ახალი ამბები

იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში საქართველოსთან ავიამიმოსვლის პრობლემას მოვაგვარებთ — ლავროვი

21 აპრილი, 2020 • 1658
იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში საქართველოსთან ავიამიმოსვლის პრობლემას მოვაგვარებთ — ლავროვი

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვს იმედი აქვს, უახლოეს მომავალში მოაგვარებს საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელმწიფო მედია „ტასს“ ავრცელებს.

ლავროვის განცხადებით, „სამწუხაროდ, ამჟამად ჯერჯერობით შეჩერებულია ავიამიმოსვლა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ამ პრობლემას მოვაგვარებთ“. მან კვლავ გაიმეორა რუსეთის პოზიცია, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლა “რუსოფობიური კამპანიის” გამო შეაჩერეს.


რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 20 ივნისის აქციების შემდეგ შეაჩერა. 20 ივნისს, მას შემდეგ, რაც რუსი დეპუტატი გავრილოვი აღმოჩნდა პარლამენტის სპიკერის სავარძელში, საქართველოში დაიწყო ანტისაოკუპაციო აქციები, სადაც საქართველოს ხელისუფლების არაერთი წარმომადგენლის გადაყენება მოითხოვეს. რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი