დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, 7-10 დღეში გამოჩნდება, ის თუ რა როლს ითამაშებს რეკომენდაციების შეუსრულებლობა კორონავირუსის გავრცელებაში.
საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას, ამირან გამყრელიძე მადლობას უხდის იმ მოქალაქეებს, ვინც სააღდგომო წირვას არ დაესწრო.
„ვფიქრობ, რაც ვნახეთ გუშინ, ის რომ ნაკლები ადამიანი იყო თავშეყრილი, იყო დაცული დისტანცირება… ძალიან ბევრი კი არ მივიდა და მადლობა ამ ადამიანებს, სოციალური პასუხისმგებლობა ვინც გაითვალისიწინა. ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდდამხოლოდ შეამცირებს ქვეყანაში ვირუსის შემდგომი გავრცელების რისკს“.
„დამშვიდების საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს, იმიტომ, რომ ახალი შემთხვევების ზრდა იქნება და რა როლი ითამაშა იმ შეზღუდვებმა, რომლებიც განხორციელდა და ასევე, მათ, რომლებიც არ განხორციელდა, სამწუხაროდ, – ამას ჩვენ დავინახავთ 7-10 დღის შემდეგ“, – ამბობს გამყრელიძე.
საქართველოში ბოლო მონაცემებით კორონავირუსის 394 შემთხვევა დადასტურდა, აქედან გამოჯანმრთელდა 86, გარდაიცვალა – 4.
ეს მაჩვენებელი ნიშნავს, რომ ქვეყანაში 304 აქტიური პაციენტია ანუ ის პირი, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა და რომელიც ახლა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს








