ახალი ამბები

კლინიკა TIM-ში 2 ექიმს, 5 ექთანს და 2 პაციენტს COVID-19 დაუდასტურდა

17 აპრილი, 2020 • 1139
კლინიკა TIM-ში 2 ექიმს, 5 ექთანს და 2 პაციენტს COVID-19 დაუდასტურდა

კლინიკა “თიმში”, რომელიც COVID-19-ის მართვაში ჩართული არ არის, ორ ექიმს, ხუთ ექთანსა და ორ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდათ, ამის გამო კლინიკა კარანტინშია მოქცეული.

როგორც კლინიკის დირექტორ ლევან  ყურაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, ხუთი ადამიანის ტესტის შედეგებს დღის ბოლოსთვის ელოდებიან. “ინფიცირების წყარო არის ერთ-ერთი ექთანი, რომლის ძმასაც კორონავირუსი აღმოაჩნდა”, – ამბობს ის. სხვა დეტალების შესახებ კლინიკაში არ საუბრობენ.

მანამდე მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზემოხსენებული ძმა თბილისში მომუშავე სასულიერო პირია, რომელიც ამჟამად ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს ოჯახთან ერთად.

მღვდელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ამბობს, რომ ხარების დღესასწაულზე სხვებთან ერთად ეზიარა. ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში ის ყვება, რომ ამ დღეს წირვაც აღავლინა.

„მხოლოდ სიცხეები მქონდა, მეტი არაფერი. მე, ზოგადად, ბრონქების პრობლემა მაქვს, სისუსტეები მაქვს, მარხვაში, მით უმეტეს, ამიტომ მიკეთებდა ოჯახის წევრი გადასხმებს, ხარებას ვიყავი ბოლოს, წირვა აღვავლინე დისტანციის დაცვით“, – ამბობს ის.

რაც შეეხება ინფიცირების წყაროს, ტელეკომპანიასთან საუბარში ის ყვება, რომ მისი ოჯახის წევრი ერთ-ერთ საავადმყოფოში მუშაობს და მას გადასხმებს უკეთებს. რამდენიმე დღის წინ პროცედურისთვის კლინიკაში მივიდა, სადაც ხალმხრავლობა იყო. მღვდელი ვარაუდობს, რომ ვირუსით სწორედ იქ დაინფიცირდა.

პაციენტი  13 აპრილს ბოჭორიშვილის კლინიკაში ოჯახის წევრებთან ერთად მოათავსეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა, მაკა სოლოღაშვილმა განუცხადა.

“დადასტურებულია კოვიდ-19-ის დიაგნოზი, გამოვლენილია მშრალი ხველა და ტემპერატურის მაღალი მაჩვენებელი. სასულიერო პირი გუშინ შემოიყვანეს კლინიკაში. ოჯახის სულ სამი წევრია მოთავსებული, მაგრამ რომელს რომლისგან გადაედო, ამ ეტაპზე ამაზე საუბარი არ არის საფუძვლიანი”, – განმარტა სოლოღაშვილმა.

 

17 აპრილის 13:33 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 370-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში 34 ახალი შემთხვევაა რეგისტრირებული.

79-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც, გარდაცვლილია 3 პირი, კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 5 ათასზე მეტი პირი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 540.

მასალების გადაბეჭდვის წესი