ახალი ამბები

5 ბიზნესგაერთიანება მთავრობას კრიზისიდან გამოსვლის გეგმას სთავაზობს

13 აპრილი, 2020 • 1653
5 ბიზნესგაერთიანება მთავრობას კრიზისიდან გამოსვლის გეგმას სთავაზობს

საქართველოში მოქმედი 5 ბიზნესგაერთიანება მიმართავს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაუქმდეს ტვირთების განბაჟების დროს ე.წ. ყვითელი დერეფანი, დღგ-ს გადახდის ვალდებულება დადგეს საქონლის რეალიზაციის შემდეგ, 6 თვის ვადით შეჩერდეს საშემოსავლო გადასახადის გადახდა, ასევე, 6 თვის ვადით შეჩერდეს საპენსიო შენატანების გადახდა და ქონების გადასახადის ივნისში გადახდის ვალდებულება გადავადდეს 6 თვით. ამის შესახებ ბიზნესგაერთიანებებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

“მივესალმებით მთავრობის მიერ ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის გეგმის დაანონსებას. თუმცა, გამომდინარე იმ მოცემულობიდან, რომ გლობალურად მთელი მსოფლიო და მათ შორის, ჩვენი ქვეყანა იმყოფება ურთულეს ვითარებაში და შეუძლებელია ეკონომიკური პროცესის პროგნოზირება და კრიზისის დასრულების ვადების განსაზღვრა, საქართველოს მთავრობის მხრიდან უნდა გადაიდგას თამამი, კონკრეტული და ეფექტური ნაბიჯები იმისათვის, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ქვეყნის ეკონიმიკა არ აღმოჩნდეს კატასტროფის წინაშე”, – ნათქვამია განცხადებაში.

ბიზნესგაერთიანებების განმარტებით, “ყვითელი დერეფანი” არის შემაჩერებელი და არაპროგნოზირებადი მექანიზმი, რომელიც ხელს უშლის ბიზნესისთვის ფულადი საბრუნავი საშუალებების შენარჩუნებას. ასევე დღგ-ს გადახდის ვალდებულების საქონლის რეალიზაციის შემდეგ დაკისრება იძლევა საშუალებას, რომ მეტი საბრუნავი თანხა დარჩეს ბიზნესს. ბიზნესგაერთიანებები ითხოვენ ე.წ. ოქროს სიის პრინციპის აღდგენას, თუმცა აქამდე არსებულისგან იმ განსხვავებით, რომ ეს წესი უნდა გავრცელდეს უკლებლივ ყველა კომპანიაზე.

“ყველა ეს ღონისძიება, ცხადია, ატარებს დროებით ხასიათს. აღნიშნულიდან პირველი ორი საკითხი მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ბიზნეს-ოპერატორებმა ჯერ კიდევ სტაბილური ეკონომიკის პირობებში შეკვეთილი ნედლეული თუ სხვა პროდუქცია მიიღეს ახლა, კრიზისის და გართულებული ეკონომიკური ოპერირების დროს.

შესაბამისად, უაღრესად პრობლემურია, და ზოგ შემთხვევაში შეუძლებელიც კი, ზემოაღნიშნული საბაჟო დერეფნებისა და დღგ-ს მყისიერად გადახდის მოთხოვნის პირობებში ფულადი სახსრების მობილიზება. ეს კი იწვევს კანონით განსაზღვრულ სანქციებს, ინკასოებს, დაჯარიმებებს და, რაც მთავარია, საქონლის საბაჟო სივრცეში დაყოვნებას. შესაბამისად, კომპანიების უმეტესობა აღმოჩნდება უმძიმეს მდგომარეობაში, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის საჭირო პროდუქტებით მომარაგებაზე და შემდგომ, მთლიანად ეკონიმოკაზე. მე-3, მე-4 და მე-5 საკითხები კი პირდაპირ კავშირშია მოქმედი ბიზნეს-სუბიექტების მიერ სამუშაო ადგილების შენარჩუნებასთან, რაც კრიზისულ ვითარებაში ასევე სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს. აქ, ბუნებრივია, თავად კომპანიებმაც უნდა აიღონ თავისი წილი პასუხისმგებლობა”, – წერია განცხადებაში.

5 ბიზნესგაერთიანება – საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაცია, საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი, საქართველოს დამსაქმებელთა ასოცისაცია და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭო – მოუწოდებს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გადადგას ქმედითი ნაბიჯები, მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები ზემოთ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, რათა ერთიანი ძალისხმევით დაიძლიოს ქვეყანაში ამჟამად არსებული კრიზისი და უზრუნველყოფილ იქნას პოსტკრიზისულ პერიოდში საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი სტაბილური განვითარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი