის თუ არა შენი სუნთქვა “მოკლე სუნთქვა”. დამამშვიდა, მომცა გარკვეული რჩევები. თუნდაც, ჟანგბადის შემცველობის გაზომვა ყოველ 5 წთ-ში, როგორც მე ვაკეთებდი სულაც არ იყო საჭირო. დღეს მე-18 დღეა და კიდევ მაქვს ყრუ ტკივილები, ისეთი სიმძაფრით აღარ, ცხადია. 21 დღის მერე, წესით, უნდა ამილაგდეს ყველაფერი.  ჯერ ყნოსვა არ დამბრუნებია. ყნოსვა დავკარგე საერთოდ. ისე გამიკვირდა, მძაფრ სუნების დატესტვა ვცადე შესამოწმებლად. საერთოდ არა მაქვს ყნოსვა.  რაც მთავარია, ოფლიანობა აღარ მაქვს. აღარც დიარეა.

დამიტოვა სისუსტე, ხველება, მოძრაობის და საუბრის დროს ვიღლები. ვცდილობ არ ვისაუბრო. მიჭირს კიბის საფეხურებზე ასვლა. გულ-მკერდის არეში სიმძიმის შეგრძნება.

11 დღე იყო რთული. მე-12 დღეს უკეთ ვიყავი და გავთამამდი – მომშივდა თითქოს, საჭმელი გავაკეთე, გარეთ გავიხედე და იმ ღამით ისევ ცუდად გავხდი.  ხველება დამეწყო უსასრულოდ, გავათენე. ტემპერატურა ნორმალური მქონდა. მეორე დღეს მთელი დღე ვიწექი. ამას ვურჩევ ყველას, რომ არ შეიძლება გათამამება, სანამ არ გაივლის.

შიში 

კი, იყო შიში – ერთი წამი, შეიძლება წუთიც. მე 4 აპრილს მივდიოდი საქართველოში და ეს ამბები რომ დაიწყო, დავრჩი.  მაშინ გავიფიქრე, ნეტავ, მიწერია კი ჩემს ქვეყანაში დაბრუნება? ოთხი წელია არ ვყოფილვარ.

ავადმყოფობის პერიოდში გამიჭირდა  მეოთხე ღამე რომ თენდებოდა, მაშინ გავტყდი პირველად – მგონი, მართლა ვეღარ ვბრუნდები-მეთქი. რისი შემეშინდა, იცით? ჯერ ერთი, საავადმყოფოში მოვხდებოდი თუ არა,  და მეორეც, საავადმყოფოში რომც მოვხვდე და რამე დამემართოს, აქედან არ გადამასვენებენ- მეთქი, რადგან კორონავიურსით გარდაცვლილზე სპეციალური პროტოკოლია. ვიფიქრე, არავინ აღარ გადამასვენებს ჩემს ქვეყანაში-მეთქი.

ანტისხეულების ტესტი 

როგორც კი მოვრჩები, მინდა, რომ ფილტვის კომპიუტერული ტომოგრაფია გადავიღო. ასევე, ტესტი მინდა გავიკეთო ანტისხეულებზე.

არ ვიცი, რამდენად ადვილია ახლა ამის გაკეთება, უნდა ვკითხო ექიმს, პენსილვანიაში უდნა ჩავიდე ქართველ ექიმებთან.

რაც შეეხება გადახდას – მე მაქვს დაზღვევა და რომ ჩავალ პენსილვანიაში,  გავარკვევ. მაგრამ აქამდე- კოვიდთან დაკავშირებით უფასო იყო სატელეფონო კონსულტაციები. 

მაგრამ აქ არის ასეთი წესი, შენ შეგიძლია დაწესებულების ანგარიშზე  ჩარიცხო ფული როგორც ქველმოქმედება. თუ არ ჩარიცხავ არავინ დაგაძალებს. მაგრამ ახლა ისეთი საჭიროება გაჩნდა ექიმების ეკიპირებისათვის  ხშირად სოციალურ ქსელში მომდის თხოვნა, რომ დავეხმაროთ ამ უხილავ მტერთან წინა ხაზზე მებრძოლ ექიმებს ეკიპირებისათვის. მე, ისე, როგორც უამრავი ქართველი ემიგრანტი შეძლებისდაგვარად ვცდილობ ჩემი წვლილი შევიტანო მსოფლიოსათვის ამ ურთულესი პერიოდის გადალახვაში. მადლობის წერილიც მივიღე ,,MAUNT SINAI SOUTH NASSAU” – ს აღმასრულებელი დირექტორის ხელმოწერით. არ ველოდი,  სიმართლე გითხრათ არც მადლობისთვის გამიკეთბია. აქ მადლობის წერილს გიგზავნიან ელექტრონულ ფოსტაზე ეგრევე, როცა ჩარიცხავ და სულაც არ ველოდი სახლში წერილის მოსვლას. 

მინდა მადლობა გადავუხადო, გამძლეობა და წარმატება ვუსურვო ყველა ექიმს, ვინც ამ უხილავ მტერს ებრძვის წინა ხაზზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი