ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი ახალგორელ მძიმე პაციენტებს თბილისში არ უშვებს

15 აპრილი, 2020 • 1427
ცხინვალი ახალგორელ მძიმე პაციენტებს თბილისში არ უშვებს

ოსური მხარის, კონკრეტულად კი, დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილებით, ახალგორში მცხოვრებ პაციენტებს თბილისში წამოსვლის უფლებას ისევ არ აძლევენ.

მათ შორისაა 70-მდე წლის კაცი ახალგორის სოფელ იკოთიდან, რომელსაც სიმსივნის დიაგნოზი ცხინვალში დაუსვეს, თუმცა სამკურნალოდ თბილისში წამოსვლა თავად ექიმებმა ურჩიეს.

როგორც პაციენტის შვილი, წეროვანში მცხოვრები გოჩა ბუნტური ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, უკვე ყველა ზომას მიმართეს, მათ შორის, ადგილობრივ, დე ფაქტო ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს, თუმცა, უშედეგოდ – ” გვეუბნებიან, რომ შეუძლებელია, რადგან არსებობს აკრძალვა და ვერავინ დაარღვევს”.

მეორე მძიმე პაციენტი ქალი, პენსიონერი ნაირა ჩერქეზიშვილი ამჟამად ახალგორის კლინიკაში გულის მწვავე დაავადებით წევს. ქალს გულზე სასწრაფო ქირურგიული ჩარევა სჭირდება, თუმცა, ცხინვალის აკრძალვის გამო, ასევე ვერ ახერხებს თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო სერვისის მიღებას.

თავად ახალგორის კლინიკაში, სამედიცინო სერვისებისა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის არარსებობის გამო, პაციენტები ვერ იღებენ ადეკვატურ მომსახურებას. გუშინ ახალგორში დაკრძალეს 65 წლის კაცი, რომელმაც ბოლო კვირის განმავლობაში დაბალი წნევის გამო რამდენჯერმე გამოიძახა სასწრაფო დახმარება. მოგვიანებით კაცმა საავადმყოფოს თავად მიაკითხა, თუმცა კვალიფიციური დახმარება არ აღმოუჩინეს და ის კლინიკაშივე გარდაიცვალა.

“ახალგორში მოსაბრუნის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ხანგრძლივი დროით ჩაკეტვამ რაიონი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დააყენა. გადაუდებელი სამედიცინო საჭიროების მიუხედავად, ადამიანებმა ვერ შეძლეს ახალგორის დატოვება, რაც რამდენიმე შემთხვევაში ფატალური შედეგებით დამთავრდა”, – ვკითხულობთ უფლებადამცველი ორგანიზაცია “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” ანგარიშში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.

ცხინვალმა, დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის პირადი განკარგულებით, ახალგორელებისთვის თბილისში გადმოსასვლელი გამშვები პუნქტი 2019 წლის სექტემბერში მას შემდეგ ჩაკეტა, რაც ქართულმა მხარემ კონფლიქტის ზონასთან ახლოს, სოფელ წნელისში პოლიციის საგუშაგო გახსნა. ბიბილოვი ღიად აცხადებს, რომ გამშვები პუნქტი მანამდე იქნება ჩაკეტილი, სანამ თბილისი პოლიციის შენობას არ აიღებს. შესაბამისად, ახალგორელები დღეს დე ფაქტო პრეზიდენტის პირად მძევლებად რჩებიან.

2019 წლის დეკემბერში გზის დაკეტვას ახალგორელი პენსიონერი ქალი, მარგო მარტიაშვილიც ემსხვერპლა. მარტიაშვილი, რომელიც, სავარაუდოდ, ინსულტის დიაგნოზით ცხინვალის კონტროლირებად ტერიტორიაზე გარდაიცვალა, იქამდე ცხინვალის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში ვეღარ გადმოიყვანეს.

ახალგორელთა ნელი სიკვდილი ბიბილოვის ავტორიტეტის გადასარჩენად

მასალების გადაბეჭდვის წესი