ახალი ამბები

ბოლო 24 საათში 30 ახალი შემთხვევა ნიშანია, რომ შიდა გავრცელება უკვე სერიოზულია – გამყრელიძე

14 აპრილი, 2020 •
ბოლო 24 საათში 30 ახალი შემთხვევა ნიშანია, რომ შიდა გავრცელება უკვე სერიოზულია – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ბოლო 24-საათში დაფიქსირებული 30 ახალი შემთხვევა ნიშანია, რომ შიდა გავრცელება სერიოზულია.

ამის შესახებ მან დღეს საღამოს გამართული ვიდეოჩართვისას ისაუბრა. გამყრელიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას სოციალური დისტანცირების წესების დაცვისკენ. მისი თქმით, სანამ წამალი და ვაქცინა შეიქმნება COVID-19-ის წინააღმდეგ, სოციალური დისტანცირება არის ერთადერთი ეფექტური იარაღი. ის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ, მათ შორის, დღესასწაულებში მონაწილეობისაგანაც.

“30 ახალი შემთხვევა უკვე ნიშანია იმისა, რომ შიდა გავრცელება სერიოზულია… ინფექცია ტრიალებს მოსახლეობაში, შეიძლება, ხანდახან უსიმპტომადაც, თუმცა ასეთო ფორმები ბევრად ნაკლებია. ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, პირველსავე სიმპტომებზე მივმართოთ ექიმს”, – თქვა გამყრელიძემ.

მან თქვა, რომ ვირუსი არ ინდობს არცერთ სოციალურ ჯგუფს და ხაზი გაუსვა, რომ უკვე არის სასულიერო პირის ინფიცირების შემთხვევა, ასევე დაავადებულთა შორის არიან სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები, ინგლისში დაინფიცირდა პრემიერი და ა.შ.

გამყრელიძის თქმით, სხვა ქვეყნებთან შედარებით არსებული მცირე სტატისტიკის მიუხედავად, “დამშვიდების უფლება არ გვაქვს”.

“ქალაქში ისევ ბევრი მანქანა დადის, ისევ დიდი მოძრაობაა, ისევ იკრიბება ხალხი, ცეცხლს ვეთამაშებით. მომავალი 2-3 კვირა მძიმე იქნება, 300-ის [ინფიცირებულთა რაოდენობა] შემდეგ მოსალოდნელია სწრაფი ზრდა”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ერთ-ერთი მოდელირების მიხედვით, “თუ ჩვენ მოვადუნეთ სოციალური დისტაცნირების ზომები და არ დავიცავით წესები, აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში რამდენიმე ათასეული შემთხვევა გვექნება, აქედან 20-30 პროცნეტს დასჭირდება ინტენსიური თერაპია, რაც დიდი ზეწოლა იქნება ჯადნაცვის სისტემისთვის და გვექნება დანაკარგები”.

მასალების გადაბეჭდვის წესი