სასტუმრო Holiday Inn-ში ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები დღეს, დილით 11:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა არჩევნების ჩატარება ჯერ ვერ ხერხდება.
შსს-ს ცნობით, ფეხბურთის ფედერაციის ყრილობის დელეგატი, გეგა გობეჯიშვილი ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით არის დაკავებული. გობეჯიშვილი რევაზ არველაძის მხარდამჭერია და არველაძე არჩევნების დაწყების გადადებას იქამდე მოითხოვს, სანამ გობეჯიშვილს არ გაათავისუფლებენ, რათა მასაც მიეცეს არჩვენბში მონაწილეობის მიღების საშუალება.
რევაზ არველაძემ და მისმა მხარდამჭერებმა სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” გამართულ ბრიფინგზე სასამართლოს მოუწოდეს, რომ გამოუშვან დელეგატი გობეჯიშვილი. ვეტერანი ფეხბურთელის, ვაჟა ჟვანიას თქმით, არველაძის წარმდგენი დელეგატის დაკავება კითხვის ნიშნებს ბადებს.
დილიდან ხმაურია სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზეც. საპრეზიდენტო კანდიდატების მხარდამჭერებსა და დელეგატებს შორის უკვე რამდენჯერმე მოხდა შელაპარაკება.
ერთმანეთს დაუპირისპირდნენ შოთა არველაძე და რომან ფიფია. ფიფია ამბობდა, რომ რევაზ არველაძის მხარდამჭერებს დელეგატი ჰყავთ ჩაკეტილი, რის მერეც შოთა არველაძემ ის სიცრუეში დაადანაშაულა. დელეგატების ოთახში ჩაკეტვის შესახებ განცხადებებს საარჩევნო კანდიდატი, ლევან კობიაშვილიც აკეთებდა.
