ახალი ამბები

სირთულეები და გამოსავალი ონლაინ სწავლებისას – ინტერვიუ

20 აპრილი, 2020 • 5133
სირთულეები და გამოსავალი ონლაინ სწავლებისას – ინტერვიუ

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში ონლაინ სწავლების მოდელზე გადასვლიდან რამდენიმე კვირა გავიდა. ამ ხნის განმავლობაში, როგორც მასწავლებლებისათვის, ისე მოსწავლეთათვის, გამოიკვეთა გამოწვევები, რომელთა წინაშეც ისინი სასწავლო პროცესში მოულოდნელი ცვლილებების შეტანის შემდეგ აღმოჩნდნენ. რას უკავშირდება აღნიშნული გამოწვევები, შეესაბამება თუ არა ახალ რეალობას ეროვნული სასწავლო გეგმა და რა უნდა გააკეთოს, ერთი მხრივ, სახელმწიფომ, მეორე მხრივ კი, მასწავლებელმა მოსწავლის შრომისუნარიანობისა და ენთუზიაზმის შესანარჩუნებლად? – ამ და სხვა საკითხებზე “ნეტგაზეთს” პედაგოგი ნინო ლომიძე ესაუბრა.

სანამ დეტალებს შევეხებოდეთ, ზოგადად, ელექტრონულ მოდელზე საუბრით დავიწყოთ. გამოიკვეთა თუ არა უკვე ზოგადი სურათი იმ გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც მასწავლებლები დადგნენ მოდელის შეცვლის შემდეგ? ძირითადად რა მიმართულებით შეიმჩნევა სირთულეები?

ონლაინ სწავლებაზე გადართვა ძალიან სწრაფად და მოულოდნელად მოგვიხდა. დარწმუნებული ვარ, ბევრი მასწავლებლისთვის აბსოლუტურად ახალი იყო დისტანციური და ონლაინ სწავლების ფორმატი. შესაბამისად, საკმაოდ ბევრი სირთულეც წარმოიშვა, რაც სავსებით ბუნებრივია. პირველი და ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ძალიან ბევრ მოსწავლეს ამ დრომდე არ აქვს წვდომა ინტერნეტთან სხვადასხვა მიზეზის გამო: ტექნიკური აღჭურვილობა არ აქვთ, ზოგიერთს ინტერნეტი არ მიეწოდება და ა.შ. სწორედ ესაა უმნიშვნელოვანესი საზრუნავი და საფიქრალი – როგორ შეიძლება, მათაც მივაწვდინოთ ხმა და სულ მცირე, უკვე მიღწეული შედეგები არ დავუკარგოთ, ან უკვე ნასწავლის განმტკიცებაზე ვიმუშაოთ.

საკითხი საფუძვლიანად არ მიკვლევია, თუმცა იდეა, გამოსავალი, როგორც წარმომიდგენია პრობლემის დაძლევა, არის ის, რომ გაიმართოს დისტანციური სწავლების ფორმატი. თუკი უკვე აღრიცხულია, რომელ რეგიონში რამდენ ბავშვს არ აქვს წვდომა, უზრუნველყონ ეს სკოლები ამოსაბეჭდი საშუალებებით და  მათ გადაეგზავნოთ დავალებების პაკეტები, სკოლამ ამობეჭდოს ისინი და სამედიცინო რეკომენდაციებისა და ჰიგიენური ნორმების დაცვით გადაეცეთ მოსწავლეებს ეს პაკეტები ერთი ან ორი კვირის მასალით, რასაც შემდგომ თავადვე მიაწვდიან მასწავლებლებს.

მასწავლებლები არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან იმ მოსწავლეთა სწავლების პროცესშიც, რომელთაც აქვთ ინტერნეტთან წვდომა. პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გამოიკვეთა, არის ის, რომ ჯერჯერობით ცენტრალიზებული მითითება სამინისტროსგან არ ყოფილა. შესაბამისად, თითოეული მასწავლებელი თავად გეგმავს სწავლა-სწავლების პროცესს. შეიძლება, ეს ცუდიც არ იყოს, რადგან მასწავლებლები საკუთარი კლასების ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე დაგეგმავენ სასწავლო პროცესს. ერთი, ზოგადი რეკომენდაცია, რაც შეიძლება იყოს, რომ შეძლებისდაგვარად მიზნად დაისახონ ეროვნული სასწავლო გეგმით გაწერილ მისაღწევ შედეგებზე გასვლა.

საკუთრივ საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვის დროს ორ კითხვას ვუსვამ საკუთარ თავს: რა არის ჩემი მიზანი ამ კონკრეტულ გაკვეთილზე და როგორ განვახორციელო ეს მიზანი.  შესაბამისადვე ვგეგმავ ონლაინ გაკვეთილს. აქვე ვითვალისწინებ იმასაც, რომ ზოგიერთ მოსწავლეს აქვს ინტერნეტი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ესწრება ჩართვას. ამ შემთხვევაში დისტანციური სწავლების ფორმატი შეიძლება იყოს მოსახერხებელი მასწავლებლებისთვის. ანუ, მათ გაამზადონ წინასწარ გაკვეთილის გეგმა, მასალები, რომლებიც სჭირდებათ და შემდგომ გადაუგზავნონ იმ მოსწავლეებს, რომელთაც აქვთ წვდომა ინტერნეტთან, თუმცა გაკვეთილს ვერ დაესწრნენ.

ონლაინ და დისტანციური სწავლა-სწავლების ფორმატი ძალიან შრომატევადია. ზოგიერთ მასწავლებელს, ვისაც რამდენიმე კლასი ჰყავს საგანში, ფაქტობრივად, არანორმირებულ  რეჟიმში უწევს მუშაობა. საკუთარი ძალების განსაზღვრა, მუშაობა-დასვენების რეჟიმის შემუშავება, შრომის ჰიგიენის დაცვა ამ პირობებში მნიშვნელოვანია, რათა ემოციური და პროფესიული გადაწვის საფრთხის წინაშე არ დავდგეთ. ერთი პრობლემა, რასაც დავაკვირდი, ისაა, რომ თავდაპირველად მასწავლებლებს გაუჩნდათ სურვილი, რომ ბოლომდე მიჰყოლოდნენ ეროვნულ სასწავლო გეგმას და საგაკვეთილო პროცესი უცვლელად გადაეტანათ ონლაინ რეჟიმში. ეს რთულად შესრულებადი ამოცანაა…

შემდგომი კითხვა სწორედ სასწავლო გეგმას ეხება. სად ხედავთ ძირითად პრობლემებს, აცდენებს სასწავლო გეგმასა და ონლაინ სწავლების მოდელს შორის?

პრობლემა შეიძლება შეიქმნას, თუკი მასწავლებელი მიზნად დაისახავს, მიჰყვეს გეგმას, რომელიც მას უკვე ჰქონდა შედგენილი. თუკი დავისახავთ მინიმალურ ამოცანას, რომ ერთი ონლაინ გაკვეთილის ან დისტანციურად მომზადებული მოდულის განმავლობაში მე შევძლო რაღაც გარკვეული საგნობრივი კომპეტენციისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება, ეს უკვე კარგი იქნება.

თუ შევძლებ უკვე ნასწავლის განმტკიცებას, ესეც კარგი იქნება. და კიდევ, ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი რაც მგონია: სწორედ ახლაა დრო, დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევები გამოვუმუშაოთ ჩვენს მოსწავლეებს. რაც თვალნათლივ გამოიკვეთა, ისაა, რომ მათ ნაკლებად აქვთ დამოუკიდებლად მუშაობის, სამუშაოს სწორად გადანაწილების უნარი. როცა ინსტრუქციას აძლევ მოსწავლეს და ნაბიჯ-ნაბიჯ გაქვს გაწერილი, პუნქტობრივად ჩამოწერილია დეტალები, მაინც ძალიან ბევრი კითხვა მოდის: “ეს ამის შემდეგ უნდა გავაკეთო? ეს როგორ უნდა გავაკეთო?..” ეს არის მიმანიშნებელი, რომ დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევებზე სასკოლო პროცესი ნაკლებად მუშაობს.

ამიტომ, თუკი ავიღებთ მიზნად იმას, რომ შევინარჩუნოთ და განვამტკიცოთ არსებული დონე,  განვუვითაროთ მოსწავლეებს დამოუკიდებლად მუშაობის, გაგება-გაანალიზების უნარები და მივაწოდოთ მცირე დოზით ახალი მასალა, უკვე საკმარისი იქნება.

სასწავლო პროცესის დისტანციურ მოდელზე გადასვლიდან მალე ერთი თვე შესრულდება. ამ დრომდე გეგმა ისეთივეა, როგორიც უწინ. მართებული იქნება თუ არა, თუნდაც, მოსწავლეთა იმავე კრიტერიუმებით შეფასება, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდებოდა? ხედავთ თუ არა სირთულეებს, ერთი მხრივ, მასწავლებლისათვის, მეორე მხრივ კი, მოსწავლისათვის, რომლებიც ჯერ მხოლოდ ახლა უწყობენ ფეხს ახალ სისტემას?

არ ვიცი, ცენტრალიზებულად ეს როგორ გადაწყდება, ალბათ ამუშავებენ ამ საკითხს, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ ეტაპზე,იმ ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც დღეს მოსწავლეებს აქვთ, განმსაზღვრელ შეფასებებზე მასწავლებლებმა უარი უნდა თქვან. დისტანციურად შესრულებული დავალება ოთხდონიანი და ათქულიანი სისტემით შეუფასო მოსწავლეს, არ მგონია, მაინცდამაინც სწორი იყოს. აქ უპირატესობას მივანიჭებდი განმავითარებელ შეფასებას. საკუთრივ ამჟამინდელ პროცესს ვგულისხმობ, თორემ სემესტრული და წლიური ნიშანი რომ გამოსაყვანია, ეს ცხადია. სწავლის პროცესის დამოუკიდებლად შეფასება, საკუთარი მიღწევების, სუსტი მხარეების ანალიზი მოსწავლეს დაეხმარება გააუმჯობესოს შედეგები. ბოლოს და ბოლოს, როგორც დიმიტრი უზნაძე ამბობდა, „სწავლაში ძირითადი მნიშვნელობა აქვს განსაზღვრული მიმართულებით მოსწავლის ძალების განვითარებას…“  და არა მისი შრომის შეფასებას ოთხდონიანი და ათქულიანი სისტემით.

უფრო ნათლად რომ ჩამოვაყალიბო: თუკი მიმდინარე პროცესს შევაფასებთ განმავითარებელი შეფასებით, გავაკეთებთ გარკვეულ რუბრიკებს ან მოსწავლეებს თავად მივცეთ საშუალებას შეაფასონ თავიანთი მუშაობა თვითშეფასების რუბრიკების გამოყენებით, უფრო სასიკეთო იქნება, ვიდრე განსაზღვრული შეფასების მიცემა.

აქ იბადება კითხვა, მაშინ როგორ უნდა შევაფასოთ სემესტრის ბოლოს მოსწავლე? ვფიქრობ, უნდა დავეყრდნოთ მიმდინარე ნიშნებს, უკვე ჩატარებული შემაჯამებლების ნიშნებს და ამასთან, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მასწავლებელთა განმავითარებელი შეფასებები, რომლებიც ონლაინ/დისტანციური პროცესის პირობებში შეგროვდება. არის შემთხვევები, როცა ძალიან ბევრი მოსწავლე ასე, ამ ფორმატში უფრო აქტიურადაა ჩართული სასწავლო პროცესში, ვიდრე უწინ. მათი შეფასება მარტო არსებული ქულებით უსამართლო იქნებოდა.

როდესაც ვმუშაობ მოსწავლეებთან ონლაინ რეჟიმში, ცხადია, მაქვს გარკვეული აღრიცხვა-შეფასება. ოღონდ არა 10-ბალიანი სისტემით, არამედ სიტყვიერი, რომელი მოსწავლე არის ჩართული, რომელი მოსწავლე აგზავნის დავალებებს მითითებულ ვადებში, რა ხარისხის არის შესრულებული დავალება… ვიღაცამ, შეიძლება, დააკოპირა მასალა და ჩასვა, ვიღაცამ იფიქრა და მისი ნაფიქრი ჩანს. ამ ყველაფერს აღვნუსხავ და შეფასების დროს აუცილებლად გავითვალისწინებ.

ასე რომ, მშრალი რიცხვები არ უნდა იყოს ამოსავალი წერტილი. ამ სიტუაციაში დამატებით კიდევ დავსტრესოთ მოსწავლეები განმსაზღვრელი შეფასებით, არ მიმაჩნია სწორად. შემაჯამებელი დავალებების მიმართულებითაც ვფიქრობ, რომ მეტი შეღავათი და თავისუფლება მასწავლებელს უნდა მიენიჭოს. მან თავად უნდა გადაწყვიტოს. შეიძლება, მაგალითად, ერთი შემაჯამებელი ტესტის გაკეთება… ყოველ შემთხვევაში მკაცრად მოთხოვნა არ იქნება მიზანშეწონილი.

კოლეგები დამეთანხმებიან, რომ მუშაობის პროცესში მასწავლებლებს გვაფიქრებს მოსწავლე, მისი ინდივიდუალური შესაძლებლობები, ორიენტირებულები ვართ მის განვითარებაზე, გვაინტერესებს, რა იცის მან ახლა და სადამდე გვინდა მივიყვანოთ.

მეორე მხრივ, შესაძლებელია ამ მიმართულებით ცვლილებების გატარება მხოლოდ პედაგოგთა დონეზე, თუ აუცილებელია კონკრეტული გადაწყვეტილებები სამინისტროს მხრიდან?

ველოდებით, რომ რაღაც დადგენილება იქნება და დეტალურად მოგვაწვდიან ინფორმაციას ყველაფერ იმის შესახებ, რაზეც ვისაუბრეთ. ასევე, როგორც ვიცი, მუშავდება სხვადასხვა პროექტი და პროგრამა, როგორ შეიძლება დაიძლიოს ეს პრობლემები და როგორ შეიძლება, მასწავლებლებსა და მოსწავლეებსაც მიეწოდოთ რესურსები, რაც მათ სჭირდებათ ამ ვითარებაში. ველით, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდება.

ერთი, რაც შეიძლება ვთქვა, ამ ვითარებაში, კარგი იქნებოდა, უკვე გვქონოდა ნაფიქრი, თუ არადა, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ფიქრი “შებრუნებული საკლასო ოთახის” პრინციპზე, რომელიც ძალიან კარგად ამუშავებს მოსწავლის დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევებს. ეს არაჩვეულებრივი იქნებოდა მსგავსი სიტუაციებისთვის. როგორც ვიცი, ამ მიმართულებით აქტივობები არის, მეც ვარ ერთ-ერთ ასეთ პროექტში ჩართული.

კონკრეტულად, რას გულისხმობს ეს მოდელი?

ეს გულისხმობს იმას, რომ იქმნება ერთიანი რესურსი, რომელიც როგორც მოსწავლეს, ისე მასწავლებელს, საშუალებას მისცემს, საკლასო ოთახის მიღმა, დისტანციურად შეძლოს გაკვეთილში ჩართვა. აქ იგულისხმება ის, რომ ერთ პლატფორმაზე არის თავმოყრილი ყველაფერი: ყოველგვარი მასალა, ვიდეო, თეორიული მასალა, ახსნილი მასალა, დავალებები, თვითშეფასების რუბრიკები… პლატფორმა “COURSERA-ს” მსგავსი რესურსი, სადაც შეგიძლიათ, აირჩიოთ ნებისმიერი კურსი, რომლის დასრულების შემდეგაც გეცოდინებათ საკითხი საფუძვლიანად. ეს ფორმატი ერთ-ერთი საუკეთესოა მსგავს ვითარებაში. ის დაახლოებით მაინც მიგვიყვანს იმ შედეგებამდე, რა შედეგებზეც გავდივართ „ცოცხალი“ სწავლების დროს.

რა შეუძლია რიგით პედაგოგს მოსწავლის ენთუზიაზმისა და შრომისუნარიანობის ასამაღლებლად ფორმატის უცაბედი ცვლილების შემდეგ? რას ურჩევდით კოლეგებს და თქვენ რა ხერხებს მიმართავთ?

ძალდატანების, მაკონტროლებელი, „სადამსჯელო“ ღონისძიებების გარდა, სხვა ნებისმიერი მეთოდი. თითოეულმა მასწავლებელმა თვითონ  იცის არაჩვეულებრივად, კონკრეტულ მოსწავლეს რა სჭირდება, რა აუმაღლებს მოტივაციას. ვიღაცას სჭირდება პირადი შეტყობინება – “აბა, როგორ ხარ, ხომ ხარ ყოჩაღად?”… ვიღაცას სჭირდება ონლაინ ჩართვა, მასწავლებლის დანახვა და მისგან პირადი მითითებების ან შექების მიღება… ანუ, ყველაფერი, გარდა სადამსჯელო ღონისძიებებისა. ამ პირობებში ყველას ძალიან გვიჭირს, ძალიან უჩვეულო ვითარებაა. ამ დროს იძულებით რაღაცის გაკეთება, ან ნიშნის გამო რაღაცის გაკეთება, ამის მოტივაციად ქცევა, არ იქნება სწორი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი