ახალი ამბები

ლაშა კილაძე: მარიხუანის მოხმარებაზე კანონმდებლობის ლიბერალიზაცია პრობლემას ვერ მოაგვარებს

30 სექტემბერი, 2015 •
ლაშა კილაძე: მარიხუანის მოხმარებაზე კანონმდებლობის ლიბერალიზაცია პრობლემას ვერ მოაგვარებს

ლაშა კილაძის განცხადებით, რთულია ნეგატიური შეფასება გააკეთო, როდესაც საუბარობენ იმის შესახებ, რომ კანონი უფრო ჰუმანური გახდეს. თუმცა, მისივე განცხადებით, ამ პროცესს თან ბევრი რისკი ახლავს. 

 

“ყველა შემთხვევაში, როცა ხდება კანონმდებლობის ლიბერალიზაცია, ეს ითვალისწინებს იმას, რომ დარღვევების რიცხვი გაიზრდება. ეს არის აბოსლუტურად ბუნებრივი და თანმდევი პროცესი. სხვა საკითხია, რაოდენ ეს ლიბერალიზაცია არის საჭირო და რაოდენ ჩვენი საზოგადოება არის მზად ამისთვის და რაოდენ ეს საზოგადოების მოთხოვნაა და არა ვიწრო ჯგუფების, რომლებიც საზოგადოების სახელით გამოდიან,”– ამბობს ლაშა კილაძე. 

 

ლაშა კილაძის თქმით, საზოგადოების ინტერესით აპელირება არ არის ვალიდური, რადგანაც, მისივე განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მარიხუანის ლიბერალიზაციით დაინტერესებული არ არის. 

 

კილაძე ამბობს, რომ EMCDDA–ის მონაცემებით, რომელიც ნარკოტიკების ბრუნვის მონიტორინგს ახორციელებს, დღეს სპეციალიზებულ დაწესებულებებს ყველაზე ხშირად ჰეროინის შემცველი პრეპარატებზე დამოკიდებულთა შემდეგ მარიხუანის მომხმარებლები მიმართავენ.

 

კილაძის განცხადებით, საქართველოში მარიხუანას მომხმარებლების დაახლოებით 70%–ის შემთხვევაში ის მხოლოდ ეტაპური ნარკოტიკია, და ადამიანები მარიხუანის მოხმარების შემდეგ სხვა, უფრო მძიმე ნარკოტიკებს მოიხმარენ. 

 

ლაშა კილაძის თქმით, არ არის დარწმუნებული, რომ ამ კანონპროექტის ძალაში შესვლის შემთხვევაში, ქვეყანა რაიმე პოზიტიურს მიიღებს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის ადამიანები არ უნდა დაიჭირონ:

 

“მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, როგორც მედიკოსი, არ ვარ დაინტერესებული ნამდვილად, რომ ჩვენი მოქალაქეები დაისაჯონ არაადეკვატურად მკაცრად. მე ვთვლი, რომ მარიხუანას მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთა რაღაც ფორმით, თუკი ამას არ აქვს სისტემატური ხასიათი, თუკი ამას არ აქვს გასაღებასთან კავშირი, თუკი ამას არ აქვს საზოგადოებისთვის საზიანო პრობლემასთან კავშირი, იდეაში არ უნდა იყოს თავისუფლების აღკვეთით დასჯილი,”– ამბობს ლაშა კილაძე

 

კილაძის განმარტებით, არ არის გამორიცხული ისიც, რომ თუკი ნარკოვითარება დამძიმდება, მარიხუანა ძალიან პოპულარული გახდება და ამას მოჰყვება მისი სხვადასხვა სისტემებში, მაგალითად, სასასწავლო დაწესებულებებში გავრცელება, შესაძლოა ისევ გახდეს საჭირო სასჯელის სახით პატიმრობის გამოყენება.

 

ლაშა კილაძე პორტალ
ლაშა კილაძე პორტალ ‘კვირას’ პრესკლუბში მარიხუანასთან დაკავშირებით კანონმდებლობის ლიბერალიზაციაზე საუბრისას. 30.09.2015

ლაშა კილაძის განცხადებით, მის ხელთ არსებული მონაცმებით, დღეს საქართველოს ციხეებში მარიხუანის მოწევისთვის სასჯელს არ იხდიან, ამიტომ პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეიობს, ღია კარის მტვრევას ჰგავს. მისივე განცხადებით, ბევრ ევროპულ ქვეყანაში კანონმდებლობა ითვალისწინებს აღკვეთის ღონისძიებებს მსუბუქი ნარკოტიკების, მარიხუანის მოხმარების დროს, თუმცა სამართალდამცავები პატიმრობას, ძალიან იშვიათი გამონკალისების გარდა, არ იყენებენ. 


კილაძე ამბობს, რომ ნარკომანიასთან ბრძოლის კუთხით კანონმდებლობის ლიბერალიზაცია ეფექტური ვერ იქნება.

 

“მე არა მგონია, კანონმდებლობის ლიბერალიზაციის ნაწილი იყოს ამ პრობლემის გადაჭრის გზა, ამ პრობლემის გადაჭრის გზა არის სრულყოფილი საინფრომაციო კამპანია, სრულყოფილი პრევენციები, აი, იმ მიზან–ჯგუფებში, სადაც ეს სენი გვხვდება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არც ერთი ამგვარი ორგანიზაცია, რომელიც გამოდის მარიხუანის დეკრიმინალიზაციისა და კანონმდებლობის ლიბერალიზაციის მოთხოვნით, მე არ მინახავს, რომ პრევენციულ ღონისძიებებს ატარებდეს და აწარმოებდეს,”– აცხადებს ლაშა კილაძე. 

 

 

კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი იხილავს


დეპუტატ გოგა ხაჩიძის კანონპროექტი პარლამენტში, რომელიც მარიხუანის მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებას ითავლისწინებს, 3 აგვისტოს დარეგისტრირდა. კანონპროექტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების – კანაფის (ზეთი, ფისი, ნაყენი, მცენარე), მარიხუანის (გამომშრალი, ნედლი) მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა გასაღების მიზნის გარეშე, ან/და მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე, უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას მისი განმეორების შემთხვევაშიც.


კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა გასაღების მიზნის გარეშე, ან/და მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე, არ უნდა იწვევდეს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას მისი განმეორებით ჩადენის შემთხვევაშიც, რადგან აღნიშნული ქმედება არ არის სისხლისსამართლებრივად საშიში.


წამყვანი კომიტეტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტია, რომელმაც კანონპროექტს მხარი იმ დათქმის გათვალისწინებით დაუჭირა, რომ მარიხუანის მცირე ოდენობით განმეორებითი მოხმარება რჩება სისხლის სამართლის დანაშაულად, თუმცა სანქციების ნაწილში აღარ იქნება გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა. 


სისხლის სამართლის მოქმედი კანონმდებლობით, კანაფის, მარიხუანის გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონო შეძენა ან შენახვა, ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე  პირველ ჯერზე მოხმარება განეკუთვნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, ხოლო განმეორებით იგივე ქმედების ჩადენა პირის სისხლისსამრთლებრივ პასუხისმგებელობას იწვევს. 


მოძრაობა 2.06 უკვე წლებია, მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქციებს მართავს. 2015 წლის ივნისში გამართულ აქციაზე მომხრეთა სლოგანი იყო “არ დაიჭირო”, სადაც მთავრობას მოუწოდებდნენ, მარიხუანის მოხმარების გამო ადამიანები არ დაეჭირათ. 

აქცია მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით. თბილისი 02.06.2015
აქცია მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით. თბილისი 02.06.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი