ახალი ამბები

სინოდის წევრებთან არ მქონია კონტაქტი – დაცვის ინფიცირებული თანამშრომელი

14 აპრილი, 2020 • 1012
სინოდის წევრებთან არ მქონია კონტაქტი – დაცვის ინფიცირებული თანამშრომელი

საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელი, რომელსაც Covid-19 დაუდასტურდა, ამბობს, რომ სინოდის წევრებთან და სასულიერო პირებთან ბოლო ორი კვირის განმავლობაში კონტაქტი არ ჰქონია.

მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს Covid-19-ით ინფიცირება დაუდასტურდა. „ნეტგაზეთს“ ეს ინფორმაცია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს. ჯერჯერობით საპატრიარქოს არ უსაუბრია დამატებითი დეტალების შესახებ.

როგორც დაცვის თანამშრომელი ტვ პირველთან სატელეფონო საუბარში ამბობს, ბოლოს სამსახურში ორი დღის წინ, 12 აპრილს, იყო გამოცხადებული. ჟურნალისტის კითხვაზე კი თქვა, რომ ორი კვირის განმავლობაში კონტაქტების დიდი წრე ჰქონდა.

კითხვაზე, არიან თუ არა კონტაქტებს შორის სასულიერო პირები და სინოდის წევრები, პაციენტმა თქვა:

„არა, არა. ისედაც, გრაფიკი ისეთი გვაქვს, რომ არ მიწევს ხშირად სამსახურში [მისვლა]. ორი კვირის განმავლობაში ორჯერ ვიყავი და მაშინაც არ მომიწია მათთან კონტაქტი“.

მისი თქმით, ჯერჯერობით არ იცის ინფიცირების წყარო, თუმცა საპატრიარქოს გამორიცხავს:

„[წყარო] არ ვიცი ნამდვილად, გარკვეული არ მაქვს… საპატრიარქოში უფრო არა, იმიტომ, რომ იქ დაცულები ვართ, სიცხეს ვუზომავთ, თუ ვინმე შედის. იქაც კარანტინია, არ შედის ზოგადად ხალხი… არა გვაქვს ბევრ ხალხთან ურთიერთობა და საპატრიარქოს უფრო გამოვრიცხავ. ალბათ, რაიონიდან უფრო, მაღაზია, აფთიაქი და სადაც ვმოძრაობ სხვაგან“.


Covid-19-ით ინფიცირება ამ დროისთვის ასევე დაუდასტურდა, სულ მცირე, ერთ სასულიერო პირს, რომელიც თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობას.

როგორც 14 აპრილს ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა, სასულიერი პირი მათ კლინიკაში გუშინ, 13 აპრილს მოათავსეს ოჯახის წევრებთან ერთად.

„ნეტგაზეთს“ საპატრიარქოს პრესსამსახურიდან აცნობეს, რომ აღნიშნულმა მღვდელმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად იმსახურა რამდენიმე დღის წინ. თუმცა გვითხრეს, რომ ამ დროისთვის სხვა დეტალებს ვერ აზუსტებენ.

ბოჭორიშვილის კლინიკის თანახმად, მღვდელს მშრალი ხველა და მაღალი სიცხე აქვს. „სასულიერო პირი გუშინ შემოიყვანეს კლინიკაში. ოჯახის სულ სამი წევრია მოთავსებული, მაგრამ რომელს რომლისგან გადაედო, ამ ეტაპზე ამაზე საუბარი არ არის საფუძვლიანი“, – განაცხადა კლინიკის წარმომადგენელმა, მაკა სოლოღაშვილმა.

14 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირება 296 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 68 გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა, დანარჩენები კი მკურნალობას აგრძელებენ.

კარანტინის რეჟიმში 4838 ადამიანია, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი- 434.

Covid-19 საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს დაუდასტურდა

მასალების გადაბეჭდვის წესი