მღვდელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ამბობს, რომ ხარების დღესასწაულზე სხვებთან ერთად ეზიარა. ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში ის ყვება, რომ ამ დღეს მან წირვაც აღავლინა.
„მხოლოდ სიცხეები მქონდა, მეტი არაფერი. მე, ზოგადად, ბრონქების პრობლემა მაქვს, სისუსტეები მაქვს, მარხვაში, მით უმეტეს, ამიტომ მიკეთებდა ოჯახის წევრი გადასხმებს, ხარებას ვიყავი ბოლოს, წირვა აღვავლინე დისტანციის დაცვით“, – ამბობს ის.
ჟურნალისტის კითხვაზე, მრევლთან ერთად, ისიც თუ ეზიარა, სასულიერო პირი პასუხობს – “რა თქმა უნდა, ყველა, ვინც იქ იყო, ეზიარა… მე გარეთ არ გავსულვარ“.
რაც შეეხება ინფიცირების წყაროს, ტელეკომპანიასთან საუბარში ის ყვება, რომ მისი ოჯახის წევრი ერთ-ერთ საავადმყოფოში მუშაობს და მას გადასხმებს უკეთებს. რამდენიმე დღის წინ ის პროცედურისთვის კლინიკაში მივიდა, სადაც ხალმხრავლობა იყო. მღვდელი ვარაუდობს, რომ ვირუსით სწორედ იქ დაინფიცირდა.
ჟურნალისტთან საუბრისას სასულიერო პირი ამბობს, რომ მისი დაინფიცირების შემთხვევამ ეკლესიაში ლიტურგიას ხელი არ უნდა შეუშალოს.
იმ ფაქტს, რომ ინფიცირებულმა მღვდელმა მსახურება აღავლინა, საპატრიარქოშიც ადასტურებენ, საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის თქმით, მან ხარების დღესასწაულზე და შემდგომ დღესაც მრევლთან იმსახურა.
დღეს, 14 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ მღვდელს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. პაციენტი გუშინ, 13 აპრილს ბოჭორიშვილის კლინიკაში ოჯახის წევრებთან ერთად მოათავსეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა, მაკა სოლოღაშვილმა განუცხადა.
“დადასტურებულია კოვიდ-19-ის დიაგნოზი, გამოვლენილია მშრალი ხველა და ტემპერატურის მაღალი მაჩვენებელი. სასულიერო პირი გუშინ შემოიყვანეს კლინიკაში. ოჯახის სულ სამი წევრია მოთავსებული, მაგრამ რომელს რომლისგან გადაედო, ამ ეტაპზე ამაზე საუბარი არ არის საფუძვლიანი”, – განმარტა სოლოღაშვილმა.
ვრცლად:
