სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2019 წლის ანგარიშში, რომელიც 15 აპრილს წარუდგინეს პარლამენტს, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით წერს:
„2019 წელს ერთ-ერთი ურთულესი გამოწვევა იყო 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები და მისი თანმხლები შედეგები. აღნიშნულმა დიდწილად დააზიანა ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო.
აგრესია, ძალადობა, სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობა, ასევე, უკონტროლო და ქაოტური ვითარების შექმნისკენ მიმართული ქმედებები და აღნიშნულის „მიღებულ ნორმად“ დამკვიდრების მცდელობები მნიშვნელოვან გამოწვევებს ქმნის სახელმწიფოებრიობის, კონსტიტუციური წყობილებისა და მმართველობის ფორმებისთვის.
ჩამოთვლილი ქმედებები, გარდა იმისა, რომ მასშტაბური შიდაპოლიტიკური კრიზისის მაპროვოცირებელია, შესაძლოა, მყისიერად იქნეს გამოყენებული უცხო სახელმწიფოების მიერ ქვეყანაში უფრო მწვავე, შეუქცევადი პროცესების გააქტიურებისთვის“.
2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან „მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის“ სესიას რუსულ ენაზე გაუძღვა რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რასაც ოპოზციისა და მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა.
მასშტაბურ საპროტესტო აქციაზე მოქალაქეებმა მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე, საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წელს პროპორციული სისტემით.
ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია.
დარბევისას დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა.
დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს. აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნდათ და პროტესტს აგრძელებდნენ გახარიას გადადგომის მოთხოვნით. პერმანენტული აქციები რუსთველის გამზირზე თვეზე მეტხანს გრძელდებოდა.
20 ივნისის მოვლენების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა შექმნეს ფორმატი “ყველა ერთის წინააღმდეგ” და რამდენჯერმე სცადეს პარლამენტის პიკეტირება. აქციები სპეციალური დანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით რამდენჯერმე დაშალა.
გარეკანის ფოტო: 20 ივნისის ღამე რუსთაველის გამზირზე/გიორგი არჯევანიძე