ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ენგურს გაღმა, ანუ მელე – დავით ჯიშკარიანი

13 აპრილი, 2020 • 4793
ენგურს გაღმა, ანუ მელე – დავით ჯიშკარიანი

რომანი „მთვარის მოტაცება“ იწყება ეპიზოდით, სადაც ორი მხედარი, მამა-შვილი, კაც და არზაყან ზვამბაიები, ავჟანდებზე ცერებით შემდგრები, ერთმანეთს ეჯიბრებიან და უკუნ ღამეში მიაჭენებენ საკუთარ ცხენებს. ეს ყველაფერი ისეთი აზარტით, რომანტიკით, თავგადასავლითაა აღწერილი, რიგითი მკითხველი მამისა და შვილის დაპირისპირების საბოლოო აკორდს მოუთმენლად ელოდები. ისინი გაირბენენ სოფლებს, სერებს და მიადგებიან მდინარე ენგურს. ეს არაა თავგადასავლის დასასრული – მდინარის გადალახვა ცალკე გამბედაობას, ცოდნას და მდინარეზე ცხენით გადასვლის ჩვევებს მოითხოვს. ზვამბაიები სამურზაყანოდან ზუგდიდში მიდიოდნენ. ამისათვის კი მაშინაც ენგურის გადალახვა იყო საჭირო.

ანაკლიასთან, იქ სადაც მდინარე ენგური უერთდება შავ ზღვას, აფხაზეთში მოპარული ცხენები მოჰყვათ ყულაშელებთან გადასაცვლელად ორ აბრაგს, ძგვიბი ღურწკაიას და ომარ მარღანიას. კონსტანტინე გამსახურდიას მსგავსად, ანტონ ფურცელაძესაც „მაცი ხვიტიაში“ მდინარე ენგური და მისი შემოგარენი გაუხდია საკუთარი რომანის გმირების მოქმედების ერთ-ერთ მთავარ ადგილად. ზუსტად ამ მდინარის ჭალებში მყოფ დადიანების საქონელს გარეკავს მაცი ხვიტია და ზუსტად აქ მოხდება შეტაკება მასსა და დადიანების ერთგულებით გამორჩეულ ბახვა დგებუაძეს შორის.

ლიტერატურაში აღწერილმა ენგურმა და მისმა ჭალებმა რომანტიზმი დღევანდელ დღეს, სამწუხაროდ, დაკარგა. თუმცა თავგადასავალი და ერთი სივრციდან მეორეში  სიმბოლო კი ნამდვილად შეინარჩუნა.

გვიან საბჭოთა პერიოდში ენგურზე აშენებულმა მძლავრმა ჰიდროელექტროსადგურმა მდინარე ენგურს ეკონომიკურადაც სტრატეგიული მნიშვნელობა შესძინა. ის დღეს იმ იშვიათი ობიექტების სიაში შედის, რომლის გამართულად მუშაობისთვის აფხაზებიც და ქართველებიც აქტიურად თანამშრომლობენ.

ასევე, საბჭოთა დროს, ძირითადად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ენგურზე რამდენიმე ხიდი აშენდა. ერთ დროს აფხაზეთისა და სამეგრელოს სამთავროებს შორის მკაცრად გამიჯნულმა საზღვარმა მნიშვნელობა დაკარგა. ის ჩვეულებრივი მდინარე გახდა, რომლის გადალახვაც ასევე ჩვეულებრივი, ყოველდღიური აქტი იყო. ამისათვის აღარც ზვამბაიების, მაცი ხვიტიას, ომარ მარღანიას, ძგვიბი ღურწკაიას, სხვა ლიტერატურულ პერსონაჟთა თავგადასავალი და აღარც ბორანი იყო საჭირო.

ენგურჰესის პლატინის მშენეფლობა.1975 წელი. ი. ჭოხონელიძეს ფოტო. ფოტო დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში

 

ჯვრის წყალსაცავის წყლით ავსების დაწყება. 1977 წელი. ფოტოს ავტორი. გ. კიკვაძე, ფ. კრიმსკი გ. გერსამია, ფოტო დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში

მდინარე ენგური 2615 მეტრ სიმაღლეზე იღებს სათავეს და მისი სიგრძე 213 კმ-ია. მდინარისთვის ორი ნაპირის ქონაც ჩეულებრივი მოვლენაა. სვანეთში, სოფელ ლატალთან, სადაც ენგური თავზეხელაღებული სისწრაფით და სიძლიერით ეშვება, სოფლიდან გაღმა, ენგურის მარცხენა ნაპირზე თუ გადახვალ, მოხვდებით ულამაზეს ადილას, რომელსაც ადგილობრივები მჰეერს ეძახიან. ამ ადგილიდან მოსჩანს მწვერვალი უშბა. ამ ბუნებრივი სილამაზის გარდა, გაღმა ნაპირს ლატალელებისთვის პოლიტიკური ან რაიმე ტიპის შეზღუდვის მნიშვნელობა არ გააჩნია. სრულებით სხვა დატვირთვა შეიძინა ენგურის გაღმა ნაპირმა აფხაზეთის მოსაზღვრედ.

1993 წლის შემოდგომაზე, საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, მდინარე ენგური ხალხის დიდი მიგრაციის მომსწრე გახდა. ადამიანები მისი მარჯვენა ნაპირიდან მარცხენა ნაპირზე გადმოდიოდნენ და მოჰქონდათ ის, რაც გააჩნდათ, რაც მათი აზრით ყველაზე ფასეული და მნიშვნელოვანი იყო. ბრიტანელი ფოტოგრაფის, მაიკ გოლდვოტერის ფოტოებში კარგად ჩანს ადამიანთა ტრაგედია, რომელიც მდინარე ენგურის ხიდზე ხდება. ადამიანთა სახეები სრულად მეტყველებენ ამ ტრაგედიაზე და იმაზე, თუ როგორ იქცა ენგური გამყოფ ზოლად.

ენგურის ხიდი, 1993 წელი; ფოტო: Mike Goldwater

აფხაზეთიდან დევნილი ეთნიკური ქართველებისთვის ენგური ერთგვარი სამშვიდობო ზოლი გახდა, რომლის გადმოლახვის შემთხვევაში მათ ვიღაც ან რაღაც დაიცავდა. ეს „ვიღაც“ ან „რაღაც“ 1993 წელს ნამდვილად ვერ იქნებოდა ჯარი, პოლიცია ან საქართველოს სახელმწიფო. მიუხედავად ამისა, ადამიანები მოდიოდნენ, კვეთდნენ ენგურს და გამოდიოდნენ „სამშვიდობოს“.

აფხაზეთიდან დევნილი ადამიანებისთვის ენგურმა გაცილებით მეტი დატვირთვა შეიძინა, ვიდრე მხოლოდ მდინარემ. ბევრისთვის რუბიკონი გახდა, რომლის ცხოვრებაც ორ ნაწილად, ენგურის გადმოკვეთამდე და გადმოკვეთის შემდეგ იყოფა. მიჯნა გახდა ბედნიერ წარსულსა და რთულ, დაუგეგმავ და სუსხიან მომავალს შორის.

ეს ოთხასობგერიანი სიტყვა – მელე – გაცილებით შორ დისტანციას, ღრმა პრობლემების, განსხვავებულ კულტურულ, სოციალურ და პოლიტიკურ მდგომარეობას აღწერს.

ათასობით დევნილმა მეგრულ ენაში გაღმა ნაპირის აღმნიშვნელ სიტყვა „მელეს“ სრულიად სხვა, განსაკუთრებული და მდინარე ენგურის აღმნიშვნელი მნიშვნელობა შესძინა. საქართველოს ნებისმიერ ადგილას ან მის საზღვრებს გარეთ, როდესაც დევნილები ხმარობენ სიტყვას „მელე“, ეს არც რიონის, არც არაგვის, არც ცხენიწყლის, არც დნეპრის და არცერთი მდინარის გაღმა ნაპირს არ აღნიშნავს. ის მხოლოდ ენგურს ეხება და მისი გაღმა ნაპირიდან მოსული ამბები მათთვის ძალიან ახლობელი და შორეულია.

ხანდახან „მელე“ უფრო გაღმა გადის, ენგურსაც სცდება და ადამიანთა ცხოვრებას ჰყოფს „მელე მოლე“ – გაღმა და გადმოღმა ნაპირებად.

მასალების გადაბეჭდვის წესი