ახალი ამბები

ნავთობზე ფასი $11-მდე დაეცა, რა ვითარებაა საქართველოში

20 აპრილი, 2020 • 2544
ნავთობზე ფასი $11-მდე დაეცა, რა ვითარებაა საქართველოში

კორონავირუსის პანდემიის გამო, რასაც მსოფლიოში ეკონომიკური აქტივობის შეჩერება მოჰყვა მსოფლიო ბაზარზე, ბარელი ამერიკული ნედლი ნავთობის ფასი 11.54 დოლარი გახდა.

CNBC წერს, რომ ასეთი დაბალი ფასი ნავთობზე 1983 წლის შემდეგ არ ყოფილა. ნავთობზე ფასის ვარდნა პანდემიის გამო მასზე მოთხოვნის მკვეთრ შემცირებას უკავშირდება, ამიტომ ინდუსტრია ნავთობის მიმწოდებლებისგან წარმოების შემცირებას ითხოვს. თვის დასაწყისში OPEC-ის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ ნავთობის წარმოების 10%-ით შემცირებაზე. BBC-ის თანახმად, ამ დოზით ნავთობის მოპოვება არასდროს შეუმცირებიათ.

Forbes-ის თანახმად, შესაძლოა, რომ უახლოეს პერიოდში ფასი $10-მდეც კი დაეცეს.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვარალაშვილი ნეტგაზეთს ეუბნება, რომ საქართველოში საწვავზე ფასი საშუალოდ 40 თეთრით არის შემცირებული. მისივე მტკიცებით, საქართველოში საწვავზე ფასი კიდევ შემცირდება.

“საწვავზე ფასები საშუალოდ 40 თეთრით შემცირდა. ბრენდირებული კომპანიის შემთხვევაში ისინი ე.წ. ლოიალურ მომხმარებლებს, რომლებიც მათი ბარათებით სარგებლობენ ან კორპორატიული მომხმარებლები არიან, კიდევ დამატებით იღებენ 10-15- თეთრიან ფასდაკლებას. ასეთი ბარათები სხვადასხვა კომპანიის თითქმის ყველა მომხმარებელს აქვს. ბუნებრივია, ფასების კლება გაგრძელდება”, – ამბობს მთვარალაშვილი.

როგორც CNBC წერს, ნავთობზე მოთხოვნის შემცირების ფონზე, აშშ-ში ნავთობის რეზერვები იზრდება, რაც ფასის კლებას განაპირობებს. 2019 წელს ერთი ბარელი ნავთობის საშუალო ფასი $64 იყო, 2018 წელს კი -$71.

2020 წლის მარტიდან, — პანდემიის გავრცელების პარალელურად, — რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის, რომლებიც ნავთობის ბაზარზე მსხვილი მოთამაშეები არიან,  „ნავთობის ფასების ომი“ მიმდინარეობს.

ნავთობის ფასები მას შემდეგ დაეცა, რაც რუსეთმა და ოპეკმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ნავთობის მოპოვების შეზღუდვაზე.

რუსეთმა უარი განაცხადა, დაეკმაყოფილებინა ოპეკის მოთხოვნა ნავთობის მოპოვების შემცირებაზე. ოპეკის ქვეყნებს სურდათ, ამგვარად დახმარებოდნენ სანავთობო ბაზარს, რომელსაც კორონავირუსის გამო ბოლო დროს პრობლემები შეექმნა.

ამასთან ერთად, საუდის არაბეთმა კიდევ ერთი ზომა მიიღო და განაცხადა, რომ აპრილში თავისი ნავთობის ფასს ბარელზე 6-8 აშშ დოლარს დააკლებს. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ამის მიზანი ბაზარზე თავისი წილის გაზრდა და რუსეთზე ზეწოლაა.

ნავთობის ფასის დაცემასთან ერთად გაუფასურდა რუსული რუბლიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი