ახალი ამბები

კორონავირუსის პრევენციის მიზნით რამდენიმე პირმა ადუღებული წყლით პირი დაიწვა – ქაშიბაძე

16 აპრილი, 2020 • 3255
კორონავირუსის  პრევენციის მიზნით რამდენიმე პირმა ადუღებული წყლით პირი დაიწვა – ქაშიბაძე

კორონავირუსის წინააღმდეგ პროფილაკტიკის მიზნით საქართველოში რამდენიმე მოქალაქემ ადუღებული წყალი დალია, რის შედეგადაც მათი ნაწილი პირის ღრუს დამწვრობით თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ  ნეტგაზეთს თბილისის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ დაუდასტურა.

“სამი მოზრდილი პაციენტი გვაყვდა სხვადასხვა დროს, სამივე მათგანს დასჭირდა ამბოლატორიული მკურნალობა, ჩაუტარდათ პირველადი დახმარება და მიეცათ დანიშნულება. სამივეს მდგომარეობა არის მსუბუქი. დაახლოებით 4 სატელეფონო ზარი შემოვიდა ადუღებული წყლის დალევასთან დაკავშირებით. ყველა მათგანის მიზანი იყო კორონავირუსის წინააღმდეგ პროფილაკტიკის მიზნით ადუღებული წყლის მიღება”, – განაცხადა ქაშიბაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

16 აპრილის 17 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 336 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 76 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

კორონავირუსისგან პრევენციის საშუალებებია ხელების ხშირი დაბანა, ადამიანებს შორის დისტანციის დაცვა, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა და ყველაზე მთავარი – სოციალური დისტანცირება, რაც გულისხმობს გარეთ მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გასვლას. ცხელი წყლის დალევა კორონავირუსის პრევენციის მიზნით რეკომენდებული არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი