ახალი ამბები

უსუფაშვილი: დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტიც და პრემიერიც მნიშვნელოვან საქმეს შეასრულებენ

26 სექტემბერი, 2015 • 1283
უსუფაშვილი: დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტიც და პრემიერიც მნიშვნელოვან საქმეს შეასრულებენ

დავით უსუფაშვილის თქმით, გაეროს 70 წლისთავი აღინიშნება და ეს არის შესანიშნავი საშუალება, საქართველო შეეხმიანოს როგორც მსოფლიო გლობალურ პრობლემებს, ასევე, ქვეყნის შიგნით კონკრეტულ საკითხებს თითოეულ ქვეყანასთან. მისი თქმით, ძალიან ბევრი საქმეა პრეზიდენტისთვისაც და პრემიერისთვისაც.

 

“იმასაც დავამატებ, რომ ერთი კვირის წინ საპარლამენტო დელეგაცია დაბრუნდა სწორედ ნიუ-იორკიდან, მე გახლდით ამ დელეგაციის ხელმძღვანელი გაეროს გენერალური ასამბლეის შენობაში. გაეროს 70 წლისთავი აღინიშნება, ეს არის შესანიშნავი საშუალება იმისთვის, რომ შევეხმიანოთ, როგორც მსოფლიო გლობალურ პრობლემებს, ასევე, ჩვენს კონკრეტულ საკითხებს თითოეულ ქვეყანასთან. საქმე ბევრია – კარგია, თუ ყველანი ვიქნებით ამაში ჩართული. სჯობს, იყოს უკეთესი კოორდინირება და ნაკლები საბაბი მითქმა-მოთქმისთვის. დარწმუნებული ვარ, ორივე დელეგაცია ძალიან მნიშვნელოვან საქმეს შეასრულებს. პარლამენტი ამ პროცესში ჩართულია უმრავლესობაც და უმცირესობის წარმომადგენლებიც, რადგან საუბარი იქ შეეხება საერთო საქვეყნო საკითხებს,” – განაცხადა უსუფაშვილმა.

 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ვინაიდან დაემთხვა საქართველოს პრემირ–მინისტრისა და პრეზიდენტის ვიზიტები ნიუ–იორკში, ამან გააჩინა გარკვეული მითქმა-ოთქმა და გარკვეული გაუგებრობები:

 

“თუმცა ღონისძიებები მართლაც ბევრი ტარდება და ამიტომ ორი პარალელური ვიზიტი შესაძლებელია. როგორც ითქვა, პრეზიდენტი სამუშაო, არაოფიციალური ვიზიტით იმყოფება და ოფიციალური შეხვედრები ნაკლებად ექნება. კიდევ ვიმეორებ, ვისურვებდი, რომ ამის თაობაზე ნაკლები საბაბი იყოს მითქმა-მოთქმის იმიტომ, რომ ეს ქვეყნის საშინაო და არც საგარეო საქმეებს ხელს არ უწყობს. ამიტომ, თუ ასეთი ვიზიტები დაგეგმილია, ჯობია ეს იყოს წინასწარ გამოცხადებული და ყველასთვის ცნობილი. უფრო ორგანიზების ხარვეზებთან გვაქვს საქმე, ჯობია აღმოიფხვრას ეს.”

 

საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უკვე ნიუ–იორკში იმყოფება. მთავრობის მეთაური გაეროს 2015 წლის მდგრადი განვითარების სამიტზე სიტყვით დღეს უკვე გამოვიდა. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აშშ–ს სამუშაო ვიზიტით 27 სექტემბერს ეწვევა.

დავით უსუფაშვილი. ფოტო – დავით უსუფაშვილის ოფიციალური Facebook გვერდიდან
დავით უსუფაშვილი. ფოტო – დავით უსუფაშვილის ოფიციალური Facebook გვერდიდან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი