ახალი ამბები

ჩინეთი კორონავირუსის წარმოშობაზე კვლევებს ზღუდავს – CNN

13 აპრილი, 2020 • 1578
ჩინეთი კორონავირუსის წარმოშობაზე კვლევებს ზღუდავს – CNN

ჩინეთმა ახალი კორონავირუსის წარმომავლობის შესახებ სამეცნიერო კვლევების გამოქვეყნებაზე შეზღუდვები დააწესა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, ჩინეთის ცენტრალური მთავრობის მიერ მიღებული დირექტივის გამო, ორმა ადგილობრივმა უნივერსიტეტმა მათი მიგნებები ვებგვერდიდან უკვე აიღო.

ჩინეთში ახალი პოლიტიკის პირობებში, ყველა აკადემიური ნაშრომი, რომელიც COVID 19-ს ეხება, დამატებითი შემოწმებას გაივლის გამოქვეყნებამდე. რაც შეეხება ვირუსის წარმომავლობის შესახებ პუბლიკაციებს, ის დამატებით გამოკვლევას დაექვემდებარება და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები დაამტკიცებენ.

CNN-თან საუბარში ექსპერტები აცხადებენ, რომ ჩინეთის მთავრობას აღნიშნული შეზღუდვები ჯერ კიდევ თებერვალში არ ჰქონდა დაწესებული და მეცნიერები საკუთარ ნაშრომებს დამოუკიდებლად აქვეყნებდნენ. ცვლილებას კი აფასებენ ჩინეთის მთავრობის მიერ ქვეყანაში დაავადების წარმოშობის შესახებ ნარატივის კონტროლის მცდელობად, მათ შორის, დაავადების გაჩენის თარიღს.

ოფიციალური ცნობებით, თავდაპირველად დაავადების გავრცელება ჩინეთის ქალაქ ვუჰანში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო, თუმცა იანვრიდან მოყოლებული რამდენიმე ჩინელმა მკვლევარმა საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალებში COVID 19-ზე ნაშრომების სერია გამოაქვეყნა, სადაც საუბარი იყო ახალი კორონავირუსის გავრცელების უფრო ადრეულ შემთხვევებზე. მათ შორის, როდის დაიწყო ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა, რამაც ჩინურ სოციალურ მედიაში გაზარდა კითხვები მთავრობის მიმართ.

სწორედ ამას უკავშირებენ ექსპერტები ჩინეთის მთავრობის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას. მეცნიერები CNN-თან საუბრისას შიშობენ, რომ ეს წინაღობა იქნება მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევებისთვის:

“ვფიქრობ, ჩინეთის მთავრობა ცდილობს გააკონტროლოს ნარატივი და ისე წარმოაჩინოს, თითქოს პანდემია ჩინეთში არ დაწყებულა”, – ამბობს ჩინელი მეცნიერი, რომელმაც ვინაობის გასაჯაროება რა ისურვა.

დაავადების წარმომავლობაზე კვლევების გამოქვეყნებამდე ის თავდაპირველად უნდა შეისწავლონ უნივერსიტეტების აკადემიურმა კომიტეტებმა, შემდეგ კი განათლების სამინისტროს გაუგზავნონ, რომელიც გადასამოწმებლად სახელმწიფო საბჭოს გაეგზავნება. უნივერსიტეტებს კვლევის გასაჯაროება შეეძლებათ მხოლოდ ამ პროცედურების შემდეგ მიღებული თანხმობის შემთხვევაში.

რაც შეეხება სხვა კვლევებს, უნივერსიტეტის აკადემიურმა კომიტეტებმა მათ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით უნდა მიიღონ, როგორიცაა ნაშრომის “აკადემიური ღირებულება” და მისი გავრცელებისთვის “დროის შესაბამისობა”.

ახალი კორონავირუსი, თავდაპირველად ოფიციალური ვერსიით, ჩინეთის ქალაქ ვუჰანში დეკემბერში გავრცელდა და ამავე ქალაქში მდებარე ზღვის პროდუქტების ბაზრობას უკავშირდებოდა. მეცნიერები ჩინეთსა და დასავლეთში ამბობდნენ, რომ ვირუსი ღამურებიდან წარმოიშვა და, როგორც SARS-ის ეპიდემიის დროს, შემდეგ ადამიანზე გადავიდა.

მიუხედავად ამისა, ჩინური სოციალური მედიის ნაწილი და ქვეყნის მთავრობაც ცდილობენ ამ ვერსიის შესახებ კითხვები გაჩნდეს. ჩინეთის ხელისუფლება და სამთავრობო მედია აცხადებენ, რომ არ არსებობს დასკვნა ვირუსის ზუსტ წარმოშობაზე. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა წინა თვეში ხელი შეუწყო კონსპირაციული მოსაზრების გავრცელებას, რომ დაავადება აშშ-ში გამოჩნდა და ჩინეთში ამერიკელმა სამხედროებმა შეიტანეს.

“არ არის გასაკვირი, რომ მთავრობა ცდილობს გააკონტროლოს სამეცნიერო ნაშრომები. ამ გზით კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს მათ ნარატივს ვირუსის წარმომავლობის შესახებ და მთავრობის პასუხს კრიზისზე”, – ამბობს ჯანდაცვის შესახებ გლობალური ფორუმის წევრი პროფესორი ჰუანგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი