ახალი ამბები

„გარკვეული ძალები“ ჰესებზე ხალხის პოლარიზაციას ცდილობდნენ – სუსი პანკისზე

16 აპრილი, 2020 • 1540
„გარკვეული ძალები“ ჰესებზე ხალხის პოლარიზაციას ცდილობდნენ – სუსი პანკისზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუსი) 2019 წლის ანგარიშში, რომელიც 15 აპრილს წარუდგინეს პარლამენტს, წერს, რომ „გარკვეული ძალები“ ჰესების მშენებლობის საკითხზე „მოსახლეობის პოლარიზაციას“ ცდილობდნენ და იქვე ახსენებს ჰესის საკითხზე პოლიციასთან დაპირისპირებას, რაც პანკისის ხეობაში მოხდა.

„ნეტგაზეთმა“ სუსის პრესსამსახურს მიმართა კითხვით, თუ შეუძლიათ დააკონკრეტონ, კონკრეტულად ვის/რას გულისხმობდნენ, თუმცა მოგვწერეს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანგარიშში მითითებულ ინფორმაციას მეტს ვერაფერს დაამატებს.

ანგარიში სხვადასხვა საკითხს მიმოიხილავს, მათ შორის, კონტრდაზვერვით საქმიანობას და წერს, რომ „საქართველოზე გავლენის მოპოვებით დაინტერესებული სახელმწიფოები ასევე ცდილობდნენ ქვეყანაში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების დაპირისპირებას და საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას“.

სწორედ აქვე, ამ ნაწილშია საუბარი ჰესებზეც:

„2019 წელს გარკვეული ძალების მიერ ადგილი ჰქონდა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საკითხის თაობაზე მოსახლეობის პოლარიზაციის მცდელობას“.

იქვეა ნახსენები მოსახლეობის პოლიციასთან დაპირისპირება, რაც 2019 წლის აპრილში პანკისის ხეობაში მოხდა, თუმცა პანკისი არ არის დასახელებული და ზოგადად წერია, რომ „დაფიქსირდა მოსახლეობის მხრიდან სახელმწიფოსთან ძალისმიერი დაპირისპირების ფაქტი“.

21 აპრილს პანკისის ხეობაში პოლიცია და მოსახლეობა, რომელიც ხეობაში ხადორი ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებოდა, ერთმანეთს დაუპირისპირდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაპირისპირების შედეგად დაზიანდა პოლიციის მანქანები, ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა; დაშავდნენ სამართალდამცავებიც და ადგილობრივებიც.

ხეობაში ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რომელმაც ადგილობრივებთან მოლაპარაკებების შემდეგ თქვა, რომ ჰესის მშენებლობა შეჩერდება მანამ, სანამ პროექტს მოსახლოების 90% მაინც არ დაუჭერს მხარს.

ადგილობრივი აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიუთითებენ, რომ პანკისში, ისევე როგორც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სხვა დასახლებებში, სახელმწიფო პოლიტიკას სუსი განსაზღვრავს. 21 აპრილის მოვლენებისა და პანკისის ხეობის მიმართ პოლიტიკის შესახებ ნახეთ „ნეტგაზეთის“ ვიდეო:

დაპირისპირების ხსენების შემდეგ სუსი წერს, რომ „გასულ წელს ადგილი ჰქონდა სხვადასხვა დესტრუქციული ძალების მხრიდან რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების გარკვეულ ნაწილზე იდეოლოგიური ზეგავლენის და სეპარატისტული განწყობების სხვადასხვა ფორმით წახალისების მცდელობებს“.

„აღნიშნულის ფარგლებში, სხვადასხვა სოციალური, კულტურული, საქველმოქმედო, საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურული თუ ბიზნეს პროექტებისა და აქტივობების საფარქვეშ, სამიზნე ჯგუფებში ხორციელდებოდა ანტიქართული განწყობების გაღვივებისა და საქართველოს სახელმწიფოსგან მათი დისტანცირების მცდელობა“.

„ამავე დროს, პერიოდულად ვრცელდებოდა გაყალბებული ფაქტები და მიმდინარეობდა მითების შექმნა, რათა ყოფით ნიადაგზე წამოჭრილი საერთო პრობლემები ეთნიკური ნიშნით წარმოჩენილიყო“.

„საანგარიშო პერიოდში კონტროლზე იყო აყვანილი საქართველოს ტერიტორიაზე მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარება. აღკვეთილი იქნა გარკვეული აქტივობები, სადაც იგეგმებოდა საქართველოს მოქალაქეებში დესტრუქციული განწყობების გაღვივება. თავიდან იქნა აცილებული ცალკეული პირების ჩართვა ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაგეგმილ მსგავს პროექტებში. ხორციელდებოდა შესაბამისი სასაზღვრო კონტროლი და განეიტრალდა ეთნიკური დაპირისპირებების საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანის მცდელობები“, – წერს სუსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი