ახალი ამბები

კორონავირუსი, ბორდერიზაცია და რუსეთი

21 აპრილი, 2020 • 5580
კორონავირუსი, ბორდერიზაცია და რუსეთი

“რუსეთისთვის კორონავირუსი წარმოადგენს კვამლის ფარდას შემდგომი “ბორდერიზაციისთვის”, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირთან ე.წ. საზღვრის გავლების პროცესის თაობაზე.

კვამლის ფარდას უწოდებენ ხელოვნურად შექმნილ ღრუბელს, რომელსაც ომში მოწინააღმდეგისთვის ხილვადობის გასართულებლად, საკუთარი სამხედრო ძალების და ტექნიკის მოქმედებების შესანიღბად იყენებენ. 

კორონავირუსის პანდემიის საწყის ეტაპზე მცირეხნიანი პაუზის შემდეგ, რუსეთი საქართველოში ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით გააქტიურდა: “ბორდერიზაცია”, საქართველოს მოქალაქეების დაკავება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამატებითი ძალების გადასროლა.

დაკავება, ბორდერიზაცია და ფლოტი ყირიმიდან აფხაზეთში

რუსული მედიის ინფორმაციით, კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, შავი ზღვის ფლოტის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ქვედანაყოფი ყირიმიდან აფხაზეთში გაიგზავნა. ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გავრცელდა თავად აფხაზურ წყაროებში. აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერის, როლანდ ჯოჯუას განმარტებით, რუსი სამხედროები აფხაზეთში დისლოცირებულ რუსულ მეშვიდე სამხედრო ბაზაზე საკუთარი გეგმის ფარგლებში, სასწავლო მიზნებით ჩადიან, ხოლო თუ რომელიმე უწყებას დასჭირდება კორონავირუსთან დაკავშირებით დახმარება, “ისინი გაუწევენ ამ დახმარებას დეზინფექციის კუთხით, საკუთარი სწავლებების პარალელურად”.

გასულ კვირას  ცხონვალის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ეს ინფორმაცია ცნობილი გახდა 17 აპრილს, მას შემდეგ, რაც “ამერიკის ხმამ” ხურვალეთში, მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი 87 წლის დათა ვანიშვილს ჩააკითხა. დათა ვანიშვილის მოსანახულებლად მისული შვილიშვილი მალხაზ ვანიშვილი-ქურთაევი 15 აპრილს დააკავეს. მომდევნო დღეს დათა ვანიშვილს სახლში მიაკითხეს და შვილიშვლის მეუღლე თათია ადიკაშვილი დააკავეს. ცოლ-ქმარი ცხინვალში ორკვირიან კარანტინს გაივლიან, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანენ და ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით გაასამართლებენ.

სუს-ის თანახმად, 17 აპრილს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ, „უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განახორციელეს“. უსაფრთხოების სამსახურს არ დაუკონკრეტებია, „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების აღმართვის შემდეგ, დამატებით რა ტერიტორია ექცევა ოკუპირებულ მხარეს. 

ქარელის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა დვანის ადმინისტრაციულ ერთეულში ნოდარ კოპაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ “ბორდერიზაციის” განახლების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სურდა, ადგილზე გასცნობოდა ვითარებას, თუმცა ქართველმა სამართალდამცველებმა ტახტისძირისკენ გადაადგილების ნებართვა არ მისცეს. კოპაძის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ტახტისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე 5 ძელი ჩაარჭვეს (სადაც, სავარაუდოდ, მავთულხლართებს გაავლებენ). შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ექცევა 10 ჰექტრამდე მიწის ფართობი, რომელიც მანამდე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მხარეს იყო. ეს მონაკვეთი დასახლებული არ არის, თუმცა, კოპაძის თქმით, მოსახლეობა ტერიტორიის ნახევარს საძოვრებად, მეორე ნახევარს სახნავ-სათეს მიწებად იყენებდა. ვიზუალიზაციისთვის: 10 ჰექტარზე 14 სტანდარტული ზომის საფეხბუთო მოედანი დაეტევა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, კორონავირუსის პანდემიისა პირობებში, მით უფრო, აღდგომის დღესასწაულის წინა დღეებში, მსგავსი პროვოკაციული ქმედებებით რუსეთის ფედერაცია გამიზნულად ცდილობს ადგილზე ვითარების ესკალაციას და უსაფრთხოების მდგომარეობის გამწვავებას. ქართული მხარის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. გადასასვლელების დაკეტვას და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას 7 თვეში (2019 წლის 4 სექტემბრიდან დღემდე) ემსხვერპლა 13 ადამიანის სიცოცხლე, რომელთაც აუცილებელი სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობა არ მიეცათ.

“ბორდერიზაციის” განახლებას იმავე დღეს გამოეხმაურნენ და დაგმეს საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის საელჩოებმა და რუსეთს მოუწოდეს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმდჯდომარეების განცხადებით, სამხრეთ ოსეთის გამყოფი ხაზის გასწვრივ ნიშნების აღმართვა ხელს შეუწყობს ადგილზე დაძაბული გარემოს შექმნას და ადგილობრივი მაცხოვრებლების საარსებო წყაროებისგან განშორებას მაშინ, როცა დღეს არსებული გამოწვევის დროს ყურადღება უნდა იყოს მიმართული თანამშრომლობისკენ, რეგიონში მცხოვრები ადამიანების საკეთილდღეოდ და COVID-19-ის პანდემიის საფრთხის წინააღმდეგ. 

გლობალური ცეცხლის შეწყვეტის მოწოდება

აღსანიშნავია, რომ თანათავმჯდომარეებმა თავიანთ პრესკომუნიკეში მითითება გააკეთეს გაერო-ს გენერალურ მდივნის, ანტონიო გუტიერეშის მოწოდებაზე და, შესაბამისად, ჟენევის საერთაშორისო მოალაპარაკებების ყველა მონაწილეს მიმართეს, “გვერდზე გადადონ ყველა განსხვავება და თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომელთაც დაძაბულობის ზრდის გამოწვევა შეუძლიათ”.  

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტინიო გუტიერეში ჯერ კიდევ 25 მარტს გამოვიდა გლობალური ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით

“მოვუწოდებ დაპირისპირებულ მხარეებს, გვერდით გადავდოთ უნდობლობა და დავადუმოთ იარაღი. უმნიშველოვანესია, სასიცოცხლოდ საჭირო დახმარებისთვის კორიდორების შექმნა. გავაღოთ ფანჯრები დიპლომატიისთვის, რათა იმედი მივცეთ COVID-19-ის წინაშე ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს. დასრულდეს ომი და ვებრძოლოთ დაავადებას. ეს ნიშნავს, რომ ახლა ცეცხლი უნდა შეწყდეს ყველგან”, – განაცხადა მან.

გაერო-ს გენდმივნის მიერ გახმოვანებული ინიციატივა თითქმის ერთი თვეა, განხილვის საგანია. The Guardian-ის ინფორმაციით, გლობალური ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს გეგმებს აშშ და რუსეთი ბლოკავენ. ვაშინგტონი შიშობს, რომ ეს ანტიტერორისტული ოპერაციებისთვის მის მზაობას ხელს შეუშლის, ასევე, შეაფერხებს ისრაელის ქმედებებს ახლო აღმოსავლეთში, რუსეთს კი არ სურს, საყოველთაო სამშვიდობო შეთანხმება გავრცელდეს სირიაში მის სამხედრო ოპერაციაზე, ან ხელი შეუშალოს მოსკოვის მიერ პროქსი ჯგუფების მხარდაჭერას სხვადასხვა ქვეყნებში. თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელმაც ჩიხიდან გამოსასვლელად გაერო-ს უშიშროების საბჭოს კომპრომისული რეზოლუციის პროექტი შესთავაზა, ამბობს, რომ შეერთებული შტატების და ჩინეთის ლიდერებისგან თანხმობა აქვს და იგივე მოლოდინი აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებითაც. თუმცა ბუნდოვანია, საბოლოოდ რა სახით ჩამოყალიბდება რეზოლუცია. 

გაერო-ს ინიციატივის კვალდაკვალ, ავღანეთის პრეზიდენტმა თალიბანს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოთხოვნით მიმართა, რათა ჯანდაცვის სექტორმა „კოვიდ-19“-თან გამკლავება მოახერხოს. ტერორისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ” კი თავის მებრძოლებს მოუწოდა, არ შევიდნენ იმ მიწებზე, სადაც ეპიდემიაა, რათა არ დაავადდნენ, ხოლო მათ, ვინც უკვე ინფიცირებულია, მოუწოდებენ, დარჩნენ ევროპაში და ეპიდემია გაავრცელონ. 

“გაერო-ს უშიშროების საბჭოში მიმდინარეობს აქტიური განხილვა, რომ კოვიდ 19-ის პანდემიიდან გამომდინარე დედამიწაზე ყველა ომი და საბრძოლო მოქმედება პაუზის ფაზაში გადავიდეს. რუსეთი არის სახელმწიფო, რომელმაც უშიშროების საბჭოში პაუზა აიღო და გადაწყვეტილების მიღებას ბლოკავს. ამიტომ ვფიქრობ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ ვართ იმ ეტაპზე, რაზეც საერთაშორისო ექსპერტები ხშირად საუბრობენ, რომ თითქოს კოვიდ 19-მდე და კოვიდ 19-ის შემდგომი მსოფლიო განსხვავებული იქნება და რუსეთს იმდენი საკუთარი პრობლემა აქვს, ოკუპირებული ტერიტორიებისთვის ვეღარ მოიცლის. საქართველოს მაგალითზე რუსეთი შეფერხების გარეშე აგრძელებს ყველაფერს, რასაც აქამდე აკეთებდა – დაწყებული ფიზიკური აგრესიით და ბორდერიზაციით, დამთავრებული პოლიტიკური განცხადებებით. რამდენიმე დღის წინ ყველამ ვნახეთ მარია ზახაროვას განცხადება ლუგარის ლაბორატორიაზე”, –  უთხრა “ნეტგაზეთს” თინა ხიდაშელმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, რომელიც რუსეთის ჰიბრიდული ომის მექანიზმებს წლებია აკვირდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ 17 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ გაიმეორა კრემლის პროპაგანდის მიერ ფართოდ ტირაჟირებული დეზინფორმაცია აშშ-ის მიერ პოსტსაბჭოთა სივრცეში დაფინანსებულ ბიოლაბორატორიებში შესაძლო საშიში დაავადებების გამომწვევი პათოგენების შექმნის თაობაზე.

კიდევ ერთი, სავარაუდოდ, პროკრემლისტური დეზინფორმაცია არქივიდან, რომელიც სოციალურ ქსელების ქართულ ნაწილში ბოლო დღეებში აქტიურად დატრიალდა, ამბობს, რომ “მხოლოდ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არ არის მიმართულებები, საიდანაც საქართველოს ტერიტორია მცირდება, იგივე ხდება მეზობელი სომხეთის მხრიდან. რამდენიმე დღის წინ სომეხმა სამხედროებმა აქ საზღვარი იმდენად გადმოწიეს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ერთბაშად 10 ჰექტარი მიიტაცეს”.

თინა ხიდაშელის თქმით, სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობაში გავრცელებული მოსაზრებების საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად, კრემლი  ცდილობს ყველას აჩვენოს, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს მსოფლიოში, მისი ნაციონალური ინტერესები და ამბიციები მეორე პლანზე არასდროს გადავა, რა პანდემიამაც არ უნდა მოიცვას მსოფლიო.

“რაც უფრო მეტი იწერება დასავლეთში იმის შესახებ, რომ ხვალ, ზეგ, ამ წუთას რუსეთს აღარ სცალია სხვა ამბებისთვის, მოსკოვი მით უფრო იწყებს მტკიცებას, რომ ყოველთვის ეცლება საკუთარი უპირატესობის საჩვენებლად. როგორც ხშირად, დიპლომატიური და პოლიტიკური რეაგირების მიღმა ეს პროცესი ვერ გადავა. თუმცა ნუ გავუსწრებთ  მოვლენებს. ერთი სუპეროპტიმისტური ამბავი შემიძლია გავიხსენო, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი კრიზისის შემდეგ დგებოდა, მაგალითად, ნატო-ს გაფართოება. გაფართოების ყველაზე დიდი ტალღა 11 სექტემბრის ტერაქტს მოჰყვა. დასკვნებს არ ვაკეთებ, უბრალოდ, გამახსენდა ეს ამბავი. ამიტომ დაველოდოთ პასუხს დასავლეთიდან, სადაც საკმაოდ სერიოზული პროცესია დაწყებული რუსეთთან და ჩინეთთან დაკავშირებით, ბევრი კონსულტაცია მიმდინარეობს რუსულ-ჩინური სადეზინფორმაციო მანქანასთან დაპირისპრების აუცილებლობაზე და, ბუნებრივია, ეს სადეზინფორმაციო მანქანა არ არის მხოლოდ ექსკლუზიურად საინფორმაციო ომი, ის გაცილებით უფრო დიდი და ფართომასშტაბიანია”, – ამბობს ხიდაშელი.

“რაღაც უფრო ახალი და სერიოზული ხდება აფხაზეთში”

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესები “ბორდერიზაციის” განახლებაა, რაც, როგორც წესი, საგაზაფხულო სამუშაოებთან ერთად იწყება, თუმცა “რაღაც უფრო ახალი და სერიოზული ხდება აფხაზეთში”.

“მე მგონი, რომ რუსეთმა გამოიყენა დრო და ვითომდა კორონავისრუსთან ბრძოლის კონტექსტში, ყირიმიდან გააქვს რაღაც საეჭვო იარაღი – ალბათ, უფრო ქიმიური, ბიოლოგიური, ბაქტეროლოგიური. თორემ აფხაზეთში განსაკუთრებული არაფერი ხდება, რომ უბრალოდ სადეზინფექციო მანქანების გაშვების ნაცვლად, ფლოტის ჩართვა ყოფილიყო საჭირო. რადგან ყირიმი ანექსირებულია, უკვე როგორც რუსეთის ნაწილი ექვემდებარება გარკვეულ სამხედრო კონტროლსაც, აფხაზეთში კი უფრო იოლია, რაღაც იარაღი გადაიმალოს. ჩვენ არ ვიცით, რა შეიტანეს გუდაუთის ბაზაზე”, – ამბობს ზაქარეიშვილი, თუმცა განმარტავს, რომ ეს მხოლოდ მისი პირადი მოსაზრებაა და საერთაშორისო თანამეგობრობა, სანამ თვალხილული მაგალითი არ ექნება, როგორც ბორდერიზაციის შემთხვევაში, განცხადებებს ვერ გააკეთებს.  

ცხინვალის რეგიონში კი, ზაქარეიშვილის თქმით, მიუხედავად კორონავირუსისა, რუსეთი აგრძელებს “ბორდერიზაციას” და ამას გააკეთებდა ყველა შემთხვაში, ეპიდემიის საფრთხის თუ მის გარეშე. 

“უბრალოდ, გამოზაფხულდა და დაიწყო სამუშაოები. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიის პერიმეტრი 340 კმ-ია. გამყოფ ხაზის 40 კილომეტრზე გაყვანილია მავთულხლართები და აღმართულია სხვა წინაღობები. სამწუხაროდ, ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენ კი საერთაშორისო საზოგადოებას მუდმივად უნდა შევახსებოთ, რამდენად აგრესიული და ბოროტი სახელმწიფოა რუსეთი, რომ კორონავირუსის პანდემიის დროსაც განაგრძობს ოკუპაციას”, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი