სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 3 ოქტომბერს არის დაგეგმილი, კანდიდატებისთვის ხმის მიცემის უფლებით სფფ-ის წევრების მიერ შერჩეული დელეგატები სარგებლობენ. ფედერაციის წესდების მეათე მუხლში ჩამოთვლილია სფფ-ის 35 წევრი – რეგიონალური ფედერაციები, საფეხბურთო კლუბები, ფეხბურთთან დაკავშირებული ასოციაციები და გაერთიანებები. საპრეზიდენტო კანდიდატურებსაც სფფ-ის სუბიექტები წარადგენენ. არჩევნებიდან 3 დღით ადრე საფეხბურთო დავების განმხილველმა სპორტულმა ტრიბუნალმა გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონალური ფედერაციის დელეგატები არჩევნებს ჩამოაშორა.
2015 წლის 19 აგვისტოს გურიის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ებრალიძემ ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობის სფფ-ის გენერალური მდივანი, რევაზ არველაძე საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა, ხოლო ხმის უფლების მქონე დელეგატად გოჩა ტყებუჩავა შეარჩია.
30 სექტემბერს საფეხბურთო დავების განმხილველმა სპორტულმა ტრიბუნალმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 24-ე საარჩევნო ყრილობის დელეგატთა კანონიერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ტრიბუნალმა სფფ-ის აღმასკომის გადაწყვეტილება გააუქმა, რომლის მიხედვით, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის დელეგატად დამტკიცდა გია გილიგაშვილი. საფეხბურთო დავების განმხილველმა სპორტულმა ტრიბუნალმა, ასევე, გააუქმა სფფ-ის აღმასკომის გადაწყვეტილება გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის დელეგატად გოჩა ტყებუჩავას დანიშვნის შესახებ. ტრიბუნალმა არ დააკმაყოფილა გამგეობის წევრთა მოთხოვნა დელეგატად იური ჩხაიძის კანდიდატურის დამტკიცების შესახებ.
გოჩა ტყებუჩავას დელეგატობიდან მოხსნას პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი, უეფას დელეგატი მამუკა კვარაცხელია ითხოვდა. გადაწყვეტლებას, ასევე, გურიის ფედერაციის გამგეობის წევრები აპროტესტებდნენ, რომლებსაც მათი მხრიდან დელეგატი ს.ფ. ”გურიის” აღმასრულებელი დირექტორი იური ჩხაიძე ყოფილიყო. როგორც მამუკა კვარაცხელია აცხადებდა, სფფ მისსავე ეთიკის კოდექსის მე-5 მუხლს არღვევდა, რაც ინტერესთა კონფლიქტს გულისხმობს.
ფეხბურთის ფედერაციის და სფფ-ის აღმასკომის მიერ დაშვებული დარღვევების შესახებ საუბრობდა ლევან კობიაშვილიც, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატად ს.კ. ”დინამომ” წარადგინა. კობიაშვილმა ამის შესახებ უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინს და გენერალურ მდივან ჯანი ინფანტინოს სახელზე ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირს 25 სექტემბერს წერილი მისწერა, რომელიც გუშინ ოფიციალურ ფეისბუკის გვერდზეც გამოაქვეყნა.
ლევან კობიაშვილი აცხადებს, რომ სფფ-ის აღმასკომმა რამდენიმე გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ თავისივე წესდების იგნორირებით მიიღო და საქმე არაობიექტურ პროცესებთან გვაქვს. პრეზიდენტობის კანდიდატი, ისევე როგორც მისი კონკურენტი კვარაცხელია, დელეგატის ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობდა და ”უეფას” რეაგირებას სთხოვდა. სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით UEFA-ში წერილი 26 ქართულმა კლუბმაც გააგზავნა. ისინი ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირს სამართლიანად ჩატარების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ.
კობიაშვილისა და ქართული კლუბების წერილების საპასუხოდ UEFA-მ გადაწყვიტა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებს მათი წარმომადგენლები დააკვირდნენ. თუმცა, როგორც ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, UEFA-ს დამკვირვებლების ჩამოსვლის შესახებ დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი.
დღეს დილიდან სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში უეფასგან მოსული წე…
Posted by Levan Kobiashvili on Wednesday, September 30, 2015
დღეს კობიაშვილმა წინასაარჩევნო პროცესის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა. მან ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ ისაუბრა ფეხბურთის ფედერაციისა და სფფ-ის აღმასკომის მიერ დაშვებულ დარღვევებზე, რომლებიც, მისი თქმით, გადაწყვეტილებების მიღებისას ხდებოდა. როგორც კობიაშვილი აცხადებს, წესდების გათვალისწინებით, საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, აღმასკომის არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ის არ ტარდება. მისი თქმით, მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ტრიბუნალის დამოუკიდებლობის გარანტი თავადვე იქნება.
ლევან კობიაშვილი სფფ-ის არჩევნების მოგებაში დარწმუნებულია. როგორც კობიაშვილმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში რაიმე ზომების მიღების საჭიროებას არ განიხილავს, რადგან თვლის, რომ არჩევნებს მოიგებს.
”გულახდილად გეტყვით, არ დამჭირდება ასე მოქცევა, რადგან ვიცი, რომ არჩევნებს მოვიგებ. მაგის საჭიროება არ გახდება. რამდენი ხანია ვიძახი, რომ აღმასკომი უნდა აირჩეს. თქვენ იცით, წინა არჩევნებზე აღმასკომი როგორ აირჩიეს? წესით, ალფავიტის მიხედვით უნდა იყოს სია. სიაში პირველი 18 ჩამოწერეს, რომ ვინმეს არ შეშლოდა ის, თუ ვინ უნდა აერჩიათ. ზოგადად, ასეთი არასერიოზული მიდგომაა. ეს თუ არ შეიცვალა, პრობლემები არ მოგვარდება. ძალიან დიდ პატივს ვცემ რეზის და მის ოჯახს, მაგრამ როდესაც ვხედავ, ასეთი დამოკიდებულებით უნდათ არჩევნები ჩაატარონ და ასე უნდათ მომავალშიც მართონ, ეს ჩემთვის მიუღებელია. მე ამ სისტემასთან მაქვს პრობლემა, თორემ პიროვნულად არავის მიმართ არ მაქვს პრობლემა,” – განაცხადა კობიაშვილმა.
თავის მხრივ, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია რევაზ არველაძე. მისი მხარდამჭერი რამდენიმე დელეგატის მოხსნის მიუხედავად, არველაძე თვლის, რომ სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს.
ყველაფრის მიუხედავად…!!!
Posted by Revaz Arveladze – რევაზ არველაძე on Thursday, October 1, 2015
არველაძე ”ფაქტორში” სტუმრობისას აცხადებს, რომ გარდა რაჭა-ლეჩხუმისა და გურიის რეგიონული ფედერაციების დელეგატების ჩამოშორებისა, მას შემდეგ, რაც კახეთის რეგიონული ფედერაციის დელეგატმაც ღიად გამოხატა რევაზ არველაძის მხარდაჭერა, ისიც შეცვალეს სხვა დელეგატით. პრეზიდენტობის კანდიდატი სფფ-ის არჩევნებში სახელმწიფოს ჩარევაზე მიანიშნებს.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, სახელმწიფო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებთან მიმართებაში ნეიტრალიტეტს იცავს. ის ფიქრობს, რომ საფეხბურთო სამყაროს შესწევს იმის ძალა, ერთხელ და სამუდამოდ ჩაატაროს დემოკრატიული, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები.
ლევან კობიაშვილი, მიმდინარე წლის ივლისში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თამაშებზე ოლიმპიური სოფლის მერად წარადგინა. 27 ივლისს ”პრაიმტაიმის” ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, ჩაერეოდა თუ არა სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ უპასუხა: ”სახელმწიფო უნდა ჩაერიოს. რომ არ ჩაერიოს, ეს იქნება დანაშაული და პრობლემა. სახელმწიფო ყოველწლიურად დაახლოებით 40 მილიონზე მეტს ხარჯავს ქართულ ფეხბურთში. დღეს, ეტყობა ქართულ ფეხბურთს რაიმე, რომ 40 მილიონი ლარი იხარჯება? ის, რაც ხდება ფეხბურთის ფედერაციაში, ის ჭაობი, რაც არის, უნდა დავასრულოთ ერთიანი ძალისხმევით. უნდა იყოს ჩართული არა მარტო ხელისუფლება, მთლიანად, საფეხბურთო სამყარო, გულშემატკივარი, რადგან ის მძიმე მდგომარეობა, წლებია მოგვდევს და ყოველ წელს იქმნება შთაბეჭდილება, რომ მომავალი წელი იქნება კარგი, გვექნება სიახლე, განვვითარდებით, პირიქით, ჭაობში მივდივართ. ეს არის ძალიან მძიმე და უნდა შევცვალოთ.”
22 სექტემბერს კალაძემ მისი ნათქვამი განმარტა და აღნიშნა, რომ მისი ნათქვამი არასწორად იყო ინტერპრეტირებული. როგორც კალაძემ აღნიშნა, ის სახელმწიფოს ჩარევაში “ფინანსურ ჩარევას” გულისხმობდა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების დამოუკიდებლად და დემოკრატიულად ჩატარება არაერთხელ გამხდარა დავის საგანი. 2007 წლის სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე, ყოფილი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე ფედერაციის პრეზიდენტად არჩევიდან დაახლოებით ერთ საათში თანამდებობიდან გადადგა. როგორც მაშინ ნემსაძემ განაცხადა, სფფ-ის პრეზიდენტობა მისი თვითმიზანი არ ყოფილა, თუმცა საფეხბურთო წრეებში მის გადაწყვეტილების მიზეზად პოლიტიკურ ზეწოლას ასახელებდნენ. ნემსაძემ 2007 წელს ორ კანდიდატს აჯობა – ნოდარ ახალკაცს, ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს, და მამუკა კვარაცხელიას, რომელიც 2015 წლის არჩევნებშიც მონაწილეობს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალ პრეზიდენტს შაბათს აირჩევენ. სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო Hollidey Inn-ში გაიმართება.