ახალი ამბები

ბრაზილიის პრეზიდენტი შეუერთდა აქციას კარანტინის დასრულების მოთხოვნით

20 აპრილი, 2020 •
ბრაზილიის პრეზიდენტი შეუერთდა აქციას კარანტინის დასრულების მოთხოვნით

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო კარანტინის დასრულების მოთხოვნით ქვეყნის დედაქალაქში შეკრებილ დემონსტრანტებს შეუერთდა. რამდენიმე ასეული ადამიანი არმიის შტაბთან კვირას, 20 აპრილს შეიკრიბა და გააპროტესტა გუბერნატორების მიერ მიღებული ზომები, რომლებიც Covid-19-ის თანმდევი რისკების შემცირებისკენაა მიმართული.

მედიის ცნობით, დემონსტრანტებმა არმიას მოუწოდეს, თავად ჩაერთოს ვირუსის რეგულირების საქმეში, ზოგიერთი მათგანი კი სამხედრო ინტერვენციას ითხოვდა სახელმწიფო კონგრესისა და უზენაესი სასამართლოს გასანეიტრალებლად, რომელთაც გუბერნატორების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს მანამდე მხარი დაუჭირეს.

ბოლსონარო, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას რამდენჯერმე დაახველა, აქციაზე პირბადის გარეშე იყო მისული.

“მე აქ ვარ, რადგან თქვენი მჯერა და თქვენ ხართ აქ, რადგან გჯერათ ბრაზილიის”, – მიმართა მან შეკრებილებს, თუმცა, France24-ის თანახმად, არ გამოხმაურებია მათი ნაწილის მოწოდებებს კონგრესისა და სასამართლოს სამხედრო ინტერვენციის გზით განეიტრალების შესახებ.

ბოლსონაროს მიაჩნია, რომ ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში გუბერნატორების მიერ მიღებული ზომები, მათ შორის, კარანტინი, ქვეყნის ეკონომიკას აზარალებს. ამის გამო მან თანამდებობიდან გადააყენა ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც აღნიშნულ ზომებს მხარს უჭერდა.

20 აპრილსვე გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ბრაზილიის მოსახლეობის უმრავლესობა სოციალურ იზოლაციას ემხრობა.

ბრაზილია Covid-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით, რომელიც 38 000-ს აღემატება, პირველია ლათინური ამერიკის რეგიონში. ქვეყანაში ვირუსს 2400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი