ახალი ამბები

სოციალურად დაუცველი ოჯახებისა მოსწავლეებისთვის თეთრიწყაროში შემოწირულობებს აგროვებენ

21 აპრილი, 2020 • 983
სოციალურად დაუცველი ოჯახებისა მოსწავლეებისთვის თეთრიწყაროში შემოწირულობებს აგროვებენ

ასოციაცია “სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის” (RDFG) და თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) პანდემიის გამო გამოწვეული კრიზისის ფონზე საკვების და ელექტრონული ტექნიკის გარეშე მყოფი ბავშვებისთვის თანხას აგროვებენ. ამის შესახებ ინფორმაციას RDFG ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, თანხის შეგროვების მთავარი მიზანი იმ ოჯახების დახმარებაა, რომლებიც კრიზისის პირობებში შემოსავლის გარეშე დარჩნენ, ასევე -იმ ბავშვების დახმარება, რომლებიც შესაბამისი ტექნიკის უქონლობის გამო ვერ ახერხებენ ონალინ გაკვეთილებზე დასწრებას და ჩამორჩებიან სკოლის კურიკულუმით გაწერილ სასწავლო აქტივობებს.

„საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შედეგად, უამრავმა ადამიანმა დროებით ან სამუდამოდ დაკარგა არსებული სამუშაო ადგილი. შესაბამისად, დარჩა შემოსავლის წყაროს გარეშე. მათი უმეტესობა ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო. მათ შორის არიან მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც აღარ აქვთ თავის გატანისა და შვილების გამოკვების საშუალება. ისინი გაურკვეველი ვადით უცდიან ხვალინდელ დღეს, რათა შეძლონ ელემენტარული სახსრების მოძიება და ოჯახში ცოტაოდენი საკვებისა და სხვა პირველადი საჭიროების პროდუქტის მიტანა მაინც.

ამასთან, გარე სამყაროსგან მოწყვეტილი აღმოჩნდა უამრავი სკოლის მოსწავლე, რომლებსაც არ აქვთ კომპიუტერები ან სმარტფონები იმისთვის, რომ შეძლონ დისტანციურად დაესწრონ სკოლის გაკვეთილებს. შესაბამისად, ისინი გაურკვეველი ვადით ჩამორჩებიან თანაკლასელებს და სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ დიდი დრო დასჭირდებათ, დაეწიონ თანატოლებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

RDFG და თეთრიწყაროს ლაგი შეგროვებული თანხით სურსათით დაეხმარება სოციალურად დაუცველ 35 ოჯახს, რომელთაც 3 ან მეტი შვილი ჰყავთ. ასევე, დისტანციური სწავლებისთვის საჭირო ტექნიკითა და ყოველთვიური ინტერნეტის პაკეტით უზრუნველყოფს სკოლის მინიმუმ 22 მოსწავლეს.

“ასევე, თუ ფლობთ რაიმე სახის ნივთებს, განსაკუთრებით კომპიუტერებს, სმარტფონებსა და ტაბლეტებს სკოლის მოსწავლეებისათვის და გსურთ მათი გადაცემა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოწყვლადი ოჯახებისათვის, ჩვენ შეგვიძლია შუამავლის როლი ვითამაშოთ და დაგეხმაროთ ამ პროცესში”, – ნათქვამია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაწეული დახმარების შესახებ ინფორმაციის მიღება მოქალაქეებს შეეძლებათ ვებსაიტებზე: rdfg.ge და tetritskarolag.ge. ასევე, დაინტერესებულ პირებს ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად საშუალება ექნებათ, ორგანიზაციებს დაუკავშირდნენ ელ-ფოსტის საშუალებით – info@rdfg.ge.

მასალების გადაბეჭდვის წესი