ახალი ამბები

ჩალაგაშვილი: გურამ დონაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

16 აპრილი, 2020 • 1761
ჩალაგაშვილი: გურამ დონაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელის, გურამ ჩალაგაშვილის განცხადებით, ბუტა რობაქიძის საქმეში უფლებამოსილების გადამატებაში მსჯავრდებულმა გურამ დონაძემ საპატიმრო გუშინ, 15 აპრილს დატოვა.

“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის თქმით, დონაძეს საპროცესო შეთანხმება მას შემდეგ გაუფორმდა, რაც მან და საქმის კიდევ ერთმა ფიგურანტმა, ზურა მიქაძემ, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მისცეს:

“ნოემბერში სანდო წყაროზე დაყრდნობით მე გავაკეთე განცხადება, რომ ხელისუფლება, კერძოდ, პროკურატურა, გურამ დონაძეს და ზურაბ მიქაძეს ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიცემული ყალბი ჩვენების გამო სთავაზობდა საპატიმროებიდან გათავისუფლებას.

ზუსტად ერთი კვირის წინ, მიუხედავად პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობისა, ხელისუფლებამ ორივე სირბილით მიიყვანა სასამართლოში. მათ შეასრულეს პირობა და მისცეს ჩვენება ირაკლის წინააღმდეგ და, როგორც ჩენთვის გახდა ცნობილი, ბატონმა დონაძემ უკვე დატოვა გუშინ საპატიმრო, მიქაძე კი ერთ თვეში დატოვებს” ,- ამბობს ჩალაგაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ  გურამ დონაძისა და იმ პირთა მიმართ, რომლებიც 2004 წელს პოლიციის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში იყვნენ ბრალდებულები, 18 დეკემბერს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

შსს-ს პრესსამსახურის ყოფილ თანამშრომელს, გურამ დონაძეს  5 წლითა და 3 თვის ვადით მიესაჯა პატიმრობა. გარდა ამისა, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლითა და სამი თვით. რაც შეეხება ზურა მიქაძეს, მას სასჯელის სახით განესაზღვრა პატიმრობა 5 წლითა და 3 თვის ვადით, თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადიათ.

“ნეტგაზეთი” საკითხის დასაზუსტებლად საქართველოს პროურატურას დაუკავშირდა. უწყებისგან პასუხის მიღების შემდეგ მასალა განახლდება.

ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც 20-21 ივნისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დააპატიმრეს, ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი 19 ნოემბერს თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით წაუყენეს.

13 აპრილს 20-21 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. როგორც ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდება ორი ნაწილისგან შედგებოდა — ოქრუაშვილს აბრალდებნენ ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას.

ადვოკატის ცნობითვე, ოქრუაშვილი ხელმძღვანელობის ნაწილში გამართლდა, თუმცა მონაწილეობაში დამნაშავედ ცნო სასამართლომ. ოქრუაშვილი ბრალდებას უარყოფს. ოპოზიცია ოქრუაშვილის პატიმრობას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.


ბუტა რობაქიძე 2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე, დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მოკლა.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქმის გამოძიება განახლდა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით ბრალდებით გამოძიება შსს-ს არაერთი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ დაიწყო.

2013 წელს ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ირაკლი ფირცხალავამ პროკურატურაში ვიდეომასალა მიიტანა, რომელშიც, მისი მტკიცებით, ჩანს, თუ როგორ პოულობენ ადგილზე მისული სამართალდამცავები იარაღს. თუმცა რობაქიძის ოჯახს ამის არ სჯერა და ამბობს, რომ მასალა ყალბია.

მასალების გადაბეჭდვის წესი