ახალი ამბებისაზოგადოება

მანქანების აკრძალვა: პრობლემა ქველმოქმედებისთვის

17 აპრილი, 2020 • 4177
მანქანების აკრძალვა: პრობლემა ქველმოქმედებისთვის

17 აპრილის 12 საათიდან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გარდა საგამონაკლისო შემთხვევებისა, ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება იკრძალება.

უწყებას ამით კორონავირუსის გავრცელების შენელება სურს, თუმცა აქტივისტები ამბობენ, რომ აღნიშნული შეზღუდვა დიდ ზარალს მიაყენებს იმ შეჭირვებულ მოქალაქეებსა და უსახლკარო ცხოველებს, რომლებსაც ფიზიკური პირებისგან შემდგარი საქველმოქმედო საინიციატივო ჯგუფები ეხმარებოდნენ.

საქმე ის არის, რომ საქართველოში ბევრი ინდივიდუალური პირი ყოველდღიურად საკვებსა და საჭირო ნივთებს აგროვებს, რათა შემდგომ მათ დაურიგოს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება.

თუმცა იმ პირობებში, როდესაც მანქანით მგზავრობა აკრძალულია, ტვირთის გადატანა შორ მანძილზე გართულდა.

აქტივისტთა ნაწილი მთავრობასგან ითხოვს, დაუშვას სპეციალური საშვები, რათა გადაადგილება უპრობლემოდ და ჯარიმების გარეშე შეძლონ.

„3 000 ზარი მაქვს, დახმარებას მთხოვენ, მაგრამ ვერ მივდივარ“  – მოქალაქეები დახმარების გარეშე 

ნეტგაზეთი ესაუბრა სამ პირს, ვინც ორგანიზებას უწევს ამა თუ იმ საქველმოქმედო საქმიანობას.

სამივე მათგანი ამბობს, რომ მსუბუქი ავტომანქანების მოძრაობის აკრძალვით მოქალაქეთა ნაწილს ვეღარ დაეხმარებიან. სიტუაციიდან გამოსავალს კი მთავრობის მხრიდან გამონაკლისის დაშვებაში ხედავენ.

აკა სინჯიკაშვილი

აკა სინჯიკაშვილი ერთ-ერთია იმ აქტივისტებს შორის, რომელიც მოქალაქეებს საკვებითა და სხვა აუცილებელი ნივთებით ეხმარება. ამისთვის თითქმის ყოველდღიურად ფეისბუკის მეშვეობით თანხებს აგროვებს, შემდეგ კი სოციალურად დაუცველებთან მიაქვს.

თუმცა მსუბუქი ავტომობილების აკრძალვის შემდეგ ამბობს, რომ რა ქნას, არ იცის.

„კარგი იქნებოდა, რაიმე საშვი დაშვებულიყო. ახლა მანქანები გავაჩერეთ და ახლოს რა მისამართებიცაა, მხოლოდ მანდ დავდივართ, ისიც ხელით მიგვაქვს. ძალიან რთულია, როგორც მინიმუმ, 30 კილოგრამის ტარება მაინც გვიწევს.

3 000 მისამართი, სადაც საჭმელი უნდა მივიტანო, მხოლოდ მე მაქვს.. ზარები ახლაც არ წყდება“, – ამბობს აკა სინჯიკაშვილი ნეტგაზეთთან.

რაც შეეხება საჭმლის დარიგებას რომელიმე სადისტრიბუციო კომპანიის დახმარებით, რომელსაც უკვე აქვს სპეციალური ნებართვა/საშვი მანქანით გადაადგილებაზე, სინჯიკაშვილი ამბობს, რომ ეს გამოსავალი ვერ იქნება. საუბარია იმის შესახებ, რომ აქტივისტებმა პროდუქცია შუამავალ კომპანიას გაატანოს ადრესატთან:

„8 წელია ასე დავდივარ და არც მანამდე და არც ახლა ისეთი პირობა არცერთ კომპანიას შემოუთავაზებია, რომ გამომდგომოდა.

სადისტრიბუციო მანქანა, რომელშიც 1 ადამიანი უნდა იჯდეს, ფიზიკურად ვერ გადაანაწილებს იმდენ ოჯახზე პროდუქტს. ამასთანავე, არსებობს [დაკარგვის] რისკიც ხოლმე… ამიტომ, ჩვენ მარტო არასდროს დავდივართ. მოპედებზე კი საუბარიც ზედემეტია“ ,- განმარტავს ის.

მარიამ თითბერიძე

ფეისბუკზე საქველმოქმედო ჯგუფის – „დავეხმაროთ მოხუცებს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. მარიამ თითბერიძე ნეტგაზეთთან იმავე პრობლემაზე საუბრობს. ის გვიყვება, რომ მართალია, მოხუცებისთვის პროდუქტების ნაწილის მიტანა პირდაპირ მარკეტებიდან ე.წ. გამოძახების სერვისითაა შესაძლებელი, მაგრამ ეს პრობლემას ვერ აგვარებს.

„ხშირია შემთხვევები, როდესაც ბებიები და ბაბუები გვთხოვენ, რომ კონკრეტული დასახელების პროდუქტები ან წამლები მივუტანოთ. რამდენიმეს ავუგროვეთ ფულიც, ვინაიდან მათ ასე გვთხოვეს, მაგრამ ეს ფული მათთან ვერ მიგვაქვს. ანგარიშზე ვერ ჩავურიცხავთ იმიტომ, რომ სოციალური დახმარება მოეხსნებათ და მათთან ვერც მე მიმაქვს თანხა.

ბევრისთვის ფულის დროულად მიტანა გადამწყვეტია, იმიტომ, რომ ზოგჯერ საუბარია ქირის გადასახადზე ან წამალზე, რომელიც მხოლოდ მის სახელზე ან მხოლოდ უბნის აფთიაქში იყიდება“, – ამბობს მარიამი.

მისი შეფასებით, ყველაზე რთული არის პროდუქტების რეგიონებსა და სოფლებში დარიგება, სადაც, როგორც წესი, მიტანის სერვისი არ მიდის.

„ჩვენ რაიონებშიც ვეხმარებით მოქალაქეებს და გვყავს მოხალისეები. მაგალითად, კახეთში ერთი ქალი გვეხმარება, რომელიც თავად თელავში ცხოვრობს და მანქანით საჭირო პროდუქტები მიაქვს. თუმცა, ახლა ამას ვეღარ აკეთებს“, – ამბობს მარიამი და ამატებს, რომ არსებული სიტუაციიდან გამოსავალი არის მთავრობის მიერ სპეციალური საშვების დაშვება საქველმოქმედო მიზნებისთვის.

ესმათ მორკოზი

ესმათ მორკოზი წარმოშობით ეგვიპტელია, რომელიც უკვე წლებია საქართველოში ცხოვრობს და თანამოაზრეებთან ერთად  სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ეხმარება.

ნეტგაზეთს ის უყვება, რომ დაახლოებით 100 ადამიანისთვის საკვები და სხვა საჭირო ნივთები შეაგროვეს, თუმცა მათი დარიგება მსუბუქი მანქანების აკრძალვასთან ერთად გართულდა.

„მე და ჩემს მეგობრებს გვინდა, საქართველოს დავუბრუნოთ ის, რაც თავად მოგვცა [მხარდაჭერა], ამიტომ ხშირად ვერთაინდებით ხოლმე და პროდუქტებს ვარიგებთ“, – ამბობს ის.

ესმათ მორკოზი გვიყვება, რომ შეგროვებული პროდუქტების ნაწილი ეკლესიაში მიიტანეს, ნაწილი საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადასცეს, თავად კი აკრძალვის გამო მათი დარიგება ვერ შეძლეს.

„თუ ვერ გადავარჩენთ, ბევრი მიუსაფარი ცხოველი უბრალოდ დაიხოცება“

მანქანით მოძრაობის აკრძალვა პრობლემურია მიუსაფარი ცხოველებისთვისაც. აქტივისტები ამბობენ, რომ საგანგებო მდგომარეობამდე, ასეთი ცხოველების უმეტესობა კვების ობიექტებთან ცხოვრობდა და საჭმელსაც აქ პოულობდა – იქნებოდა ეს გადაგდებული ნარჩენები თუ თანამშრომლების გულისხმიერება.

ახლა კი, როდესაც ასეთი ობიექტები დაიხურა, ხოლო მოხალისეებს მანქანების საშუალებით მათთვის საკვები ვეღარ გადააქვთ – ცხოველები სიკვდილის საფრთხის წინაშე დგანან.

??? მეგობრებო, ხვალ დილით 12სთ.მდე გვჭირდება მოხალისეების მობილიზება რაც შეიძლება მეტ დაუსახლებელ ტერიტორიაზე, რომ…

Posted by Keti Oragvelidze on ხუთშაბათი, 16 აპრილი, 2020

აქტივისტები ჯგუფში მარტო დარჩენილი ცხოველებისთვის  ამბობენ, რომ ცხოველთა ნაწილს საკვები დილით, შეზღუდვის ამოქმედებამდე დაურიგეს, თუმცა უფრო დიდი ნაწილი საკვების გარეშე დარჩება. შესაბამისად, მოსახლეობის მობილიზებაა აუცილებელი.

ნეტგაზეთი ასევე ესაუბრა ჯგუფის ერთ-ერთ ორგანიზატორს, მარიამ ცერცვაძეს, რომელმაც გვითხრა, რომ ასეთ დროს სპეციალური საშვი ან საგამონაკლისო დაშვება ქველმოქმედებისთვის ბევრი ცხოველის სიცოცხლეს გადაარჩენს.

„სიტუაცია ახლა ძალიან მძიმეა. საქართველოში, მათ შორის სოფლებში ან/და ტრასებზე, ძალიან ბევრი მიუსაფარი ცხოველია, რომელთანაც ამ აკრძალვის ფონზე უბრალოდ ვეღარ მივდივართ.

ისინი მშივრები არიან და, ფაქტობრივად, დახოცვის წინაშე იმყოფებიან. მე გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ მოხალისეებზე გაიცეს სპეციალური საშვები, რომელსაც ხელისუფლება მკაცრად გააკონტროლებს და ასევე, ამ პროცესში ჩაერთოს მუნიციპალიტეტი, დაგვეხმაროს მანქანებითა და საკვებით“,- ამბობს მარიამ ცერცვაძე.

მისი თქმით, კომუნიკაცია ამ თემაზე მუნიციპალიტეტთან შედგა, თუმცა, რაკი გადაწყვეტილება ახალია, ჯერ არანაირი კონკრეტული გეგმა არ არსებობს.

საგანგებო მდგომარეობის საკითხებზე შექმნილ სამთავრობო ცხელ ხაზზე ამბობენ, რომ თუ არსებობს საქველმოქმედო ორგანიზაცია, მისი წევრები მოხალისეობის დამდასტურებელი საბუთის წარდგენის [პოლიციისთვის] შემთხვევაში ავტომობილით გადაადგილებას შეძლებენ, თუმცა მოხალისე ფიზიკურმა პირებმა მუნიციპალიტეტებს უნდა მიმართონ ინდივიდუალურად. მერიის ცხელ ხაზზე კი ამბობენ, რომ ასეთი საშვების დაშვება მათი პრეროგატივა არაა.

ნეტგაზეთმა საქველმოქმედო მიზნებისთვის მოხალისეებისთვის საშვების გაცემასთან დაკავშირებით კითხვა საქართველოს მთავრობას გაუგზავნა, თუმცა პასუხი დღეს არ მიგვიღია. უწყებისგან ცნობების მიღების შემთხვევაში, ეს მასალაც განახლდება.

ვის არ შეეზღუდა მსუბუქი ავტომობილით მოძრაობა?

მოძრაობა არ ეკრძალებათ დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის წარმომადგენლებს – მაგალითად, დისტრიბუციას. ასევე, მოპედებსა და ველოსიპედებს. თუმცამოქალაქეებს ტაქსით სარგებლობა ეზღუდებათ.

სასულიერო პირები ერთ-ერთი ის გამონაკლისური ჯგუფია, რომელსაც გამკაცრებული საგანგებო მდგომარეობის დროს მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება შეუძლიათ.

საპატრიარქომ ამის შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა და თან თქვა, რომ მთავრობას გუშინდელი გადაწყვეტილება – მსუბუქი ავტომობილების აკრძალვის შესახებ – მათთან არ შეუთანხმებია.

ვის, როგორ და რა ტრანსპორტით შეეძლება გადაადგილება

მასალების გადაბეჭდვის წესი