ახალი ამბებიკომენტარი

კოვიდთან ბრძოლის და ეკლესიის არჩევანის შესახებ | თინა ხიდაშელი

14 აპრილი, 2020 • 3834
კოვიდთან ბრძოლის და ეკლესიის არჩევანის შესახებ | თინა ხიდაშელი

ავტორი: თინა ხიდაშელი

ერთადერთ კითხვაზე ვეძებ პასუხს, რატომ? სხვა ყველაფერი დიდი ხნის ნათქვამი, ნამსჯელი და განხილულია. რატომ დაუპირისპირდა ეკლესია ხალხს? ხელისუფლებას? კონსტიტუციურ წესრიგს? რატომ გადაწყვიტა გადამწყვეტი ბრძოლის გამართვა სწორედ ახლა, ამ ჟამიანობის დროს?

ჯერ ფაქტები.

ციანიდის საქმის შემდეგ ეკლესიის ავტორიტეტი და რეპუტაცია კრიზისში აღმოჩნდა და ყველა კვლევის მიხედვით დაღმასვლას განიცდიდა. ამ საქმის დეტალების გამოაშკარავებამ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდენის შემდეგ ყველაზე მეტი კითხვა და თავსატეხი გაუჩინა მორწმუნეებს. მათ ნდობა და რწმენა შეერყათ, თავისიანის მათთვის გაუგებარი და არადამაჯერებელი არგუმენტებით გაწირვა ვერ გაუგეს, ვერ აპატიეს ეკლესიას.

ყველა მიზეზი გვაქვს გვეფიქრა, რომ კოვიდ-კრიზისი იყო შესაძლებლობა ეკლესიისთვის, ხალხის გვერდით დამდგარიყო, მოსახლეობის სრულიად ლეგიტიმური წუხილი, პრობლემები და ტრაგედიებთან შერკინება ექცია საკუთარი საქმიანობის უმთავრეს მისიად. ხალხის მხარეს, ხალხის მხარდამჭერად და უმთავრეს მოამაგედ, ერის გამაერთიანებლად წარმოჩენილიყო. ამით რეალურ სამსახურსაც გაუწევდა პრაქტიკულად უნუგეშოდ დარჩენილ ადამიანებს და შერყეულ რეპუტაციასაც აღიდგენდა.

ჩვენი მოლოდინების საწინააღმდეგოდ ეკლესიამ ზუსტად საპირისპირო გზა აირჩია. მეცნიერებას, უხილავ, მაგრამ აგრესიულ მტერთან ბრძოლის ყველას მიერ არჩეულ გზას, მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა წამყვანი რელიგიის, მათ შორის კონსტანტინოპოლის, გადაწყვეტილებებს დაუპირისპირდა და სრულიად კონფრონტაციული, საზოგადოების გამხლეჩისა და დამპირისპირებლის როლი მოირგო.

ბუნებრივად იბადება კითხვა, რატომ? რითი შეიძლება აიხსნას ამგვარი მოქმედება, ამგვარი არჩევანი?

ჩემი საქმიანობის არცერთ ეტაპზე არ გამოვირჩეოდი შეთქმულების თეორიების მიმდევრობით ან სიმპათიებით. შესაბამისად, არ მჯერა ვერსიის იმის შესახებ, რომ ეს რუსეთის ეკლესიის სხვა, მართალია, თავად კოვიდის საწინააღმდეგო ზომებთან შეგუება გადაწყვიტა, მაგრამ ქართული ეკლესია მათი რაღაც გაუგებარი მითითებების შემსრულებელია. არ მჯერა იმიტომ, რომ სუპერინფანტილური მგონია ამგვარი ვერსია და ვერც იმის რაციონალურ ახსნას ვპოულობ, ან ერთს ან მეორეს რა პოზიტიურ შედეგს მოუტანს ასეთი საქციელი.

შესაბამისად, ერთადერთი ახსნა მრჩება. რაღა თქმა უნდა, ზემოთ ნახსენები და კიდევ მრავალი სხვა დიდი და მცირე მიზეზის გამო, შერყეული რეპუტაციის და ნდობის აღდგენა სურს ეკლესიას, მაგრამ ამისთვის რეპუტაციის ძალაუფლების გამყარებით აღდგენის გზა აირჩია.

ეს გზა კი რეალური ძალაუფლების და ხალხის ქცევისა და არჩევანის განმსაზღვრელი უზენაესი ძალის რეპუტაციაა, ან უბრალო ენაზე სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ შეთქმულებაა, რომელიც ხელისუფლებისთვის ძალის დემონსტრირებას, მისი კიდევ უფრო მეტად დელეგიტიმაციას და ისედაც უდავო უპირატესობის საბოლოოდ ჩაბეტონებას ისახავს მიზნად.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ საპატრიარქოს გადაწყვეტილებების და საჯარო განცხადებების უდიდესი უმრავლესობა დისკრიმინაციული, უპირატესობის დამდგენი და ელიტისტურია. ანუ ყველაფერი ის, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მოძღვრებას და მის ფუნდამენტურ საწყისს და, იმავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნამსხვრევად აქცევს იმ სულ მცირეოდენ ჯერ კიდევ არსებულ სახელმწიფოებრიობასაც, რომელსაც 30 წლის მანძილზე გამალებით ვანადგურებთ ერი და ბერი.


რედაქციის შენიშვნა: კომენტარების განყოფილებაში გამოქვეყნებული სხვადასხვა ავტორის მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს “ნეტგაზეთის” პოზიციას. 

ავტორის შესახებ:

თინათინ ხიდაშელი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარეა. იმავდროულად, იგი კავკასიის უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული პროფესორია. სხვადასხვა დროს არჩეული იყო ქ. თბილისის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტში, სადაც ხელმძღვანელობდა საპარალამენტო საგამოძიებო კომისიას და ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტს; იყო ქვეყნის თავდაცვის პირველი ქალი მინისტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი